Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარი იოვანოვიჩი: დონალდ ტრამპი „მუქარის შემცველ“ ტვიტებს აგზავნიდა


უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, მარი იოვანოვიჩმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებული ტვიტები დაახასიათა, როგორც „მუქარის შემცველი“. ეს მან თქვა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, რომელიც ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებულ საკითხებს იძიებს.

ერთ-ერთ ტვიტში ტრამპი წერდა: „ყველგან, სადაც მარი ივანოვიჩი წავიდა, საქმე ცუდად შემოტრიალდა. მან სომალიში დაიწყო, და რა მოხდა?“

იოვანოვიჩი კარიერული დიპლომატია, რომელიც ტრამპმა მაისში გაათავისუფლა უკრაინაში ელჩის პოსტიდან. ის ერთადერთი მოწმე იყო, რომელიც ჩვენებას აძლევდა კონგრესში.

დემოკრატების მიერ წარმოებულ გამოძიებას შესაძლოა მოჰყვეს იმპიჩმენტის პროცედურა და გამოძიება სენატში. გამოძიების მიზანია დაადგინოს, ბოროტად გამოიყენა თუ არა ტრამპმა უფლებამოსილებები პირადი და პოლიტიკური გამორჩენისთვის და ახდენდა თუ არა ზეწოლას უცხო ქვეყნის მთავრობაზე, რომ მას ტრამპის მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ გამოძიება ეწარმოებინა. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ასევე, ექვემდებარება თუ არა ეს ქმედებები იმპიჩმენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG