Accessibility links

ელენე ხოშტარია: ოპოზიციის პროტესტი იქნება არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური და მწვავე


პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს აქვთ დღის წესრიგი, რომელიც ქვეყნისთვის არჩევნების უფლების დაბრუნებას გულისხმობს. მისი შეფასებით, ხელისუფლებას დაკარგული აქვს რეალობის შეგრძნება, გრძელდება მისი რღვევა და ამიტომ ოპოზიცია უნდა გამოვიდეს იმ რეჟიმიდან, რომელიც გულისხმობს, „ვიმარჩიელოთ რა მოუვა ბიძინა ივანიშვილს თავში, რა „ტრიუკს“ ჩაგვიტარებს“. ელენე ხოშტარიას თქმით, ოპოზიციის პროტესტი იქნება არაძალადობრივი, მაგრამ რადიკალური და მწვავე:

„მათ შორის ამაში იქნება შენობების ბლოკირებაც და სხვადასხვა ფორმა ამ პრინციპით. ამაზე შეთანხმებულები ვართ. იქნება პერმანენტული განსხვავებით წინა აქციებისგან და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაცნობთ საზოგადოებას ნაბიჯ-ნაბიჯ. გუშინ ჩვენ ჩამოვყალიბდით საერთო ამოცანებზე და თუ რაიმე ბუნდოვანება დარჩა, მე მესმის, ამის განმარტებები დღეს იქნება“, - უთხრა ელენე ხოშტარიამ რადიო თავისუფლებას „პარლამენტთან“. იგი ერთ-ერთია იმ მოქალაქეებს შორის, რომლებმაც 15 ნოემბრის ღამე პარლამენტის წინ პერმანენტულ საპროტესტო აქციაზე გაატარა:

„ეს არ არის ერთადერთი ღამე. რამდენი ღამეც იქნება საჭირო, იმდენი ღამე ვიდგებით. იმიტომ რომ ეს არის სიმტკიცის ბრძოლა, რომელიც უბრალოდ უფლება არა გვაქვს რომ წავაგოთ. ამიტომ აუცილებლად ვიქნებით აქ დღეც ღამეც, რუსთაველი იქნება ჩვენი. ეს იქნება ჩვენი კერა, გარდა ამისა სხვა ადგილებშიც იქნება არაერთი სხვადასხვა ფორმის აქცია“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთაველის გამზირზე კარვები 2019 წლის 14 ნოემბერს, ღამით გაშალეს. საპროტესტო აქცია მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG