Accessibility links

logo-print logo-print

ლევან კობერიძე: საზოგადოება გადააგდო ბიძინა ივანიშვილმა


ლევან კობერიძე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ლევან კობერიძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ გამართული სპექტაკლი უწოდა საკონსტიტიციო ცვლილებების გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, ლევან კობერიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს ისეთმა დეპუტატებმა, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რით განსხვავდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემა და არასდროს თავისი აზრი არ გამოუხატავთ.

„ეს იყო კონკრეტული დავალება ბიძინა ივანიშვილისგან და მათ ეს დავალება შეასრულეს და მივიღეთ ის, რომ საზოგადოება, რომელსაც ჰქონდა კონსოლიდირებული მოთხოვნა - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020 წლიდან, პრაქტიკულად, გადააგდო „ქართულმა ოცნებამ“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა", - უთხრა ჟურნალისტებს ლევან კობერიძემ.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG