Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის გეგმაა ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ


დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ქვეყანაში ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა არ გამოუვა. დავით უსუფაშვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სავარაუდოდ გეგმებშია „ოპოზიციის სადღაც ერთად მიდევნა" და მისი "სახელმწიფოს გადამტრიალებლებად გამოცხადება“.

„ივანიშვილის გეგმა არის ის, რომ ჩვენ დაგვღალოს, ემოციურად გაგვაბრაზოს, ანუ ტვინში სისხლი ჩაგვექცეს და სისულელეები ჩავიდინოთ. სისულელეების ჩადენას არ ვაპირებთ. ამიტომ ეს უნდა გაიგოს მან და ამ იმედით უნდა იყოს ქართველი ხალხი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ არსებული მღელვარების ფონზე ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების ჩატარებას შეეცდება. ოპოზიციის შეკრებიდან გამოსვლის შემდეგ მან განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერი სისტემით ჩატარებულ ნებისმიერ არჩევნებში დამარცხდება:

„ოპოზიციას ექნება ძალიან მკაფიო და ეფექტური საკოორდინაციო გეგმა-ჩაატარებს მაჟორიტარულ არჩევნებს, ყველა ოლქში იქნება ერთი კანდიდატი სრულიად ოპოზიციის მხარდაჭერილი. ამიტომ კარგად დაფიქრდეს, რა გზას დაადგა და მას კიდევ აქვს შანსი. იმიტომ რომ პროპორციული არჩევნების მიღება ამ ქვეყანაში კიდევ შესაძლებელია“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა." შენების მოძრაობის" ლიდერი ამბობს, რომ მკაფიო გეგმის შესაბამისად, არსებობს ბევრი ინსტრუმენტი, რომლითაც ოპოზიცია „ქართული ოცნების“ დამარცხებას შეძლებს.

დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტს, რომელიც ეხებოდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG