Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

სრული ტექსტი

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. ზურაბიშვილის განცხადებით, მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა და არა დაუსრულებლად, სიძულვილითა და შეურაცხყოფით გაჯერებული გაუთავებელი შეძახილების მოსმენა.

„მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება მაქსიმალური სიმშვიდე, რათა გამოვლინდეს ხალხის თავისუფალი ნება და არჩევანი“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ყურადღებას ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილ ვითარებაზე ამახვილებს.

„როცა ქვეყანა საოკუპაციო ხაზზე არსებულ დაძაბულობას ყოველდღიურად უმკლავება და, ყველაფრის მიუხედავად, სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს; როცა საზოგადოება იარებს იშუშებს და ეკლესიაზე უმძიმესი შეტევების მიუხედავად, სასოწარკვეთილებას არ ეძლევა, არ შეიძლება, საარჩევნო სისტემაში ცვლილების შეტანამ თუ არშეტანამ ესოდენ დრამატიზებული რეაქცია გამოიწვიოს და ეს შედეგი გამოყენებულ იქნას ახალი დესტაბილიზაციის მცდელობისათვის“, - აღნიშნავს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტი მიმართავს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო.

პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ოპოზიციური პარტიები და აქტივისტები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას მართავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG