Accessibility links

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: "ოცნების” ლიდერების მხრიდან მედიის მიმართ თავდასხმები გახშირდა


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო“ შეშფოთებას გამოთქვამს ხელისუფლების წევრების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების გამო. განცხადებაში, რომელიც ამასთან დაკავშირებით გაავრცელა ქარტიამ, აღნიშნულია, რომ „გუშინ, 14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ტოქშოუს წამყვანი კრიტიკული კითხვების პასუხად „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

გუშინვე, ოპოზიციასთან კავშირში დასდო ბრალი ირაკლი კობახიძემ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის“ წამყვანსაც: „მოგიწოდებთ გაემიჯნეთ “ნაციონალურ მოძრაობას”, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თეონა ბაკურიძეს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართ გალაშქრების ეს პირველი შემთხვევა არაა. ცოტა ხნის წინ ტელევიზიას მიკერძოებულობაში ბრალი ბიძინა ივანიშვილმაც დასდო. პირდაპირ ეთერში წამყვანის მიმართ აგრესიული განცხადება გააკეთა ასევე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემაც.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ტელევიზიის თანამშრომლები აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის, ხელისუფლების მხრიდან გაკონტროლების სურვილს ხედავენ უკანასკნელ თვეებში ტელევიზიის მმართველების ცვლილებებში“
, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერებისგან:

„ხელისუფლების მხრიდან ამა თუ იმ მედიასაშუალების მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჩვენთვის იმის ნიშანია, რომ ხელისუფლების სურვილია შეცვალოს, დააშინოს, თუნდაც დააფიქროს ჟურნალისტები, დაუბრკოლებლად გაავრცელონ თუ არა კრიტიკული ფაქტები და დასვან მწვავე კითხვები ხელისუფლების ნებისმიერი შტოს მიმართ.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში პოლიტიკური პროცესების გააქტიურებასთან ერთად, გააძლიერონ მათი ყურადღება ხელისუფლების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის, მათი დისკრიმინაციის მცდელობის ფაქტებზე, ყველა მსგავს შემთხვევას მისცენ სათანადო შეფასება და რეაგირება“,
- აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG