Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უილიამ ჰოლმსის ჩვენების მიხედვით, ტრამპს კომპანია Burisma-ს საქმის გამოძიება აინტერესებდა


ვოლოდიმირ ზელენსკისთან დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რომელიც 25 ივლისს გაიმართა, უკრაინის ხელისუფლება მზად იყო, დაეწყო გამოძიება კომპანია Burisma-ს თაობაზე, რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო ჰანტერ ბაიდენი, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი. ამის შესახებ დონალდ ტრამპს 27 ივლისს შეატყობინა ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა გორდონ სონდლენდმა.

სონდლენდმა ტრამპს დაურეკა კიევიდან, სადაც მისი წარმომადგენლის სტატუსით ხვდებოდა უკრაინის ხელმძღვანელობას. პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარი მიმდინარეობდა კიევში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლის, დევიდ ჰოლმსის თანდასწრებით. ჰოლმსი პარასკევს კონგრესში გამოვიდა დახურულ მოსმენებზე, რომელიც ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით იმართება და ამ საუბრის დეტალებზე ისაუბრა. ჰოლმსის ჩვენების დეტალები კონგრესის წყაროებიდან გახდა ცნობილი.

ჰოლმსის თქმით, გორდონ სონდლენდმა დონალდ ტრამპს შეატყობინა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, შეასრულოს ნებისმიერი სურვილი და რომ უკრაინა მზადაა, ტრამპის თხოვნით დაიწყოს გამოძიება. ჰოლმსის მიერ სონდლენდისთვის დასმულ შეკითხვაზე, მართალია თუ არა, რომ ტრამპს უკრაინა არ აინტერესებს, სონდლენდმა უპასუხა, რომ ტრამპს აინტერესებს სერიოზული საქმეები, რომლებიც პრეზიდენტს ეხება, მაგალითად, ბაიდანთან დაკავშირებული გამოძიება.

დონალდ ტრამპისა და გორდონ სონდლენდის სატელეფონო საუბრის შესახებ ორი დღით ადრე გახდა ცნობილი. ამ თემაზე კონგრესის საჯარო მოსმენისას ისაუბრა კიევში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა უილიამ ტეილორმა, რომელმაც ამის შესახებ თავად დევიდ ჰოლმსისგან შეიტყო. ჰოლმსი კიევიდან კონგრესში დაიბარეს ტრამპის შესაძლო იმპიჩმენტის ფარგლებში ჩვენების მისაცემად, ვინაიდან სატელეფონო საუბარი ეხება მთავარ საკითხს, რომელზე პასუხის მოპოვებასაც ისახავს მიზნად ეს გამოძიება: მოითხოვა თუ არა ტრამპმა ზელენსკისგან Burisma-ს საქმიანობის თაობაზე გამოძიება, როგორც პირობა უკრაინისთვის შეჩერებული სამხედრო დახმარების განახლებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG