Accessibility links

ახალი ამბები

თამარ ხულორდავა: პარტიის თავმჯდომარის მხრიდან იყო მკვეთრი მოწოდება

თამარ ხულორდავა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უმრავლესობის წევრებს კიდევ ერთხელ მკვეთრად მოუწოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მხარდაჭერისკენ.

„საკითხი არის ძალიან რთული, იწვევს ვნებათაღელვას ჩვენი პარტიის წევრების მხრიდან. მათ გამოხატული აქვთ პოზიცია მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ძალიან მკვეთრად, არაერთხელ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან გაკეთდა კიდევ ერთხელ მოწოდება ყველა ჩვენგანის მიმართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას“, - განაცხადა თამარ ხულორდავამ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის და მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ.

თამარ ხულორდავას თქმით, არის მოლოდინი, რომ უმრავლესობის ზოგიერთი წევრი, კატეგორიული პოზიციის გამო, მხარს არ დაუჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, მაგრამ მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა იმისთვის, რომ რეფორმა ბოლომდე მივიდეს და საკონსტიტუციო ცვლილება მიიღონ.

„113 ხმა ისედაც არ აქვს საპარლამენტო უმრავლესობას. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი, იმიტომ, რომ მათი მხარდაჭერით და ჩვენი გუნდის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ნამდვილად არის მაღალი ალბათობა იმისა, რომ ჩვენ ეს საკონსტიტუციო ცვლილება დღეს მივიღოთ“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ხულორდავამ.

საქართველოს პარლამენტნა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უნდა უყაროს კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ქვეყანა პროპორციულ-მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე 2024 წლიდან უნდა გადავიდეს. თუმცა, „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

ყველა ახალი ამბავი

პუტინის უმცროსი ქალიშვილი სათავეში ჩაუდგა მოსკოვის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტს

კატერინა ტიხონოვა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის უმცროსი ქალიშვილი, კატერინა ტიხონოვა, სათავეში ჩაუდგა ლომონოსოვის უნივერსიტეტში ხელოვნური ინტელექტის პრობლემების შემსწავლელ ინსტიტუტს. „ვედომოსტის“ თანახმად, რომელიც უნივერსიტეტის რექტორის მიერ გაკეთებულ პრეზენტაციის ასლს იმოწმებს, სამეცნიერო საბჭოს სხდომა გამართულა 20 იანვარს, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

პრეზენტაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტს უხელმძღვანელებს „კ.ვ.ტიხონოვა“. გაზეთ „ვედომოსტის“ თანამოსაუბრეებმა დაუდასტურეს, რომ საუბარია ფონდ „ინოპრაქტიკის“ ფონდის დირექტორი, კატერინა ტიხონოვა.

ბევრი მედია 2014 წლიდან ტიხონოვას უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ქალიშვილი. ეს ცნობა პუტინს და ტიხონოვას არც დაუდასტურებიათ და არც უარუყვიათ.

რუსეთის პრეზიდენტი თავის გამოსვლებში ხშირად ამახვილებს ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის პრობლემაზე. მას კერძოდ, ნათქვამი აქვს, რომ „მსოფლიოში იბატონებს“ ის, ვინც უზრუნველყოფს მონოპოლიის მიღწევას ხელოვნური ინტელექტის სფეროში.

მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიის ზრდასთან ერთად იზრდება კრიზისი საფინანსო ბაზრებზე.

ხუთშაბათს უოლ სტრიტმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა. Dow Jones-ი 1200 პუნქტით, ანუ 4,4%-ით დაეცა, რაც ამ საფინანსო ინდექსის არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი ვარდნაა ერთი დღის განმავლობაში. S&P 500 დაეცა 4,4%-ით, Nasdaq-ი კი - 4.6%-ით.

მანამდე სერიოზული ვარდნა შეინიშნებოდა ევროპისა და აზიის საფინანსო ბაზრებზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საფინანსო ინდექსები 10%-ზე მეტით დაეცა მათ უკანასკნელ უმაღლეს მაჩვენებელთან შედარებით.

მსოფლიო მასშტაბით საფინანსო ბაზრებმა კრიზისის განმავლობაში ექვს დღეში 3,6 ტრილიონი დოლარის დანაკარგი განიცადა.

სპეციალისტები გამოთქვამენ შიშს, რომ კორონავირუსის გავრცელებით მიყენებულმა ზარალმა შეიძლება 2008 წლის საფინანსო კრიზისის მასშტაბები მიიღოს.

ჩინეთში, საიდანაც დაიწყო კორონავირუსის გავრცელება, დაავადების გავრცელების ტემპმა იკლო. დღეისთვის ჩინეთში რეგისტრირებულია 78 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაიცვალა 2800 ადამიანი.

დღეისთვის კორონავირუსი ჩინეთის გარდა მსოფლიოს 55 ქვეყანაშია დაფიქსირებული, აღრიცხულია დაავადების 4200 შემთხვევა, გარდაიცვალა 70 ადამიანი.

საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების მეორე შემთხვევა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

"გუშინ გვიან ღამით ჩვენ არ გავაკეთეთ განცხადება, რამეთუ დღეს კიდევ ორ სხვა გენზე კორონავირუსული ინფექციის, ჩვენ რეაქცია გადავდგით და სწორედ ერთი საათის წინ დაგვიდასტურეს, რომ არის დადებითი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, დაავადების წყარო ამ შემთხვევაში იტალიაა.

„ეს არის ისტორია იტალიაში მოგზაურობის, არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ეს პირი 5 დღით იმყოფებოდა მოგზაურობაში ჩრდილოეთ იტალიაში, თავისი ასაკით არ შედის რისკჯგუფში, ვირუსის სიმპტომები კი საქართველოში ჩამოსვლიდან მეორე დღეს გამოუვლინდა. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელებული იტალიის რეისით იფრინა. აეროპორტში შესვლისას იგი უსიმპტომო იყო, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ მან თავად მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მიმდინარეობს იმ პირთა მოძიება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ჭოპორტში დედისა და დის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-მ ჭოპორტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული მამაკაცი დუშეთში დააკავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 28 თებერვალს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფისა და დანის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა დედას - 1957 წელს დაბადებულ ც.ქ.-ს და დას - 1977 წელს დაბადებულ თ.ქ.-ს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, ორივე ქალი გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღები - სანადირო თოფი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კოსოვომ ნაწილობრივ გააუქმა საბაჟო გადასახადი სერბულ იმპორტზე

რიჩარდ გრენელი

აშშ-ის სპეციალურმა წამომადგენელმა სერბეთსა და კოსოვოში, განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ უჭერს მხარს კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას სერბეთიდან იმპორტირებულ საქონელზე საბაჟო გადასახადის დროებითი და ნაწილობრივი გაუქმების შესახებ.

ელჩმა რიჩარდ გრანელმა, რომელიც ცოტა ხნის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აპარატში სადაზვერვო უწყებას ჩაუდგა სათავეში, კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას უწოდა ნახევარზომა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი საბაჟო მოსაკრებლის სრულად გაუქმებას უჭერს მხარს.

ვაშინგტონისგან განსხვავებით, კოსოვოს გადაწყვეტილებას მიესალმა და პრიშტინასა და ბელგრადს შორის დიალოგის განახლებისკენ მიმართული „პოზიტიური ეფექტის“ მქონე პირველი ნაბიჯი უწოდა ევროკავშირმა.

აშშ კოსოვოს სერბეთისგან დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი მხარდამჭერია. სერბეთი არ ცნობს თავისი ყოფილი პროვინციის დამოუკიდებლობას, რომელიც კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა. პასუხად სერბეთის მცდელობისა, რომელმაც ლობისტური საქმიანობით მიაღწია იმას, რომ რამდენიმე ქვეყანამ უკან წაიღო კოსოვოს დამოუკიდებლობა, 2018 წლის ნოემბერში პრიშტინამ 100%-იანი საბაჟო გადასახადი დააწესა სერბეთიდან იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებაზე.

TI - ალექსანდრე ჭიკაიძის საეჭვო გამდიდრება გამოძიებას საჭიროებს

ალექსანდრე ჭიკაიძე, ყოფილი მინისტრი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურის დატოვების შემდეგ, 2017 წლის ბოლოდან, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დიდი რაოდენობით უძრავი ქონება საეჭვო გარემოებებში დააგროვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაციის მიხედვით, ორ წელზე ნაკლები დროის განმავლობაში, 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე პერიოდში ალექსანდრე ჭიკაიძემ და მისმა მეუღლემ შეიძინეს 278,766 ლარის ღირებულების უძრავი ქონება - 224.72 კვ.მ საცხოვრებელი ფართი და 216. 778 კვ.მ მიწა. კერძოდ:

  • 2018 წლის 25 მაისს მან 59,266 ლარად შეიძინა 139.62 კვ.მ მშენებარე ბინა და ტერასა ბათუმში, ფიროსმანის ქ. N18-ში.
  • 2018 წლის 17 სექტემბერს 60,000 ლარად შეიძინა 142.865 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა წინანდალში.
  • იმავე დღეს 30,000 ლარად შეიძინა 72.113 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა ასევე წინანდალში.
  • 2019 წლის 7 მარტს 40,000 ლარად შეიძინა 1.800 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწა საგურამოში.
  • 2019 წლის 20 ნოემბერს ალექსანდრე ჭიკაიძის მეუღლემ, ნათია ოკრიბელაშვილმა ბაკურიანში 10,000 დოლარად 85.1 კვ.მ კოტეჯი შეიძინა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ჭიკაიძემ ეს ქონება შეიძინა ისე, რომ მის მიერ ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება არც დანაზოგი და არც თანხა საბანკო ანგარიშზე. იმავე დეკლარაციით, მას 2023 წლამდე სოლიდური მოცულობის იპოთეკური სესხი ჰქონდა აღებული.

„ალექსანდრე ჭიკაიძე აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში მხოლოდ 2019 წლის ზაფხულიდან ჩაერთო მას შემდეგ, რაც ძირითადი უძრავი ქონება უკვე შეძენილი ჰქონდა. საიდან?“, - კითხულობს TI. ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს, დაინტერესდნენ 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ნოემბრამდე ალექსანდრე ჭიკაიძისა და მისი მეუღლის მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხის წარმომავლობით და დაადგინონ, ხომ არ დაირღვა კანონი.

ორგანიზაცია მიუთითებს ქონებრივი დეკლარაციების არაკეთილსინდისიერად შევსების ფაქტზეც და აღნიშნავს, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, ყოფილ მინისტრს ქონებრივი მდომარეობის მხოლოდ 6 დეკლარაცია აქვს წარდგენილი, რომელთაგან 3 კანონის დარღვევით, არასრულადაა შევსებული.

ალექსანდრე ჭიკაიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ იგი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ. საბჭო 2017 წლის ნოემბერში გაუქმდა. 2018 წლის იანვრიდან ალექსანდრე ჭიკაიძეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია უკავია.

თეა წულუკიანი: რუსეთი უსაფუძვლო არგუმენტით აჭიანურებს 10 მილიონი ევროს გადახდას

საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაცია რუსეთიდან. 2006 წლის 17 ოქტომბერი..

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სრულიად უსაფუძვლო უწოდა რუსეთის არგუმენტს, რომლის გამოყენებითაც ის ცდილობს გააჭიანუროს დეპორტაციისას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთთან ეგრეთ წოდებული დეპორტირების საქმეზე დავიწყეთ დავა იქიდან, რომ რუსეთი ამბობდა, რომ საერთოდ, დეპორტაციას და კოლექტიურ გამოძევებას ჩვენი მოქალაქეების, ადგილი არ ჰქონია და არც უკანონო პატიმრობები ყოფილა სახეზეო,“ - უთხრა დღეს, 28 თებერვალს ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთთან დავა მოიგო მრავალწლიანი პროცედურული პერიპეტიების შემდეგ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

თეა წულუკიანის განმარტებით, რუსეთი აღსრულების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წინაშე და ცდილობს პროცედურულად ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს არ ჩაურიცხოს სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან დაკისრებული 10 მილიონი ევრო.

წულუკიანის თქმით, რუსეთს დარჩენილი აქვს ერთადერთი და სრულიად უსაფუძვლო არგუმენტი: „რუსეთი ამბობს, რომ 10 მილიონი ევრო საქართველოს კი არ უნდა ჩავურიცხო, არამედ საქართველომ უნდა მითხრას, ამ თანხას რომ ჩავურიცხავ, ვისზე განაწილდებაო. ჩვენ წარდგენილი გვაქვს სია, თუმცა, ის ამბობს, რომ ეჭვი ეპარება, რომ ზოგიერთი ადამიანი არ არის ნამდვილად მსხვერპლი, რომ ნამდვილად ეს თანხა გადასახდელია და ასე შემდეგ“.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველო ყოველ ჯერზე მინისტრთა კომიტეტში ითხოვს საჯარო დებატებს, ეს მოთხოვნა კმაყოფილდება და რამდენიმე დღის წინაც, მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს შეახსენა, რომ მისი ვალდებულება კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებით, უპირობოა: „ანუ, ის ვერავითარ პირობას, რომ გვარი არ მოსწონს, სახელი არ მოსწონს, სიის ოდენობა არ აკმაყოფილებს, ვერ დააყენებს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომ ეს თანხა რაც შეიძლება მოკლე ვადაში ჩარიცხოს. თანხა, რომელსაც უკვე დიდი ხანია ერიცხება პროცენტები პირგასამტეხლოს სახით“.

თეა წულუკიანის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტში ამბობს, რომ სია სჭირდება, საქართველოს პასუხია, რომ სია არსებობს. იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, კომიტეტი ყოველ ჯერზე იზიარებს საქართველოს არგუმენტს და გამოსცემს რეზოლუციას, სადაც რუსეთს ახსენებს, რომ არავითარი საბაბი არ იქნება გაზიარებული და თანხის გადახდა უპირობო ვალდებულებაა.

იუსტიციის მინისტრის შეფასებით, რუსეთი ყველა გზით ცდილობს, რომ წაგებულის პოზიციაში არ იყოს: „გასაკვირი ალბათ, არაფერია, როდესაც ამ ქვეყანას ოკუპრებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. თანხაზე საუბარი მას არ სურს მით უმეტეს, რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგისგან წელს უკვე ველოდებით გადაწყვეტილებას“.

რუსული გამოცემის „ვედომოსტის“ მიერ 27 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს აცნობა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რადგან საქართველოს დღემდე არ შეუქმნია კომპენსაციის განაწილების მექანიზმი. რუსეთი აცხადებს, რომ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის საფუძველზე კომპენსაციის გაცემა პრინციპში, გათვალისწინებული არ არის და თანხის მიღება შეუძლიათ მსხვერპლად აღიარებულ ცალკეულ პირებს. რუსული მხარე ასევე, აცხადებს, რომ სასამართლომ საქართველოს მთავრობას დაავალა შეადგინოს სულ მცირე 1500 მოქალაქის სია და დააზუსტოს, რა დარღვევა იყო მათ მიმართ და რამდენი კომპენსაცია უნდა მიიღონ. რუსეთი ირწმუნება, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია დაზარალებული მხარისთვის კომპენსაციის გადახდა.

2019 წლის 31 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს, ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის.

DRI რადიო თავისუფლების ცხინვალელი კორესპონდენტის დევნას ეხმაურება

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის „ეხო კავკაზას“ ცხინვალელი კორესპონდენტის ირინა ქელეხსაევას მიმართ ზეწოლის ფაქტებს ეხმაურება.

ორგანიზაციის თანახმად, გრძელდება ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა, რაც დაკავშირებულია „ეხოს კავკაზას“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსთან.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ მოსაზრებით, ქელეხსაევას წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება შესაძლოა, „ეხო კავკაზას“ უკავშირდებოდეს, რომელიც რეგიონში ობიექტური ინფორმაციის გავრცელების ძირითადი წყაროა.

„ირინა ქელეხსაევა გასულ წელს, ადგილობრივი რადიოდან დე ფაქტო ხელისუფლების კრიტიკის გამო გაათავისუფლეს. მაშინ საქმე ეხებოდა ანატოლი ბიბილოვის და ერთ-ერთი ბიზნესმენის დაპირისპირებას, რაზეც ქელეხსაევამ ღიად ისაუბრა. ამის შემდეგ მის მიმართ მუქარებმა იმატა. არსებობს ინფორმაციაც, რომ რამდენიმე ადამიანი შეესწრო, როგორ ემუქრებოდნენ ჟურნალისტს სიცოცხლის მოსპობით“, - ნათქვამია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ განცხადებაში.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, თვალყური მიადევნონ ირინა ქელეხსაევას საქმეს, ვინაიდან იგი თავისი რეალური მოტივით, შესაძლოა ახალგორელი აქტივისტის და ადამიანის უფლებათა დამცველის თამარ მეარაყიშვილის საქმის მსგავსი იყოს, რომელიც სწორედ კრიტიკული მოსაზრებების გავრცელების გამო იდევნება.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრმა ზალინა ლალიევამ იანვარში სასამართლოში შეიტანა სარჩელი „ეხო კავკაზას“ ჟურნალისტის, ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ცხინვალში პატიმრების ცემისა და შიმშილობის ფაქტს აშუქებდა. ქელეხსაევა წერდა პარლამენტარების მცდელობაზეც, უნდობლობა გამოეცხადებინათ პასუხისმგებელი პირებისთვის, მათ შორის, ლალიევასთვისაც. განცხადებაში ლალიევა აღნიშნავს, რომ სტატიით - "სპიკერი საპარლამენტო გამოძიების ქვეშ", ქელეხსაევამ მისი, როგორც „თანამდებობის პირის პატივი და ღირსება შელახა“.

პანთეონის დირექტორი მაყვალა მრევლიშვილის საფლავის დაზიანებაზე კომენტარს აკეთებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა მწერალ მაყვალა მრევლიშვილის საფლავის ფოტო, რომელზედაც ჩანს, რომ საფლავის ქვა დამტვრეულია. დიდუბის პანთეონის დირექტორი ბადრი ქუთათელაძე აცხადებს, რომ დაზიანება ვანდალიზმის შედეგი არ არის. მისი თქმით, საფლავის ქვა დროთა განმავლობაში დაიმტვრა.

„კარგა ხანია ასეთ დღეშია. იგივე მდგომარეობაშია ბევრი სხვა საფლავიც, მაგალითად, გაბრიელ ჯაბუშანურის, მოსე თოიძის და სხვების. თბილისის მერია დაგვპირდა, რომ წელს შეაკეთებს როგორც საფლავებს, ასევე კარიბჭეს და გზებსაც“, - ამბობს ბადრი ქუთათელაძე.

მაყვალა მრევლიშვილი არის მრავალი საბავშვო ლექსის ავტორი და მთარგმნელი. გარდაიცვალა 1992 წელს.

ნადირაშვილი კუპრავაზე თავდასხმის შესახებ: არ შეიძლება „ტიტუშკებს“ აცემინო ის, ვინც არ მოგწონს

ირმა ნადირაშვილი

„ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ზვიად კუპრავაზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა გამოხატულებაა იმისა, როგორ ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, რომლებიც ისე არ ფიქრობენ, როგორც მისი პარტიის წევრები:

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, როგორ ექცევა ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს, ადამიანებს, ვინც არ აზროვნებს და საუბრობს ისე, როგორც, მაგალითად, მამუკა მდინარაძე ან დაჩი ბერაია, ადამიანებს, ვიზეც თვლიან, რომ ის პრობლემას უქმნის „ქართულ ოცნებას“.

ჩვენ ვნახეთ, რომ ზვიად კუპრავას დახვდნენ სახლთან და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ხელისუფლება, რომელიც ასე იქცევა, დაამთავრებს ძალიან ცუდად.

არ შეიძლება, რომ საკუთარი „ტიტუშკები“ დაახვედრო და აცემინო მათ ადამიანები, ვინც შენ არ მოგწონს“, - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, ხელისუფლება მიმართავს პოლიტიკური დევნის მეთოდს, რითაც ამჟღავნებს, რომ „ქართული ოცნება“ თავს მყარად ვერ გრძნობს:

ჩვენ „ევროპული საქართველოს“ კარებთანაც ყოველ საღამოს ვხედავთ ასეთ ადამიანებს, ეგრეთ წოდებულ „ქართული ოცნების“ ტიტუშკებს, მეორე მხრივ, იყენებს პოლიტიკური დევნის მექანიზმს და იცით, რომ დღეს ციხეებში არის ბევრი პოლიტიკური პატიმარი.

ასეთი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი არ გრძნობს თავს მყარად. როდესაც თავს მყარად გრძნობ და ფიქრობ, რომ არჩევნებს მოიგებ, მაშინ არ არის საჭირო პოლიტიკური ველის მოსუფთავება და, მაგალითად, გიგი უგულავას გამომწყვდევა ციხეში. და არ არის საჭირო, კარებთან დახვდე ზვიად კუპრავას და აცემინო საკუთარ „ტიტუშკებს“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას 27 თებერვალს ღამით საკუთარ სახლთან 2 პირი დახვდა, სახეში გაურკვეველი სითხე შეასხეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარი ზვიად კუპრავამ მის მიერ საპროტესტო აქციების ორგანიზების ფაქტს დაუკავშირა.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.

ზვიად კუპრავამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულება („გლდანის ციხე“) 2019 წლის 22 ოქტომბერს დატოვა. მან 9-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა.

2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში. ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

პოლიცია ეძებს პირს, რომელმაც სასიკვდილოდ დაჭრა დედა და და

ჭოპორტში მამაკაცმა დედა და და, სავარაუდოდ, საკუთარ სახლში სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა. შსს-ს ინფორმაციით, ორივე ქალი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრებისა და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა ა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით დაიწყო.

შსს-ს ცნობით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

რუსეთი სირიაში თურქი სამხედროების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას იხსნის

რუსეთის სამხედრო ტექნიკა სირიაში (საარქივო ფოტო)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თურქი სამხედროები, რომლებიც სირიის იდლიბის პროვინციაში სროლაში მოყვნენ, ტერორისტულ ფორმირებებთან ერთად იმყოფებოდნენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმად, 27 თებერვალს, დასახლებულ პუნქტ ბეჰუნთან სირიის ჯარებმა იერიში მიიტანეს ტერორისტთა დაჯგუფება „ჰაიათ ტაჰრირ ან-შამზე“, რომელიც იდლიბის დეესკალაციის ზონაში ცდილობდა ფართომასშტაბიან შეტევას სირიის სამთავრობო ძალებზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში, დაპირისპირებულ მხარეთა შერიგების რუსული ცენტრი თურქული მხარისგან მუდმივად ითხოვდა მისი სამხედროების კოორდინატებს და დადასტურებასაც იღებდა, ამ მონაცემებით კი, თურქები ბეჰუნთან არ იმყოფებოდნენ და არც უნდა ყოფილიყვნენ.

რუსეთი აცხადებს, რომ ოპერაციის ზონაში თურქი სამხედროების დაშავების თაობაზე ინფორმაციის მიღებისთანავე მიმართა ზომებს, რათა სირიის არმიას ცეცხლი შეეწყვიტა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იმასაც ამტკიცებს, რომ ბეჰუნთან რუსული საბრძოლო ავიაცია გამოყენებული არ ყოფილა და ოპერაციას მხოლოდ სირიის არმია ატარებდა.

27 თებერვალს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო. თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა.

ანკარა სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო ძალით ეხმარება ადგილობრივ მეამბოხეებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

ადვოკატების თანახმად, ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 4 პატიმარი შიმშილობს

როინ ჭეიშვილი, ციცინო ბაბუნაშვილი

ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ. აღნიშნულის შესახებ ადვოკატებმა როინ ჭეიშვილმა და ციცინო ბაბუნაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, მოშიმშილეები ითხოვენ წარდგენილი ბრალის გადაკვალიფიცირებას და 6 მარტისთვის დანიშნულ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობას.

ადვოკატების თქმით, პროტესტის უკიდურეს ფორმას 4 ადამიანი მიმართავს, აქედან ერთ-ერთი პატიმარი თვეზე მეტია შიმშილობს, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მას დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

ადვოკატების განმარტებით, პატიმრებს, რომლებიც შიმშილობენ, გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებოდა. მოგვიანებით კი მათ ბრალი დაუმძიმდათ. საქმეს დაემატა გამოძალვის, სხეულის ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანების მუხლები.

გარდა ამისა, ადვოკატების ინფორმაციით, ერთ-ერთი პატიმარი ხონის პოლიციის უფროსის მოადგილეს ჩვენების იძულებით მიცემაში ამხელს - მიმდინარეობს გამოძიება. საქმე ეხება ვალის დაბრუნების მოთხოვნით დაწყებულ სიტყვიერ შელაპარაკებას, რომელიც ხონში 2019 წლის 23 ნოემბერს მოხდა. დაკავებულების ადვოკატები საქმის სწორად გამოძიებას და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ითხოვენ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა ჯერჯერობით არ გამოვლენილა

თბილისის ინფექციური საავადმყოფო

28 თებერვლის დილის მონაცემებით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია. მათი უმრავლესობა იტალიაში იმყოფებოდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ 27 თებერვალს კლინიკა დატოვა 6-მა პაციენტმა, რომლებიც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ შორისაა ტელეკომპანია „პირველის“ თანამშრომელი.

რაც შეეხება მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი ლაბორატორიულად 26 თებერვალს დაუდასტურდა, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად დამაკმაყოფილებელია, მას ტემპერატურა არ აქვს.

27 თებერვალს საავადმყოფოში მიიღეს 17 ადამიანი, რომელთაგან შესაძლო კორონავირუსის დასადგენად კვლევა ჩაუტარდა 11-ს. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ორ ეტაპად ჩატარებული კვლევის პასუხი ყველა შემთხვევაში უარყოფითია და არცერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ეზუგბაიას თქმით, დანარჩენების ტესტის პასუხი დღეს გაირკვევა.

მედიის შეკითხვას, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მხოლოდ 20 ბოქსია და როგორ იტევენ ისინი 28 პაციენტს, მარინა ეზუგბაიამ უპასუხა, რომ 20 ბოქსი მხოლოდ 20 პაციენტს არ ნიშნავს: „როდესაც ერთი წყაროა, ერთი ექსპოზიციაა, ამას ჰქვია კოჰორტული ჯგუფი და ჩვენ შეგვიძლია თითოეულ პალატაში სამი ადამიანი დავაწვინოთ“.

საქართველოში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევა ლუგარის ლაბორატორიამ 26 თებერვალს დაადასტურა. ვირუსი აღმოაჩნდა საქართველოს მოქალაქე მამაკაცს, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

ჩინეთის გარდა, საიდანაც ახალი კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო, ვირუსის შემთხვევები დადასტურებულია მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში. ბოლო ორ თვეში, მსოფლიოში კორონავირუსით დაავადდა 82 000-ზე მეტი ადამიანი და 3000-ზე მეტი გარდაიცვალა. მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის ამ დროისთვის ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ დაავადდა 3664 ადამიანი და 57 გარდაიცვალა.

ჩინეთის გარდა, მაღალი რისკის ქვეყნები არიან სამხრეთი კორეა, ირანი და იტალია.

კორონავირუსის პირველი შემთხვევები მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა

ახალი ზელანდიის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა ქვეყანაში ახალი სახეობის კორონავირუსით COVID-19 დაავადების პირველი შემთხვევა. ვირუსი აღმოაჩნდა 60 წლის მამაკაცს, რომელიც ირანიდან 26 თებერვალს დაბრუნდა.

კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევაა ნიგერიაში, სადაც ვირუსი დაუდასტურდა იტალიის მოქალაქე მამაკაცს.

კორონავირუსი აღმოაჩნდა ლიეტუვის მოქალაქე ქალს, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ვერონაში იმყოფებოდა და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდა.

ჩინეთმა, საიდანაც ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება დაიწყო, დღეს, 28 თებერვალს განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში დაავადდა 327 ადამიანი და 44 გარდაიცვალა.

დაავადებულთა რაოდენობით მეორე ადგილზე მყოფმა სამხრეთ კორეამ დაადასტურა 256 ახალი შემთხვევა. საერთო რიცხვმა 2022-ს მიაღწია. სამხრეთ კორეაში სულ გარდაცვლილია 13 ადამიანი.

მაღალი რისკის კიდევ ერთ ქვეყანაში - იტალიაში დადასტურებულია საერთო ჯამში, დაავადების 655 და გარდაცვალების 17 შემთხვევა.

ამავე ჯგუფში შემავალი ირანის ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადდა 245 და გარდაიცვალა 26 ადამიანი.

მკვლევრების და მოხალისეების მიერ შექმნილ საერთაშორისო ვებსაიტზე Worldometer-ზე, რომელიც მსოფლიოში ეპიდსიტუაციას აკვირდება, 28 თებერვალს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, კორონავირუსით მსოფლიოში დაავადდა 83 381 ადამიანი და 2858 გარდაიცვალა. ამავე საიტის ცნობით, გამოჯანმრთელდა 36 597.

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის(WHO) ვებსაიტზე კი ბოლო განახლებული მონაცემები 27 თებერვალს გამოქვეყნდა და ასახავს გლობალურ მდგომარეობას 26 თებერვლისთვის. ამ მონაცემებით, მსოფლიოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 82 294 შემთხვევა, მათგან 1185 ახალი. ჩინეთში კორონავირუსით დაავადების სულ 78 630 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 439 ახალი. გარდაცვლილია 2747 ადამიანი.

WHO-ს ამავე მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 46 ქვეყანაში დადასტურებულია საერთო ჯამში, 3664 შემთხვევა, მათგან 746 ახალი. გარდაცვლილია სულ 57 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

მწვავე პნევმონიის გამომწვევი ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელება 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან.

სტამბოლში გამართულ აქციაზე რუსეთი დაადანაშაულეს სირიაში თურქი სამხედროების მკვლელობაში

რუსეთის გენერალური საკონსულო სტამბოლში

სტამბოლში, რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს სირიის იდლიბის პროვინციაში თურქ სამხედროებზე განხორციელებული საჰაერო იერიში.

სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, აქციაზე სკანდირებდნენ: „რუსეთი მკვლელია, პუტინი მკვლელია“.

თურქეთის ხელისუფლებამ რუსეთის საკონსულოს დაცვა გააძლიერა. შენობის გარშემო რკინის ღობეები დადგეს. საკონსულოს სპეცრაზმელები იცავენ.

27 თებერვალს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო. თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა.

ანკარა სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო ძალით ეხმარება ადგილობრივ მეამბოხეებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

აშშ-მა და ნატომ დაგმეს სირიაში თურქ სამხედროებზე თავდასხმა

აშშ-მა სირიის იდლიბის პროვინციაში სიტუაციის ესკალაციის გამო, ნატოელ მოკავშირე თურქეთს მხარდაჭერა გამოუცხადა და ასადის რეჟიმის, რუსეთის და ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების ამაზრზენი შეტევის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ განიხილავს შექმნილ კრიზისში თურქეთის დახმარების საუკეთესო ვარიანტებს.

აშშ-ის ელჩმა ნატოში კეიტ ბეილი ჰაჩისონმა კი იმედი გამოთქვა, რომ თურქეთის ხელისუფლება მალე მიხვდება, სინამდვილეში რას წარმოადგენს რუსეთი და ვინ არის ანკარის მართლაც საიმედო პარტნიორი. აშშ-ის და თურქეთის ურთიერთობა ანკარის მიერ რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის С-400-ის შეძენამ გაართულა.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შერჩევითი იერიშები დაგმო ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა. ის ტელეფონით ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მევლუთ ჩავუშოღლუს. სტოლტენბერგმა სირიას და რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტონ შეტევა, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს და მხარი დაუჭირონ გაეროს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სირიაში კონფლიქტის მოგვარებისკენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ყველა მხარეს მოუწოდა, ხელი შეუწყონ საშიში სიტუაციის დეესკალაციას და თავიდან აიცილონ რეგიონში ისედაც მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება.

27 თებერვალს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო. თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა.

ანკარა სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო ძალით ეხმარება ადგილობრივ მეამბოხეებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

თურქეთი აცხადებს, რომ საპასუხო დარტყმა მიაყენა სირიის სამთავრობო ძალებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი

თურქეთმა განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა საპასუხო იერიში მიიტანეს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

27 თებერვალს, ასადის არმიის მიერ სირიის იდლიბის პროვინციაში განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 33 თურქი სამხედრო. დაიჭრა 36 ადამიანი. თურქეთის სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თავდასხმა განახორციელა არა ასადის არმიამ, არამედ რუსეთის სამხედრო-კოსმოსურმა ძალებმა.

თურქეთის ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შეასრულოს საკუთარი ვალდებულება და აღკვეთოს სირიის რეჟიმის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

გვიან ღამით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა საგანგებო თათბირი გამართა შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან და სამხედრო სარდლობის წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრის შემდეგ, თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი ჩავიდა სირიასთან მოსაზღვრე ჰატაის პროვინციაში, სადაც თურქეთის არმიის სპეციალური სამეთაურო შტაბია განთავსებული.

თურქეთი სირიის იდლიბის პროვინციაში სამხედრო ძალით ეხმარება ადგილობრივ მეამბოხეებს, რომლებიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იბრძვიან.

დავით უსუფაშვილი: საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებისთვის დარჩა სულ სამი დღე

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის გამართული არაფორმალური დისკუსიის შესახებ „იმედის“ ეთერში ილაპარაკა.

„27 თებერვალს საუბარი იყო უშუალოდ საარჩევნო სისტემის თემაზე. შესაძლო საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. რა არის ის მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ამ შინაარსს: 40%-ზე ნაკლები შედეგის მქონე პარტიამ ვერ მიიღოს ერთპარტიული უმრავლესობა პარლამენტში. ეს არის ძალიან სერიოზული გამოსავალი... ეს ზღვარი გადის დაახლოებით 125 პროპორციულ და 25 მაჟორიტარულ მანდატზე. აქ არის ბუნებრივი ეკვილიბრიუმი“, - ამბობს დავით უსუფაშვილი.

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებისთვის დარჩა სულ სამი დღე.

„თუ 2 მარტის მდგომარეობის პოლიტიკური შეთანხმება არ იქნება მიღწეული და ოთხშაბათს [4 მარტს] ცვლილებების პროექტი პარლამენტში ოფიციალურად არ იქნება ინიცირებული, უკეთეს შემთხვევაში მაისის ბოლოსთვისაც კი ვერ მივიღებთ კონსტიტუციაში სათანადო ჩანაწერს“, - განმარტავს უსუფაშვილი, - თქვა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს და მაის-ივნისამდე გაურკვევლობა კი არასერიოზული იქნება.

„ამ სამი დღის განმავლობაში ყველას გვმართებს სერიოზული მუშაობა, კეთილგონიერება, რომ მივაღწიოთ შედეგს“, - აღნიშნავს დავით უსუფაშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, შეიძლება გადაიხედოს „ქართული ოცნების“ წინადადება „100/50“-იც. ამასთან, ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარე დისკუსიას კობახიძე დადებითად აფასებს.

„საკმაოდ წინ ვართ წაწეული დისკუსიის, კონსულტაციების კუთხითაც და ეს ნამდვილად გვიტოვებს იმის მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ევროკავშირმა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეიძლება მალე დაიწყოს წევრობაზე მოლაპარაკებები

ოლივერ ვარჰელი

ევროპის კავშირმა ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეიძლება რამდენიმე კვირაში დაიწყოს წევრობაზე მოლაპარაკებები იმ წარმატებების ფონზე, რომლებსაც ბალკანეთის ამ ორმა ქვეყანამ მიაღწია მზადების პროცესში, განაცხადა 27 თებერვალს ბლოკის მთავარმა წარმომადგენელმა გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰელიმ.

საფრანგეთმა, რომელმაც ოქტომბერში ნიდერლანდთან ერთად დაბლოკა ორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების დაწყება, მიმდინარე თვის დასაწყისში მიანიშნა, რომ გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები შეიძლება დაიწყოს, თუკი ევროპის კომისია, ბლოკის აღმასრულებელი ორგანო, მომავალ თვეში დადებით შეფასებას მისცემს მათ. როგორც ვარჰელიმ განაცხადა დღეს, ევროკომისიის შეფასება, რომელიც მომავალ კვირაში გამოქვეყნდება, იმედის მომცემია.

ირანში იზრდება Covid-19-ით დაავადებულთა რიცხვი, გაუქმდა პარასკევის ლოცვა

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანში პარასკევის ლოცვა გაუქმდა კორონოავირუსის გავრცელების გამო, ვინაიდან დაადასტურეს, რომ ქვეყანაში ერთ დღე-ღამეში ასზე მეტით გაიზარდა დაავადებულთა რიცხვი. მათ შორის არის მასუმე ებთექარი, ირანის ვიცე-პრეზიდენტი ქაებისა და ოჯახის საკითხებში. ებთექარი ირანის მთავრობის მეორე წევრია, რომელიც, ცნობილია, რომ კორონავირუსითაა დაავადებული. 25 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ დაავადებულია ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირში.

ამასობაში ჯანდაცვის სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ ირანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში შვიდით გაიზარდა და 26-ს მიაღწია. ეს სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჩინეთის ფარგლებს გარეთ, საიდანაც დაიწყო ვირუსის გავრცელება.

გაეროს უწყების, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ჟენევაში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია კორონავირუსის უკონტროლო გავრცელების შეკავება, თუკი გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელ დირექტორად მარიამ გოგოსაშვილი აირჩიეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მედიამიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა.

2012-2013 წლებში გოგოსაშვილი ამავე ორგანიზაციაში მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი იყო. 2013-2017 წლებში კი „სტერეო+-ის” სამართლებრივ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

დირექტორის კონკურსში, გასაუბრების ეტაპზე სულ ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა. 9 წევრისგან დაკომპლექტებულმა საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 27 თებერვალს მიიღო. მარიამ გოგოსაშვილი ორგანიზაციას 2 მარტიდან უხელმძღვალენელებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მედიის დამოუკიდებელი თვითრეგულირების ორგანოა და მთელი საქართველოს მასშტაბით 360-მდე ჟურნალისტს აერთიანებს. 2019 წლის დეკემბრიდან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ხელმძღვანელობდა გიორგი მგელაძე.

„შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება“ - ზვიად კუპრავას თავს დაესხნენ

„სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „მთავარი არხი“ ავრცელებს.

როგორც ზვიად კუპრავამ თქვა, არ იცნობს თავდამსხმელებს.

„მანქანიდან ჩამოვედი და ამ დროს ორი ბიჭი მოვიდა, თითქოს რაღაცის კითხვა უნდადთ. ამ დროს შემომასხეს სახეში გაურკვეველი ნივთიერება. დამწვა სახე, რა თქმა უნდა, თვალები დავხუჭე, ამის შემდეგ სახის არეში ფეხებით დამიწყეს დარტყმა. თავდასხმა იყო. ცხადია, ეს იყო გახარიას და მათი ზონდერების მოწყობილი, ჩემი აქტივობების გამო. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 10 აქცია მქონდა. შესაბამისად, ეს იყო პასუხი ხელისუფლებიდან“, - აღნიშნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში მყოფმა ზვიად კუპრავამ.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მათთვისაც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი აღნიშნული ინფორმაცია და დეტალების შესახებ ვერ ისაუბრებენ.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ზვიად კუპრავამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულება („გლდანის ციხე“) 2019 წლის 22 ოქტომბერს დატოვა. მან 9-თვიანი საპატიმრო სასჯელი მოიხადა.

2019 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად კუპრავა დამნაშავედ ცნო სასამართლოს მიმართ უპატივცემულობაში. ზვიად კუპრავა აცხადებდა, რომ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს.

იმ პერიოდში, ზვიად კუპრავა იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის საპროტესტო აქციების („ნუ მომკლავ“) საქმის ობიექტურად გამოძიების და რეალური დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით.

ციხეში ყოფნის პერიოდში ზვიად კუპრავა სასამართლომ დამნაშავედ ცნო კიდევ ერთ საქმეში, ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილზე ძალადობაში და მას 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

გათავისუფლების შემდეგ, 2020 წლის 18 იანვარს კი ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მას პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებს დარღვევას ედავებოდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზვიად კუპრავა თანამოაზრეებთან ერთად აპროტესტებდა ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შესაძლო დაბრუნებას. მან პროკურატურის ეზოში ბოტასები გადაყარა, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება პროკურატურასთან, მის რეჟიმთან, ფარცხალაძესთან, შოთაძესთან. რაც მთავარია, ერთი ადამიანის თანხმობით არ შეიძლება დაბრუნდეს და დაინიშნოს ფარცხალაძე. შოთაძის დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება ყველა იმ ადამიანის, იმ ათი ათასი ადამიანის, ვინც იდგა ორი წლის წინ რუსთაველზე. არ დავუშვებთ შოთაძის უკან მობრუნებას“, - ამბობდა კუპრავა.

პუტინმა დააჯილდოვა ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის ბიძა

სულეიმან გერემეევი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „მამულის წინაშე დამსახურების“ მეორე ხარისხის ორდენით დააჯილოვა სენატორი ჩეჩნეთიდან, სულეიმან გერემეევი - ბორის ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი რუსლან გერემეევის ბიძა.

როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია მითითებული, სულეიმან გერემეევი დააჯილდოვეს „პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური კანონშემოქმედებითი მოღვაწეობისთვის“.

გამოცემა „მედიაზონის“ თანახმად კი, სახელმწიფო დუმის ბაზა მოწმობს, რომ სენატორს უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში საპარლამენტო განხილვაზე არ გაუტანია არც ერთი კანონპროექტი. 2009 წლიდან კი, როცა ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა, სულ შვიდი კანონპროექტი წარმოადგინა, მაგრამ არცერთი არ ყოფილა მიღებული.

სულეიმან გერემეევი ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უახლოეს წრეში შედის. მისი ძმისშვილი რუსლან გერემეევი ნემცოვის მკვლელობის ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი და
2015 წლიდან იძებნება.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლეს მოსკოვის ცენტრში.

ხუთშაბათს, მისი მკვლელობის მეხუთე წლისთავზე, რუსეთსა და მსოფლიოს რიგ სხვა ქვეყნებში იმართება დაღუპული პოლიტიკოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.

კობახიძე: წინ ვართ [ოპოზიციასთან] დისკუსიების და კონსულტაციების კუთხით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციის წარმომადგენლებთან საინტერესო დისკუსია გაიმართა და სხვადასხვა ვარიანტებზე იყო მსჯელობა. როგორც კობახიძე ამბობს, საუბარი იყო სხვადასხვა პრინციპზე, მათ შორის, პროპორციებზე, საარჩევნო ბარიერზე და ა.შ.

კობახიძის ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო ერთგვარი 40%-იანი ბუნებრივი ბარიერი, რაც გულისხმობს იმას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ 40%-იანი და მეტი შედეგით უნდა შეძლოს ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება.

„ეს მიდგომა არის აბსოლუტურად მისაღები და რაციონალური. ეს არის ზოგადი მიდგომა, რომლის მიხედვითაც 40%-იანი ნდობა მაინც უნდა ჰქონდეს პარტიას მოსახლეობისგან, იმისათვის, რომ მან მთავრობა ერთპარტიულად ჩამოაყალიბოს, რაც არის ევროპაში აპრობირებული მიდგომა. ბევრ ქვეყანაში მოქმედებს საკმაოდ მაღალი საარჩევნო ბარიერი. და ეს ბარიერი თავისთავად, ხმების დამატებით რაოდენობას აძლევს გამარჯვებულ პოლიტიკურ პარტიას. საბოლოო ჯამში, ასეც ჯდება ხოლმე შედეგი - თუ 40%-ზე მეტი აქვს პარტიას მიღებული 5%-იანი ბარიერი პირობებში, როგორც წესი, ის ახერხებს ერთპარტიულად, მთავრობის ფორმირებას. თუ აქვს ნაკლები ხმები მიღებული ამ შემთხვევაში მას სჭირდება კოალიცია. ეს მიდგომა ჩვენთვის არის აბსოლუტურად მისაღები. შეთანხმებიდან გამომდინარე ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, რომ დეტალებზე ვისაუბროთ თუმცა, ჩვენ გვაქვს გარკვეული ვარიანტი მომზადებული, რომელიც არა მარტო პრაქტიკულად არამედ, თეორიულადაც გამორიცხავს იმას, რომ 40-%-იანი შედეგით პარტიამ მიიღოს 75-ზე მეტი მანდატი“, - თქვა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის თქმით, შეიძლება გადაიხედოს 100/50-იც. ამასთან, ოპოზიციურ პარტიებთან მიმდინარე დისკუსიას კობახიძე დადებითად აფასებს.

„საკმაოდ წინ ვართ წაწეული დისკუსიის, კონსულტაციების კუთხითაც და ეს ნამდვილად გვიტოვებს იმის მოლოდინის საფუძველს, რომ კვირის ბოლომდე შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ ისეთი ვარიანტის შემუშავებას, რომელიც აბსოლუტურად ითვალისწინებს იმ ძირითად პრინციპებს, რომელზეც საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლები და ეს შედეგობრივი თვალსაზრისით საკმაოდ დაუახლოვდება სრულად პროპორციულ სისტემას. ჩვენ თუ თეორიულად შევადარებთ ჩვენს სავარაუდო მოდელს - პროპორციულ სისტემას 5% იანი ბარიერის შემთხვევაში, შედეგობრივი კუთხით ეს იქნება საკმაოდ მიახლოებული - თუ არა იდენტური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში და აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდი საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიცის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG