Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთი იძიებს ბავშვების უკანონოდ გაშვილების "ბევრ" შემთხვევას


სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ დაიწყო სისხლისსამართლებრივი გამოძიება უცხოელების მიერ სომეხი ბავშვების შვილად უკანონოდ აყვანის "ბევრი" შემთხვევის გარშემო.

"სომხეთის ორმა მოქალაქემ თავიანთი კონტაქტები გამოიყენა ერთ-ერთ ადგილობრივ სამშობიარო საავადმყოფოში, რამდენიმე სააგენტოსა და ბავშვთა სახლში, რათა ორგანიზება გაეწიათ 30-ზე მეტი ბავშვის გაშვილებისთვის იტალიის მოქალაქეებზე, სომხეთის კანონების უხეში დარღვევით", - წერს სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური 14 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

ამ განცხადების თანახმად, უკანონო გაშვილების შემთხვევები მოხდა 2016-დან 2018 წლამდე, თუმცა ტექსტში ნათქვამი არ არის ამ ბავშვების ამჟამინდელი სტატუსის შესახებ. იმ პერიოდში სომხეთში 54 ბავშვი ოფიციალურად იშვილეს უცხოელებმა და საზღვრის გარეთ წაიყვანეს, მშობლების უმრავლესობა იტალიიდან და აშშ-დან იყო.

სომხეთის სამთავრობო უწყებების მიერ გაცემული ინფორმაციის სიმწირეს მოჰყვა მითქმა-მოთქმა, რომ საქმე შესაძლოა ორგანოებით ვაჭრობას ეხებოდეს. "ამ ეტაპზე ორგანოებით ვაჭრობის შესახებ არანაირი ცნობები არ არის. თუ დამატებითი ინფორმაცია გაჩნდება, გავავრცელებთ", - ამბობს უშიშროების საბჭოს მდივანი, არმენ გრიგორიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG