Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა ოქრიაშვილი ოპოზიციონერებს ფსევდოპოლიტიკოსებს უწოდებს


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ოპოზიციის წევრებს ფსევდოპოლიტიკოსებს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ისინი გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ მოქმედებენ. ოქრიაშვილის შეფასებით, ეს ადამიანები დაკვეთებს ასრულებენ.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2006 წლიდან დღემდე, უცვლელად ვუჭერ მხარს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას. ამის შესახებ გაცხადებული მაქვს არაერთი საჯარო ტრიბუნიდან, სადეპუტატო გამოსვლების დროს, მასმედიის ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელთან და რაც მთავარია, საკუთარ ამომრჩეველთან. მე მაქვს ჩემი აზრი და მყარი არგუმენტები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და კვლავ ვრჩები ამ სისტემის მხარდამჭერად.

მინდა, გამოვეხმაურო უპასუხისმგებლო, ფსევდოპოლიტიკოსთა გარკვეულ ჯგუფებს, რომლებიც ჩემს შეხედულებებსა და მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს მიზანმიმართულად ურევენ ჩემს მფლობელობაში არსებული კომპანიების საქმიანობასთან, რითაც ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ ჩემზე და ჩემს გადაწყვეტილებებზე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს ფსევდოპოლიტიკოსები არიან მართულნი კონკრეტული გასამრჯელოს სანაცვლოდ და როგორც წესი, პოლიტიკაში ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანები ასრულებენ დაკვეთებს, კონკრეტული დივიდენდების მისაღებად. მათი სურვილია, დააზიანონ ჩემი ბიზნესი და ამით მაიძულონ, უარი ვთქვა ჩემს პოლიტიკურ შეხედულებებზე. ჩემი ხედვები დაფუძნებულია ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებზე და არ ვაპირებ, ჩემი პოლიტიკური შეხედულებებით ვაჭრობას, საკუთარი ბიზნესინტერესების სასარგებლოდ“, - ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.

კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთია იმ სამ დეპუტატს შორის, რომელმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს არ დაუჭირა მხარი.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG