Accessibility links

ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: იქნება პიკეტირება, იქნება დაუმორჩილებლობაც, ყველაფერი კანონის ფარგლებში

გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ბოლომდე მიიყვანს:

  • ვადამდელი პროპორციული არჩევნები
  • მთავრობის გადადგომა და შემდეგი არჩევნების ჩატარება დროებითი მთავრობის მიერ
  • 20 ივნისს დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ესაა, გიორგი ვაშაძის თანახმად, ამოცანები, რომელთა განხორციელებასაც ოპოზიცია კონსტიტუციის ფარგლებში შეეცდება:

ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, რა უნდა გავაკეთოთ ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. ამიტომ პირველი, რა თქმა უნდა, არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი. მეორე - აქ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოვებთ წინააღმდეგობის არეალს. კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, იქნება დაუმორჩილებლობაც, ყველაფერი კანონის ფარგლებში, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუცია ჩვენია და არა ივანიშვილის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

ყველა ახალი ამბავი

ირაკლი კობახიძე: "დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან."

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა, განხილვის თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იყო, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - "დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება გუნდში კონსულტაციების გავლა.საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განიხილება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი. ჩვენს გუნდთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობის საკითხს და ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება”,- განაცხადა კობახიძემ.

დღევანდელი შეხვედრის შინაარსსა და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე საუბრობს შეხვედრიდან გამოსული “შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილიც.

“საუბარი გაგრძელდა კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, წინა შეხვედრა ძირითადად დაეთმო ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციული ნაწილის კონსტიტუციურობას, რომლის თაობაზეც ჩვენ, ცხადია, ვერ შევთანხმდით. ამიტომ დოკუმენტი გაიგზავნება ხვალ ვენაში, შემდეგ ვარშავაში. დღეს გაგრძელდა საუბარი მოთავაზების სხვა კომპონენტებზე. კერძოდ, 73 მაჟორიტარული მანდატის განაწილებისა და არჩევის წესზე. ამ თემებზე გვქონდა ურთიერთგაცვლა, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხზეც ვერ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ვთავაზობთ მრავალმაჟორიტარიან საპარლამენტო ოლქებს, სადაც ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს და ა.შ. სწორედ ამ საკითხზე, რაც ჩვენს შეტანილ კანონპროექტში წერია, მაჟორიტარულ ნაწილში, შემდეგ შეხვედრაზე ხელისუფლება მოვა პასუხებით"- აცხადებს დავით უსუფაშვილი

გიორგი ვაშაძე: "მომდევნო შეხვედრაზე “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი წინადადება უნდა წარმოადგინოს"

დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ,რიგით მეორე შეხვედრა რომელიც უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით წარიმართა. ოპოზიცია კვლავ ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვდა. შეხვედრიდან გამოსვლისას კომენტარი გააკეთა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშეძემ:

"პირველი, გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ ქართულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა კვლავ ძალაშია. მეორე- დიპლომატიური კორპუსის მხრიდან მოხდა შეთავაზება ჩვენი შეთავაზების ცალკეული კომპონენტების დამოუკიდებლად განხილვაზე, მათ შორის, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების დამოუკიდებლად განხილვაზე, რაზეც “ქართულ ოცნებას” არგუმენტი, რა თქმა, არ აქვს, რომ არ შეესაბამება კოსტიტუციას. ამიტომ მათ ითხოვეს დრო, რომ საბოლოო მოსაზრება ამ ცალკეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვას.

შეხვედრა კიდევ იქნება. “ქართული ოცნებისგან” ველოდებით, რომ შემდგ შეხვედრაზე ცალკეულ კომპონენტებზე კონკრეტულად უნდა იყოს განხილვა და მათ უნდა მოგვიტანონ საკუთარი წინადადება”,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, რათა “ქართული ოცნება” იძულებული იყოს საზოგადოებას მოუსმინოს.

მინსკში მეორე დღეა ტარდება აქციები რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ

მინსკში მეორე დღეა იმართება რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები დილიდან შეიკრიბნენ ოქტომბრის მოედანზე, შემდეგ გამართეს მსვლელობა, რომელიც შეჩერდა რუსეთის საელჩოს შენობასთან. აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის თეთრ-წითელი დროშები, რომელიც ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა; ევროკავშირის დროშები; ასევე პლაკატები წარწერებით: „არავითარი ინტეგრაცია!“. პოლიცია, ისევე როგორც შაბათს, არ ერევა მოვლენებში.

რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შაბათს დაიწყო ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის სოჭში შეხვედრის ფონზე. ვარაუდობდნენ, რომ მასზე ლუკაშენკა და პუტინი ხელს მოაწერდნენ რიგ დოკუმენტებს ორი ქვეყნის „ინტეგრაციის გაღრმავების“ თაობაზე. რა დოკუმენტებზეა ლაპარაკი, არ არის ცნობილი.

პუტინისა და ლუკაშენკას მოლაპარაკებები 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრესკონფერენცია არ გამართულა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა მოახერხეს რიგი სადავო საკითხების გადაჭრა, დანარჩენი კი ექსპერტების დონეზე განიხილება. ორი ქვეყნის ლიდერების შემდეგი შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება სანქტ-პეტერბურგში.

ბელარუსის ოპოზიცია ლუკაშენკასა და პუტინს შორის შეხვედრას „საიდუმლო გარიგებას“ უწოდებს. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბელორუსებს უვადო საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. ისინი შიშობენ, რომ ფაქტობრივად რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ქვეყანამ შეიძლება სუვერენიტეტი დაკარგოს.

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, რომლის თაობაზე ხელშეკრულებასაც 20 წლის წინ მოეწერა ხელი, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. კერძოდ, ის გულისხმობს ახალი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას.

ბელარუსში აპროტესტებენ რუსეთთან ინტეგრაციას
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

ცნობილია პრემია "საბას" 2019 წლის გამარჯვებულები

დღეს, 8 დეკემბერს, კონსერვატორიის დარბაზში ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები დაასახელეს.

პრემია 8 კატეგორიაში გაიცა:

  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა“ და ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ და ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“
  • წლის საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“​
  • წლის საუკეთესო თარგმანი ქართულად - ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“​ და ​ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“

  • წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“​
  • პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - მთარგმნელი მანანა გიგინეიშვილი

წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაზრდილია, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარია.

წელს პრემია არ გაიცა კატეგორიაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, რადგან ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

ჰონ-კონგში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ახალ საპროტესტო აქციაზე

ჰონ-კონგში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ახალ საპროტესტო აქციაზე. ეს აგვისტოს შემდეგ პირველი დემონსტრაციაა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. დემონსტრაცია ეძღვნება ადამიანის უფლებების დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად.

აქტივისტებმა პოლიციასთან შეთანხმებული მარშრუტით გაიარეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ჰონ-კონგის მცხოვრებლებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ძირს ცრემლმდენი გაზი“, „გასამართლდნენ მოძალადე პოლიციელები“, „თავისუფლება და დემოკრატია“. მიტინგის ორგანიზატორია ოპოზიციური მოძრაობა „ადამიანის უფლებების სამოქალაქო ფრონტი“.

სამართალდამცავმა ორგანოებმა გააფრთხილეს ორგანიზატორები, რომ მიტინგმა მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს და დასრულდეს არაუგვიანეს 22 საათისა (18 საათი თბილისის დროით). პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მსვლელობას მიუერთდნენ რადიკალი აქტივისტები, რომლებმაც შეიძლება გადაუხვიონ შეთანხმებულ მარშრუტს და არეულობის წამოწყებას შეეცადონ.

ანტისამთავრობო აქციის დაწყებამდე პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია 11 ადამიანი. მათ ჩამოართვეს იარაღი, ძირითადად სამხედრო დანები და პეტარდები. ერთ-ერთს ნახევრად ავტომატური პისტოლეტი აღმოაჩნდა.

ჰონ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები ივნისიდან მოყოლებული გრძელდება. თავდაპირველად ქალაქის მოსახლეობა აპროტესტებდა მატერიკულ ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონს. მათი აზრით, ამ კანონის გამოყენება შესაძლებელია დისიდენტების წინააღმდეგ. მოგვიანებით აქციების მონაწილეებმა დაიწყეს ჩინეთისგან მეტი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა. ისინი ასევე ითხოვენ პოლიციის მოქმედებების გამოძიებასა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.

შსს განცხადებას ავრცელებს ძიუდოისტის მონათხრობზე, რომ მას პოლიციელებმა სცემეს

ქართველი ძიუდოისტმა და მსოფლიო ჩემპიონმა, 19 წლის ლაშა ბექაურმა "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჰყვებოდა, რომ პოლიციელები 7 დეკემბრის საღამოს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავადაც გაუწია წინააღმდეგობა. ბექაურის თქმით, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ 10-ზე მეტი ადამიანი ურტყამდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს, სადაც განგვიცხადეს, რომ ბექაურის მიმართ დაწყებულია სამართალწარმოება:

"ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს".

იმაზე, თუ რა რეაგირება აქვს შსს-ს თავად ძიუდოისტის მონათხრობზე და პოლიციელებს გაესაუბრნენ თუ არა, შსს-ში არ ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ეს ინფორმაცია აქვთ.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

უცვლელად გთავაზობთ ბექაურის მიერ "ფეისბუკზე" გავრცელებულ წერილს, სანამ ის წაიშლებოდა.

"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლა, შე უზრდელოო.

მეთქი უზრდელიშენხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი, მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკო, შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ, როგორც კანონს შეეფერება, ამათი კანონების დედაც...ისე მოიქცევიანთქო და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ, ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.

ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა, შენ არიცი ჩვენ ვინ ვართო, მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას. იქვე სადღაც, მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში, ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა თქო და დაველაპარაკები ნორმალურად, ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ, გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად.

მეც რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი, ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა, რო სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო, შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო. მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა.

მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო. ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო. ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი...

მეც რა თქმა უნდა, არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი, ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო, რა პანიკებშიაო, მაგინებდა ისიც ტატამზე ხო არ გონია თავიო და იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერაო, აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა. მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..

ეს რომ ვუთხარი, მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზევნერვიულობდი, რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო თქო. მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი. მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი, რა ვუწოდო არვიცი.

დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილი რაღაც საზიზღრობა. თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდ,ი მეთქი ღამე როგორ გძინავს, ესეთ რაღაცებს რო აკეთებ თქო, თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი, შე უნამუსო.

მერე ერთი იძახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო. პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორტსმენია, რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის, თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ.

ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ. მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ, ვითომც არაფერი, კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები". მერე ერთი მეუბნება, შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო, ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება.

მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერე თქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კი არ ვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება...

და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა. აქამდე არვიცოდი რახდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ.

თავში მირტყამდნენ, ამათი დედა ვატირე, მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო, თორე ყველას ერთად ვცემდი,,,,, მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო, რამე ხოარ გჭირსო, ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი...

მერე ესე ვიჯექი, რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები, მეც არ გავტყდი რა თქმა უნდა, და მაგიტო გაჩერდნენ..თავი რო დაუხარო გადაგივლიან უფრო. მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს, მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭივარ,,,

მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ, წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო. მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო". რა მინდა ვთქვა, როგორ უნდა იცხოვრო ესე თუ ნაბიჭვრების ხელში, ესე უბრალოდ ძმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ, ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,,

და არ მესმის, აქ მუშაობდე და კაცო გერქვას ვინც არ უნდა იყო, მერე ყველას ვუთხარი, მეთქი სუფრაზე ადგებით თქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ...

რატო, რატო, აი რატო მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები, რატო უნდა ხდებოდეს ესე???

მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი, როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი, გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ, ჩემი სამშობლო და ის ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია, ის გავახარო....და ამას ესე არ დავტოვებ...“ - ნათქვამია ძიუდოისტ ლაშა ბექაურის "ფეისბუკის" პოსტში.

აშშ-მა განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბანთან

შერიგების პროცესის ფარგლებში გასამხედროებული დაჯგუფებების წარმომადგენლები იარაღს აბარებენ ჯალალაბადში. 2019 წ. 5 დეკემბერი.

აშშ-მა განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები რადიკალურ დაჯგუფება თალიბანთან. ეს მოხდა სამი თვის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, შეწყვეტილიყო დიალოგი, რომლის მიზანი ავღანეთში ომის დასრულებაა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც იმყოფება გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელობა, იტყობინება „ამერიკის ხმა“ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, მოლაპარაკების მიზანია, შემცირდეს ძალადობა, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს მოლაპარაკებები ავღანეთის შიგნით და ზავი. აშშ-ის დელეგაციას კვლავ ხელმძღვანელობს ზალმაი ხალილზადი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში.

შაბათს გამართული შეხვედრის ბოლოს თალიბანის წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა ტვიტერში დაწერა, რომ მხარეები კვირას კვლავ განაგრძობენ დისკუსიას.

სექტემბერში ტრამპმა შეწყვიტა თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მას მერე, რაც ქაბულში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო აშშ-ის ერთი სამხედრო მოსამსახურე.

ნოემბრის ბოლოს ტრამპი მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს. მან დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ განაახლა თალიბებთან მოლაპარაკებები და რომ თალიბანი მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად. ეს განცხადება თავად თალიბებმაც დაადასტურეს.

ფხენიანი: ბირთვული განიარაღება აღარ არის აშშ-სთან მოლაპარაკებების საგანი

კორეის სახალხო-დემოკრატული რესპებლიკის ელჩი გაეროში კიმ სონგი.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება აღარ არის აშშ-სთან მოლაპარაკებების საგანი, განაცხადა გაეროში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა კიმ სონგმა.

„ჩვენ არ გვჭირდება აშშ-სთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები“, თქვა სონგმა. მან დიალოგს, რომლისკენაც ისწრაფვის აშშ, უწოდა „ფანდი დროის მოსაგებად, რაც ამერიკის საშინაო პოლიტიკის ინტერესებშია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

ახლახან ფხენიანმა განაცხადა „ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდის“ შესახებ სოჰეს სარაკეტო პოლიგონზე. ამ ცნობის თანახმად, გამოცდები უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობაზე.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ინმა განაცხადა „ახალი გზის“ შესახებ მომავალ წელს. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ეს შეიძლება ნიშნავდეს ბირთვული ბომბებისა და შორი რადიუსის რაკეტების გამოცდის დაწყებას, რაც 2017 წელს შეწყდა, იტყობინება როიტერსი. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცდების შეწყვეტას ორ ქვეყანას შორის დიალოგში საკვანძო მნიშვნელობის გამარჯვება უწოდა.

გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს კვლავ მოუწოდა უფრო მოქნილი პოლიტიკისკენ დენუკლეარიზაციის საკითხში. პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განცვიფრებულია ფხენიანის არამეგობრული განცხადებით.

ნოემბერში კუსტარულად დამონტაჟებული 3867 ღია წვის კამერიანი დანადგარი ქსელიდან ჩაიხსნა

კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას და ნოემბრის თვის სტატისტიკას ავრცელებს. ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს გამათბობლები.

„მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისანი-ვაზისუბანი - 962; სამგორი - 878; საბურთალო - 449; გლდანი - 343; მთაწმინდა - 296;

სანზონა - 226; კრწანისი - 213; ნაძალადევი - 174; დიდუბე - 95; ჩუღურეთი - 84; ნუცუბიძე - 72; დიღომი - 41; ვაკე - 26; წყნეთი - 8.

„თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველებმა დასახლებულ პუნქტთან საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს

რუსთავის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გააპროტესტა მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს დაგეგმილი მშენებლობა რუსთავში, გარეჯის ქუჩის 28 ნომერთან, საწარმოს მშენებლობის ადგილზე. „ქარხნები შორს დასახლებული პუნქტებიდან!“ - მოითხოვდნენ აქციის მონაწილენი, რომელთა უმეტესი ნაწილი გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლები იყვნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, მათ ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო უარესად აისახება. მათივე განცხადებით, რუსთავის საწარმოო ზონაში უამრავი აუთვისებელი ტერიტორიაა, სადაც შესაძლებელია ახალი საწარმოების აშენება.

რუსთავის საკრებულომ კომპანია „ეკო ოილს“ მეორადი ტექნიკური ზეთის საწარმოს მშენებლობაზე ნებართვა მისცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ასევე, ამ ანგარიშის შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საკრებულოს შეეძლო მინისტრის ბრძანების უგულებელყოფა, რადგან გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მითითებული მინიმალური მანძილი 470 მეტრი, რომელიც ახალ საწარმოს დასახლებული პუნქტიდან აშორებს, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი გაცილებით მცირეა.

უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა ოდესაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

ხანძარი ოდესის ეკონომიკის, სამართლისა და სასტუმრო-რესტორნების ბიზნესის კოლეჯში. 2019 წ. 4 დეკემბერი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 დეკემბერი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოაცხადა ოდესის კოლეჯის შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 4 დეკემბერს ოდესის ეკონომიკის, სამართლისა და სასტუმრო-რესტორნების ბიზნესის სასწავლებელში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

კვირას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები, გაუქმდა გასართობი და საკონცერტო ღონისძიებები, შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს ტელე- და რადიოპროგრამებში.

ოდესის პოლიცია იტყობინება, რომ მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზისა და ეჭვმიტანილთა გამოსავლენად.

ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულები დღეს გამოვლინდებიან

დღეს, 8 დეკემბერს, 20:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ლიტერატურული პრემია "საბას" მეჩვიდმეტე დაჯილდოება გაიმართება. გამარჯვებულები 8 კატეგორიაში გამოვლინდებიან.

წელს პრემია არ გაიცემა კატეგორიაში წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა, რადგან ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

წლის საუკეთესო რომანი

აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“

„იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება, არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს“. (სულაკაურის გამომცემლობა)

ზურაბ ქარუმიძე, „Untergang: მოგზაურობა ევროპაში“

„ზურაბ ქარუმიძის რომანი ორი დიდი წიგნის ერთგვარი ანარეკლია. ეს წიგნებია: ფრიდრიხ ნიცშეს „ასე იტყოდა ზარატუსტრა“ და ლუის კეროლის „ელისი საოცრებათა ქვეყანაში.“ რომანის მთავარი პერსონაჟი, არა-ზეკაცი სახელად ზეროტუსტრა, იგივე ზერო, ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობს: ბრიუსელში, რომში, პარიზში, ლონდონში, სტოკჰოლმსა და ბერლინში. მის ამ მოგზაურობას თავისებურად წარმართავს შავწვერა თეთრი ბოცვერი, რომელიც მოულოდნელად გამოხტება ხოლმე და თავს იფეთქებს, შეძახილებით.
ევროპას კრიზისი უდგას, ცნობილ მოვლენათა გამო. კრიზისი უდგას ზეროტუსტრასაც – იგი გრძნობს, რომ ბერდება...“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ივა ფეზუაშვილი, „ფსკერის სახარება“

„ივა ფეზუაშვილის პირველი რომანი -„ფსკერის სახარება“, ბიბლიური სლენგით მოთხრობილი ჩვენი რეალობის ან ჩვენი შესაძლო რეალობის ანარეკლია – ამბავი, რომელშიც პერსონაჟები საკუთარ თავზე ფიქრს ყველაზე არაკორექტული კითხვით იწყებენ, რომელშიც სიმართლის ნახევარს ან ნახევრად სიმართლეებს ამბობენ, რომელშიც თბილისის მიწისქვეშეთს ქვემოთ კიდევ ერთი თბილისია – ფსკერი, საიდანაც ამოსვლა შეიძლება, გაქცევა კი არასდროს, რადგან მიწისქვეშეთიდან ამოსულებს პოლიციის მაღალჩინოსნები კიდევ უფრო ღრმა და უძირო ფსკერისკენ მიაქანებენ“. (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

ინა არჩუაშვილი, „მე ახლა არავის ველოდები“

„ეს წიგნი იმ გზაზე გვიყვება, რომელსაც ადამიანი მოსწავლეობიდან მასწავლებლობამდე გადის და მხოლოდ პროფესიას კი არა, მთელ მის ცხოვრებას მოიცავს. ამიტომ, აქ არავინ არავის ჭკუას არ არიგებს, არც აქებს ან უბრაზდება. ინა არჩუაშვილი ერთმანეთზე ბასრ, ცინცხალ და დაუვიწყარ ამბებს ყვება, სადაც ყველა თავის თავს იპოვის, მერე რა, თუ ამ ამბავთან ახლოსაც არ ჩაუვლია“. - ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“


„ზაალ სამადაშვილის ახალი მოთხრობები, ნოველები და მინიატურები დოკუმენტური სინამდვილეცაა და ჩვენი უახლესი წარსულის, რთული და ნაღვლიანი დროის უტყუარი ანაბეჭდიც. თუმცა, კარგი მწერლის ხელში სინამდვილეც სხვაგვარად იკითხება და მთავარი ამ წიგნში სწორედ ესაა – თხრობის თავისებურება“. - ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ნატო დავითაშვილი, „დაბრუნება – ადამიანები და სხვები“

ეს არის წიგნი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს - ადამიანებითა და სხვებით დასახლებული. (ქარჩხაძის გამომცემლობა)

გურამ მეგრელიშვილი, „საქართველოს ალტერნატიული რუკა“

„გურამ მეგრელიშვილის ახალი წიგნი სწორედ ისეთია, როგორი წიგნების წაკითხვაც ყველაზე მეტად მიყვარს – დაიწყებ და სანამ ბოლოში არ გახვალ, არ გაჩერდები და ავტორის ოსტატობის დამსახურება ისიც არის, რომ სამყარო, რომელსაც ის ქმნის, გაცილებით რეალურია, ვიდრე ის რეალური სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ნამდვილი ლიტერატურაც ესაა...“ - დათო ტურაშვილი (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პოეტური კრებული

ბექა ახალაია, „მტრედების იონა“​

„ოპტიკური ილუზიის თვალთახედვით, ამ წიგნს/პოეზიას ჯვრის ფორმა აქვს: ერთმანეთს მოულოდნელი ეფექტებით კვეთს ჰორიზონტის და ვერტიკალის სიმეტრია. მძაფრი (თვით)ირონია, ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება, ენობრივი ალუზიები და სიტუაციები კი მისტერიის სტრუქტურას იმგვარ პოეზიად გარდაქმნის, რომელიც აღარ იმღერება, არამედ იცხოვრება. ან, ითამაშება – უზადო ოსტატობით და სინამდვილესთან ეჭვმიუტანელი მსგავსებით“. - ნინო სადღობელაშვილი (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“

„წიგნში დაახლოებით 50-მდე ლექსია შეტანილი და არის ასევე ციკლი “ფაზლი“, სადაც ამდენივე ოდენობის მინიატურული ლექსია შესული. თემატიკა არის, რაც შეიძლება ათი წლის განმავლობაში ავტორს, პოეტს, ადამიანს აინტერესებდეს, აწუხებდეს, დაწყებული სიყვარულით, გაგრძელებული ღმერთთან ურთიერთობით, სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებით და ვერ პოვნით“, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა წიგნის პრეზენტაციისას. (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)

ეთერ თათარაიძე, „ორი, სამი, ოთხი“

„ორ, სამ და ოთხ სტრიქონში ჩატეული საქვეყნო ფიქრი და დარდი, სევდა და იმედი, ტკივილი და სიყვარული. მხოლოდ აუცილებელი სიტყვებით გამოხატული დიდი სათქმელი. ეს სახელ - გვარიც ერთმანეთს ძალიან უხდება, მაგრამ უკვე დადგა დრო, ჩვენი დიდებული პოეტი ქალი, უბრალოდ, ასე მოვიხსენიოთ: ეთერო. მისმა ლექსმა და პიროვნებამ ეს ჭეშმარიტად დაიმსახურა“, - წერს წიგნის რედაქტორი იოსებ ჭუმბურიძე. (გამომცემლობა „მერიდიანი“)

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ირაკლი მახარაძე, „კანვოი – რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები“

„წიგნი დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით მოგვითხრობს კანვოის ისტორიასა და კანვოელ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მსახურობდნენ საიმპერატორო კარზე 1811 წლიდან 1917 წლამდე, ანუ ნიკოლოზ II-ის გადადგომამდე. კანვოელთა სიაში ირიცხებოდნენ: სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძის ვაჟები – ნიკო და ანდრია დადიანები; გიორგი XII-ის შთამომავალი ალექსანდრე ამილახვარი; დავით (უჩა) დადიანი და სხვა დიდგვაროვანი ქართველები. ავტორი საინტერესოდ აღწერს ცხენზე მოჯირითე ქართველ კანვოელთა ისტორიებს; გვიამბობს, თუ რა პრივილეგიებით სარგებლობდნენ ისინი, რატომ ჰქონდათ განსაკუთრებული დამოკიდებულება იმპერატორთან ან რატომ ჩუქნიდნენ დედოფლები ხელმანდილებს“. (სულაკაურის გამომცემლობა)

ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“

„ვაშლის ბაღები“ 2008 წლის აგვისტოს ომგამოვლილი ადამიანების ზეპირი ისტორიების კრებულია.

დავით წერედიანი, „თემა და ვარიაციები“

დავით წერედიანის „თემა და ვარიაციები“ წლების განმავლობაში იწერებოდა, ავტორისთვის დამახასიათებელი სიდინჯით, აუჩქარებლობით, ამა თუ იმ საზოგადოებრივ-ლიტერატურულიპრობლემის სიღრმისეული გააზრებით.
ეს წიგნი ერთდროულად დღიურიცაა, პირადი ჩანაწერებიც, უაღრესად საინტერესო შემოქმედებითი ლაბორატორიის გასაჯაროების ცდაც და პროფესიული მასტერკლასიც, რომელიც ძალიან გამოადგება ყველას, ვისთვისაც ცხოვრება და ლიტერატურა მუდმივი ძიების, აზროვნების, კერპების მსხვრევისა და აღმოჩენების გამოა მიმზიდველი. (გამომცემლობა „ინტელექტი“)

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა, „sHEROes“

„ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბავია. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც​ არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში“, - ამბობს მწერალი სალომე ბენიძე (გამომცემლობა წიგნები ბათუმში)

ლანა ღოღობერიძე, „გამოსვლები, ინტერვიუები, წერილები“ (საქართველოს კულტურის პალატა)

რაც მაგონდება და როგორც მაგონდება, უოლტ უიტმენი, პარიზული ჩანაწერები, ქართულად ნათარგმანები, გამოსვლები, ინტერვიუები და წერილები – ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ლანა ღოღობერიძის ოთხტომეულში.

ცხოვრება დასასრულს უახლოვდება. წინ - მარადისობაა. ეს ფიქრი სევდიანია და თან შვების მომგვრელიც.

ვფიქრობ მოვლენებზე, რომელთაც განსაზღვრეს ჩემი ცხოვრება 21-ე საუკუნეში: ერთმანეთის მიყოლებით წავიდნენ ამ ქვეყნიდან ჩემი მეგობრები, რომლებთანაც მთელი ცხოვრება ვიარე. დაიბადა ჩემი კიდევ ერთი შვილიშვილი-ლანა, და სამი წლის წინ, შვილთაშვილი- ეკატერინე, რომელმაც ამ ზაფხულს დამშვიდობებისას მითხრა: შენ არ იტირო, მე ჩქარა მოვალო. მეც მინდა იგივე დავუბარო ჩემს ახლობლებს.

ეს დამშვიდობება მკითხველთან მინდა დავასრულო იოსიფ ბროდსკის ჩემ მიერ თარგმნილი სტრიქონებით:

დავეხეტები ქვეყანაზე ყარიბი მწირი და ბედისწერას შევთხოვ დანდობას, და ვიდრე მიწით სამუდამოდ დამიხშეს პირი, იქიდან მაინც აღმომხდება მხოლოდ მადლობა. - ამონარიდი ოთხტომეულიდან

სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“

„უცნობი ძველი აჭარა“ დასურათებულია უნიკალური ფოტომასალით, რომელიც XX საუკუნის 20-30-იანი წლებშია გადაღებული მაღალმთიან აჭარაში.

იმედია, ამ წიგნის მკითხველიც აღმოაჩენს აჭარას, რომელსაც ჯერ არ იცნობს, რომელიც შესაძლოა, არც უნახავს და, თუკი აჭარისწყლის ხეობას აუყვება და აღმართ-დაღმართებზე მიმოფანტული სოფლების დანახვისას სიახლოვის განცდა გაუჩნდება, ესე იგი, უნდა ვიფიქროთ, რომ ძველი, უცნობი აჭარა მისი ნაწილიც გამხდარა“. - სულხან სალაძე („გაზეთი ბათუმელები“)

წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“

„ფინეთის პატარა სოფლის მახლობლად, უცნაურ ტყეში, სადაც მუდმივად ზამთარია, ცხოვრობს უგო – პატარა ბიჭი, რომელსაც გარესამყაროსთან ურთიერთობას უკრძალავენ. სასახლეში გამოკეტილი უგოს ერთადერთი იმედი ინგეა – კეთილი და მამაცი გოგონა, რომელიც არც კი იცნობს მას, მაგრამ ძალებს არ იშურებს მის დასახსნელად. ბავშვების ხიფათით სავსე თავგადასავალი კი მას მერე იწყება, როცა ინგე უგოსგან უცნაურ შეტყობინებას მიიღებს. შეძლებენ კი ბავშვები, გაუმკლავდნენ დიდ ბოროტებას, რომელიც მხოლოდ მათ კი არა, მთელ კაცობრიობას ემუქრება მეცნიერების სახელით?“
„14 კრისტალის თეორიის“ ავტორი, ნილს სიმეონი, სინამდვილეში ახალგაზრდა რეჟისორი, მსახიობი, მხატვარი და სცენარისტი გიორგი მასხარაშვილია, ეს კი მისი სადებიუტო ნაწარმოებია, რომელიც ავტორისავე ილუსტრაციებითაა გაფორმებული“. (სულაკაურის გამომცემლობა)

ნეფერტარი (ნინო ჭიპაშვილი), „ბედუინი“

„ახალგაზრდა ქართველი ქალი ნინა კაიროში სტუმრად ჩადის ბიძასთან და მის დაუკითხავად მიემგზავრება საჰარაში საფარიტურზე, რომელიც, როგორც აღმოჩნდება, ადამიანების გამტაცებლების მიერაა ორგანიზებული. ჯგუფის გამყოლი ნინას ესვრის. დაჭრილი ნინა კლდოვან უდაბნო ჰამადში იკარგება. სრულიად მოუმზადებელს, მშიერმწყურვალს გარდაუვალი სიკვდილი ელის. უიმედოდ დარჩენილი გოგონა შემთხვევით გადაეყრება არაბულ ბედაურს, რომელიც მას თავის მძიმედ დაჭრილ პატრონთან მიიყვანს“. (სულაკაურის გამომცემლობა)

თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“

„ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი.

ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება“. (სულაკაურის გამომცემლობა)

დავით გორგილაძე, „ღმერთი სამსახურშია“

„დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია – უწყინარ გლობალურ ფორუმზე მივლინებისას სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი და ციხიდან ახალგამოსული იზა, რომელიც მოულოდნელად მილანში ჩარჩენილ თავის ყოფილ მოსწავლეს გადააწყდება; სავალდებულო სამხედრო გაწვევას გამოქცეული და „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გევორქა და თბილისის ქუჩებში უჩვეულო ამპლუით განკაცებული ღმერთი.
დათო გორგილაძის მოთხრობების კრებულში მთავარი ალბათ ისაა, რაზეც ერთგული ტაქსის მძღოლი ეპატიჟება ნაბახუსევ მგზავრს დილაუთენია: „ორი სავსე კათხა, ხუთი პატარა თევზი და ორი შავი პური“, და იქვე დააზუსტებს მენიუს: „თუ არ გვეყოფა, გავაბევრებთ“. (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ილია ჭანტურია, „ნინოშვილის 25“

„ნინოშვილის 25“ ილია ჭანტურიას სადებიუტო პროზაული კრებულია. მოთხრობების უმეტესობაში სიუჟეტი ავტორის მშობლიურ ქალაქში, ზუგდიდში ვითარდება. წიგნის მთხრობელები ახალგაზრდა გოგო-ბიჭები არიან – ეს ის თაობაა, რომელმაც აგვისტოს ომი გადაიტანა, მათმა მშობლებმა და უფროსმა და-ძმებმა კი სამოქალაქო ომი და დევნილობა გამოიარეს.

ქალაქი უმოძრაობაშია, პერსონაჟებს კი სურთ გაარღვიონ მოჯადოებული წრე. მათ ორი გზა აქვთ: განაგრძონ ბრძოლა ან შეეგუონ ამ უმოძრაობას. ავტორი ძირითადად საზოგადოების სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფ, მარგინალიზებულ და ჩაგრულ ნაწილს გვაჩვენებს, რომლებიც ხშირად თვითონვე ხდებიან მჩაგვრელები.

რაც ყველაზე საგულისხმოა, წიგნში მოცემული სოციალური თუ საზოგადოებრივი პრობლემები მხოლოდ ავტორის მშობლიურ ქალაქს არ მოიცავს, ის ბუნებრივად განზოგადდება და მთელ ქვეყანაში მიმდინარე რეალურ მდგომარეობას აირეკლავს“. - ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბოლოსიტყვაობიდან (გამომცემლობა „ინტელექტი“)

წლის საუკეთესო პიესა

მიხო მოსულიშვილი, „ობობა“

„პიესის მოქმედება 1990 წლის თბილისში ვითარდება. ნარკოტიკებზე დამოკიდებული შუახნის გიგის ჩაესმის ყვავების ჩხავილი და ნაბიჯების ხმა. მას ჰგონია, რომ გიგანტური ობობა მისდევს და გარბის ხოლმე, რათა როგორც ბუზი, ისე არ დაიჭიროს ობობამ და არ მოკლას... გიგი სიკვდილის წინ იხსენებს ცალკეულ სცენებს, საიდანაც ვიგებთ, რომ გიგი მამამ მიატოვა და გაჭირვების გამო მსუბუქი ყოფაქცევის ქალად გადაიქცა დედამისი ნინო. ეს გაიგო გიგის პაპამ, ნიკომ, მორიგ საყვარელთან ერთად ფოტოსურათები გადაუღო ნინოს, საქმე აღძრა სასამართლოში და თავის რძალს დედობის უფლება ჩამოართვა. ამის შემდეგ ნინო გაგიჟდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. გიგის ზრდის პაპამისი ნიკო, რომელსაც ეშინია თავისი ყოფილი მეგობრის დევისი: დიდი ხნის წინათ ნიკოს ცოლმა (ანამ) უღალატა დევისთან და როცა ნიკომ ის სახლიდან გააგდო, ფეხშიშველა მიდიოდა თოვლში ცოდვის მოსანანიებლად და გაიყინა...“ (saba.com.ge)

ბასა ჯანიკაშვილი, „სულები და თანამოაზრეები“

„ოთხი მეშახტე მიწისქვეშეთში ხვდება, სადაც ჰადესი და მისი მსახური ცერბერი ბიტკოინის მოპოვების ბიზნესში ჩაბმულან. მეშახტეები სხვადასხვა ქვეყნიდან და ეპოქიდან არიან: ქართველი ვაჟა ასლამაზიშვილი 1991 წლიდანაა, უკრაინელი პეტრო ბოიკო 2019-დან, გერმანელი კლაუს მიულერი 1866-დან, ხოლო ინგლისელი ჯონ ტეილორი 1984-დან.

რა უნდათ მეშახტეებს ღმერთისგან? შრომის უფლება, უსაფრთხოება, პირობების გაუმჯობესება, ღირსეულ შრომის ანაზღაურება... წინააღმდეგ შემთხვევაში მიწისქვეშეთის აფეთქებით იმუქრებიან. ჰადესი, როგორც ჭეშმარიტი ევროპელი ღმერთი მოლაპარაკების მომხრეა, თუმცა ეჭვი აქვს, რომ ეს ოთხი თავზეხელაღებული მეშახტე მისი ცოლის, პერსეფონეს მოსატაცებლად გამოგზავნა ზევსმა.

როდესაც მიწისქვეშეთში მოხვედრილი ოთხი მეშახტე ჰადესს ულტიმატუმს წაუყენებს და პირობების შესრულებას ელოდება, რა ხდება ხოლმე ასეთ დროს? გეტყვით! ასეთ დროს დგება სულებისა და თანამოაზრეების დრო“. (გამომცემლობა „ინტელექტი“)

ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“

„"დისტოპიესებში" შესულია სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებული 6 პიესა. წიგნის სათაურიც ყველაზე მეტად "კუნძულს" ერგება, რადგან ლორთქიფანიძე აქ ჟანრული კანონებით გაწერილ დისტოპიას ანუ ანტიუტოპიას ქმნის. მინიპიესებიდან მსგავსი თვისებები დაჰკრავს "ჩეხოვის წიგნს", "ანამ დახურა ფანჯრები" უფრო ალტერნატიული ისტორიის შეთხზვის მცდელობაა, "თევზის იავნანა" - ლირიკა, "შრედინგენის კატა მკვდარია" - აბსურდის თეატრის ნიმუშებისკენ იხრება, "ჩვენი მშობლიური ბიგმაკი..." კი სოციალური კომედიაა. ანუ თემატურადაც და ჟანრულადაც ერთი მიმართულება აქ არ ჩანს. ჩანს ის, რომ ორიგინალური ტერმინის მქონე სუბჟანრის გამოგონება ავტორისთვის მიმზიდველი იყო“. - შოთა იათაშვილი წიგნის შესახებ (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი

  1. ლევან ბერძენიშვილი, ესქილეს „ორესტეა“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  3. მაია ფანჯიკიძე, მაქს ფრიშის „შტილერი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  4. გურამ ღონღაძე, იენ მაკიუენის „ქვიან სანაპიროზე“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  5. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „ველური პალმები“ (გამომცემლობა „არტანუჯი“)
  6. დავით ახალაძე, ჯონათან საფრან ფოერის „უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს“ (გამომცემლობა „დიოგენე“)
  7. მაია ბადრიძე, ფრიდრიხ დიურენმატის „მინოტავრი. დავალება“, (გამომცემლობა „დიოგენე“)
  8. თამარ ჯაფარიძე, კაზუო იშიგუროს „დღის მიწურულს“ (გამომცემლობა „პალიტრა L“)
  9. ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (გამომცემლობა „ლოგოსი“)

ევროპარლამენტარი: "გერმანულ მოდელთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო მმართველი გუნდის პოზიცია"

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დიალოგი დადებითად შეაფასა და ასევე აღნიშნა, რომ ივნისში მიცემული დაპირების შეუსრულებლობა ნამდვილად არ არის კარგი გადაწყვეტილება, რადგან ეს მოსახლეობის უნდობლობას იწვევს.

„შეხვედრის დროს ოპოზიცია გამოვიდა ინციატივით, რომ არჩევნები გერმანული მოდელის მიხედვით ჩატარდეს, რასაც კონსტიტუციის ცვლილება არ სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა მოვისმინო მმართველი გუნდის პოზიცია, რადგან ეს მოდელი არჩევნების შედეგებს ყველაზე უფრო პროპორციულად წარმოადგენს. ამ სიტუაციაში დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანია. იმედია, მმართველი გუნდი აცნობიერებს, თუ რა პრობლემები შეიძლება მოჰყვეს მათ გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი აქ ყოფნა და მონაწილეობა სასარგებლო იქნება ორივე მხარისათვის“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის რიგით მე-8 ყოველწლიური სესია - „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვები“ დაიწყო.

ქართველმა ხელოვანმა გამოფენაზე $120-ათასიანი ბანანი შეჭამა

„მე პატივს ვცემ მაურიციოს, მაგრამ ეს არტპერფორმანსია „მშიერი არტისტი“, - თქვა ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა დეივიდ-დათუნამ და მაიამიში არტ-ბაზელის გამოფენაზე შეჭამა $120-ათასიანი ინსტალაცია ბანანი, რომლის ავტორიც მაურიციო კატელანია, ნამუშევარს კი „კომიკოსი“ ჰქვია.

სულ ამ ინსტალაციის სამი ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი საწყისი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო, მაიამის ერთ-ერთ სახელოვნებო აუქციონზე კი 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც მაურიციო კატელანმა აუქციონზე გაიტანა.

ნიუ-იორკ ტაიმსის ცნობით, გალერეა პეროტინი (Galerie Perrotin), რომელიც კატელანს წარმოადგენს მაიამის არტ-ბაზელზე, დეივიდ-დათუნას წინააღმდეგ სარჩელის შეტანას არ აპირებს. გალერეის წარმომადგენლებმა ბანანი შეცვალეს და ახლა კედელზე მიკრულია ახალი ბანანი, რომელსაც მაიამის პოლიცია იცავს.

„ნამუშევარი არ განადგურებულა, ვინაიდან ბანანი უბრალოდ იდეაა“, თქვა გალერეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

დეივიდ-დათუნა თბილისში დაბადებული და ნიუ-იორკში მოღვაწე პერფორმანს-არტისტია. თავისი ერთ-ერთი ნამუშევარი, სათვალეების ლინზებისგან დამზადებული ქართული დროშა, მან 2014 წელს გადასცა საჩუქრად საქართველოს პრეზიდენტს.

დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას გამართავენ

დღეს, 18:00 საათზე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, მეორე შეხვედრას გამართავენ.

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემა იქნება. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა 30 ნოემბერს გაიმართა.

ქართულმა წყვილმა ფიგურულ სრიალში იუნიორთა გრან პრის ოქროს მედლები მოიპოვა

იტალიის ქალაქ ტურინში იუნიორთა შორის ფიგურული სრიალის გრან პრის ფინალში ქართულმა წყვილმა, გიორგი რევიამ და მარია კაზაკოვამ ოქროს მედლები მოიპოვა. მათ 0,16 ქულით გაუსწრეს მეორე ადგილზე გასულ წყვილს ამერიკიდან.

გრან პრის ფინალურ ტურნირში ეს საქართველოსთვის პირველი ოქროს მედალია.

გრან პრის ფინალში მსოფლიოს ექვსი საუკეთესო დუეტი მონაწილეობდა.

გარდაიცვალა კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე

54 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი ზაზა ურუშაძე. შსს-ის თანახმად, მომხდარზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ზაზა ურუშაძე 1999-2000 წწ. იყო სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; 2002-2004 წწ. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი.

ზაზა ურუშაძე დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათთვის, ვინც მამამ მიატოვა" (1989), "აქ თენდება" (1998), "სამი სახლი" (2008), "დარჩი ჩემთან" (2011), "ბოლო გასეირნება" (2012), "მანდარინები" (2013); გადაღებულია ფილმში: "მე მოვედი" (1981).

მის მიერ გადაღებული ესტონურ-ქართული პროდუქცია „მანდარინები“ წარდგენილი იყო ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე და ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში იყო ნომინირებული.

კიევის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადასცა მასალები სეპარატისტთა სამხედრო დანაშაულებების შესახებ

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ჰააგაში.

კიევის თქმით, მან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა საბუთები, რომლებიც ადასტურებს აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მიერ უკრაინის არმიის ჯარისკაცების სიკვდილით დასჯას.

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მოეპოვება ფოტო- და ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ უკრაინის ცხრა სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას 2014 წელს სამხედრო მოქმედებების დროს ილოვაისკში და 2015 წელს დებალცევოში. მასალები მომზადებულია უკრაინის ადამიანის უფლებების ჰელსინკის კავშირთან თანამშრომლობით.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, მის ხელთ არსებული მასალები მეტყველებს, რომ მკვლელობები ჩაიდინა ე.წ. დონის არმიის კაზაკთა რაზმების კავშირმა. ფოტო- და ვიდეომასალა, ასევე თვითმხილველთა მონათხრობი, ადასტურებს, რომ ისინი მოკლეს ტყვეობისას.

„ამნესტი ინტერნეიშნელმა“ 2015 წელს განაცხადა, რომ მოეპოვება რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან „სიკვდილით დასჯის სტილში მკვლელობების“ დამადასტურებელი საბუთები.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილის შემდეგ 13000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ილოვაისკში 2014 წლის სექტემბრის და დებალცევოში 2015 წლის თებერვლის საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო. დასავლეთის დაზვერვისა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების თქმით, სეპარატისტებს რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილები უწევდნენ დახმარებას.

მოსკოვიდან დაბრუნებული ნინო ბურჯანაძე: ეს არ იყო ბოდიში, ეს იყო წუხილი

მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებული ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საკითხზე ბოდიში კი არ მოიხადა, არამედ წუხილი გამოთქვა.

„ბოდიში არ იყო. ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს, როგორც აქციის დარბევასთან დაკავშირებით, ასევე, იმ ძალიან უკიდურესად, ასე ვთქვათ, პროტესტის უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა. ეს ნამდვილად არ ეკადრება ქართველებს“, - ამბობს ბურჯანაძე.

ზაფხულში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, რის გამოც ქუჩის საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა, საქართველოს პარლამენტში „მომხდარი ანტირუსული პროვოკაციისთვის“.

პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაფრინდა. ბურჯანაძის თქმით, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე საუბარს იწყებდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხით, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშია დაკავებული.

„რუსეთის პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხედავენ ამ საკითხის არა მარტო ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც“, - ამბობს ბურჯანაძე და აგრძელებს, რომ მიიღო დაპირებები, რომ ქართველი ექიმი მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდება სახლში და რუსეთი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.

ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი "ენერგოტრანსის" დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი „ენერგოტრანსის“ დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ამ საკითხთან დაკავშირებით რადიო თავისუფლება ზარდიაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ საჯარო პირი აღარაა და ჟურნალისტებთან საუბრის ვალდებულება არ აქვს:

„არ გაქვს უფლება დამირეკო. როგორც კერძო საკუთრებაზეა, რომ არ გაქვს უფლება შეხვიდე, ასევე, პირადი სივრცის დარღვევაა“.

„ენერგოტრანსი“ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაახლოებით 290 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზებს ფლობს.

„ენერგოტრანსის“ 100% წილის მფლობელია “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“. სწორედ აქ დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას ზარდიაშვილის დანიშვნა.

სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია და მისი აქციების სრულ პაკეტს ფლობს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი - „საპარტნიორო ფონდი“. ამასთან, ორგანიზაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მართავს.

37 წლის ვანო ზარდიაშვილმა პარლამენტი - რომელშიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით მოხვდა - მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს დატოვა.

პარლამენტის ვებსაიტის თანახმად, ვანო ზარდიაშვილს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სპეციალობით ის სამართალმცოდნეა. დეპუტატობამდე ის იყო:

  • სახელმწიფო სამსახურის გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე (2013 - 2016)
  • სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი (2013)
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (2012 - 2013)
  • თბილისის საქალაქო სასამართლოს აპარატის უფროსი (2010 - 2012)
  • თბილისის მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო სამსახურის უფროსის მოადგილე (2007 - 2010)
  • თბილისის მერიის საერთო განყოფილების უფროსი (2007)
  • საქართველოს გენერალური პროკურორის მრჩეველი (2004 - 2006)

ყირგიზეთის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს პატიმრობა მიესაჯა კორუფციის ბრალდებით

საფარ ისაკოვი (მარცხნივ) და ჟანტორო სატიბალდიევი.

ბიშკეკის სასამართლომ ყირგიზეთის ორ ყოფილ პრემიერ-მინისტრს კოლონიაში პატიმრობა მიუსაჯა კორუფციის ბრალდებით.

ყოფილ პრემიერ-მინისტრ საფარ ისაკოვს 15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა. განაჩენის თანახმად, მას ჩამოერთვა დიპლომატიური რანგი და მეორე ხარისხის ორდენი „მანასი“. ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჟანტორო სატიბალდიევს შვიდ-ნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ქონების კონფისკაციით.

გარდა ამისა, ამავე საქმესთან დაკავშირებით დააჯარიმეს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ოლგა ლავროვა და ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი ოსმონბეკ არტიკბაევი. სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიესაჯა კიდევ რამდენიმე მაღალი რანგის მოხელეს.

სასამართლომ ყველანი დამნაშავედ ცნო ბიშკეკის თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის. ყირგიზეთის ამ უდიდესი თბოელექტროსადგურის მოდერნიზაცია განხორციელდა ჩინეთიდან აღებული კრედიტით, რომლის საერთო ღირებულება 386 მილიონი ამერიკული დოლარია. გარიგება 2013 წელს იქნა მიღწეული. 2018 წლის იანვარში ელექტროსადგურში მოხდა ავარია, რის გამოც ბიშკეკი გათბობის გარეშე დარჩა ზამთრის ყინვებისას.

თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული კორუფციის საქმეზე ბრალი წაუყენეს ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევსაც. მისთვის განაჩენი ჯერ არ გამოუტანიათ. ატამბაევი დანაშაულს უარყოფს და ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

თბილისში ბენზინგასამართი სადგური აფეთქდა, დაშავდა 5 ადამიანი

თბილისში, მეტროსადგურ "სადგურის მოედნის" მიმდებარედ, ფიროსმანის ქუჩის 33 ნომერში მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე "სენტა" აფეთქება მოხდა.

ინციდენტის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი - რომელთაგან ერთი არასრულწლოვანია - ადგილიდან სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 25 მეხანძრე-მაშველი.

პენტაგონი: ლიბიაში აშშ-ის დრონზე იერიში სავარაუდოდ რუსეთის მეომრებმა განახორციელეს

პენტაგონში ეჭვი აქვთ, რომ ლიბიაში ამერიკის დრონზე იერიში რუსეთის დაქირავებულმა მეომრებმა განახორციელეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იტყობინება აშშ-ის შეიარაღებული ძალების აფრიკის სარდლობაზე დაყრდნობით.

21 ნოემბერს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის მახლობლად დაკარგა უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის ტიპს არ ასახელებენ. აშშ-ის სამხედროები მიიჩნევენ, რომ ის რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს და მისი მართვა შეეძლოთ რუს დაქირავებულ მეომრებს ან ლიბიის ეროვნული არმიის ჯარისკაცებს, რომლებმაც ალყაში მოაქციეს ქალაქი.

აფრიკაში აშშ-ის ჯარების სარდლობის თქმით, აშშ დარწმუნებულია, რომ ადამიანებმა, რომლებმაც დრონი ჩამოაგდეს, არ იცოდნენ, რომ ის პენტაგონის უპილოტო საფრენი აპარატი იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის კონფლიქტში მათ მოწინააღმდეგეს ეკუთვნოდა. მაგრამ ლიბიის ეროვნულმა არმიამ დრონის ნამსხვრევების დაბრუნებაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ მათი ადგილსამყოფელი არ იცის. აშშ-ის სამხედროებს ამ ვერსიის არ სჯერათ.

ლიბიის ეროვნული არმია, რომელსაც გენერალი ხალიფა ჰაფტარი ხელმძღვანელობს, ებრძვის ტრიპოლიში გამაგრებულ ეროვნული თანხმობის მთავრობას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ არის აღიარებული.

როგორც სხვადასხვა წყარო ადასტურებს, ლიბიის ეროვნული არმიის მხარეს იბრძვიან რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები.

კახა ოქრიაშვილი: მე ვაჩვენე, რომ იუმორს აქვს ძალიან დიდი ძალა

დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: "სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!"

კამპანია „ვამხილოთ ფეოდალი მაჟორიტარების“ ფარგლებში დმანისში ჩასულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსანდრე ელისაშვილსა და მის გუნდს ქალაქის შესასვლელში დახვდა ბანერი წარწერით: „სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციის და არა მარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში!“

„წინა ხისთავიანი მაჟორიტარებისგან განსხვავებით, კახა ოქრიაშვილი გამოცდილი კაცია“, - ამბობს ალეკო ელისაშვილი და აგრძელებს: „მას აქვს მძაფრი პოლიტიკური ინსტინქტები და მიხვდა, საით უბერავს ახლა ქარი, სად არის ძალა, სად არის სიმართლე და, როგორც ჩანს, ახლა ხიდების აშენება უნდა ოპოზიციისკენ“.

დმანისისა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ბანერი მან გააკეთა, „საკუთარი სახსრებით“.

კახა ოქრიაშვილი
კახა ოქრიაშვილი

„სამი დღის წინ ვნახეთ ელისაშვილის პოსტი ფეისბუკზე, რომ ის აპირებდა დმანისში ჩამოსვლას. მის პოსტში აგრესიული განცხადებები იყო და მე გადავწყვიტე და ვთხოვე ჩემ მეგობრებს, ჩემი გუნდის წევრებს, რომ ჩვენ დავხვედროდით იუმორით. და დავხვდით იუმორით. თქვენთვის მისაღებია, რაც ხდება საქართველოში? როგორი ურთიერთობებიცაა პოლიტიკურ გუნდებს შორის? ჩემთვის მიუღებელია. აბსოლუტურად მიუღებელია ის რიტორიკა ჩემთვის, რა სიტყვებითაც მიმართავენ ერთმანეთს პოლიტიკოსები“.

რადიო თავისუფლება: იუმორი არის გამოსავალი?

კახა ოქრიაშვილი: მე ვაჩვენე, რომ იუმორს აქვს ძალიან დიდი ძალა. უფრო დიდი, ვიდრე - აგრესიას. მე არ ვიცი, აიტაცებენ თუ არა ამას, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს ასეა.

რადიო თავისუფლება: თუ აპირებთ შეხვედრას მათთან?

კახა ოქრიაშვილი: რა თქმა უნდა. გასული ერთი თვის მანძილზე ძალიან ბევრ პოლიტიკოსს დავურეკე. მინდა გავიარო ამ ხალხთან მათი არგუმენტაცია. არასატელევიზიო სივრცეში. მოდით დავსხდეთ ჩაისთან ერთად და ვისაუბროთ. თუ ვერ შევჯერდით არგუმენტაციაში, მერე გავიდეთ გარეთ.

რადიო თავისუფლება: დღეს თუ აპირებთ ელისაშვილთან შეხვედრას?

კახა ოქრიაშვილი: აუცილებლად შევხვდები. დღეს არა. მე ახლა წინანდალში ვარ. მე ვესაუბრე მას და შევთავაზე შეხვედრა ჩაიზე და საუბარი. ის დამთანხმდა. სხვათა შორის, არა მარტო მას, ბევრ პოლიტიკოსს დავურეკე და რამდენიმეს უკვე შევხვდი. მათ კთხვებზე მე პასუხები მაქვს, მაგრამ მეც ძალიან ბევრი კითხვა მაქვს. კონკრეტულად ელისაშვილთან ორი-სამი ძალიან საინტერესო კითხვა მაქვს, ნახევრად იუმორისტული.

რადიო თავისუფლება: მაგალითად?

კახა ოქრიაშვილი: არ გეტყვით, მერე გეტყვით. იუმორს დიდი ძალა აქვს. სხვათა შორის, ჟურნალისტები ხშირად ცეცხლზე ნავთს ასხამენ და აპირისპირებენ პოლიტიკოსებს. ეს ყველაფერი მე ძალიან მაწუხებს. ჩვენ ძალიან ხარისხიანი პოლიტიკა გვჭირდება.

რადიო თავისუფლება: ხელისუფლების როლი რა არის ხარისხიანი პოლიტიკის ჩამოყალიბებაში?

კახა ოქრიაშვილი: არ ვიცი. ყველას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ხელისუფლებას ყოველთვის უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ არანაკლები პასუხისმგებლობა აქვს ყველა დანარჩენს, ვინც თავის თავს პოლიტიკოსს ეძახის.

მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 14 ნოემბერს ჩააგდეს თავიანთი ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად, საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო. ამის გამო, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, ქუჩის აქციების რეჟიმშია.

სპეციალისტები: 2017 წელს მაკრონის საარჩევნო შტაბის სერვერებზე იერიშის უკან გრუ იდგა

ემანუელ მაკრონი

კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვას დაუკავშირეს 2017 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის სერვერის გატეხვა. ამის შესახებ Le Monde-ი იტყობინება Google-ისა და კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული კომპანიის, FireEye-ის კვლევით ჯგუფებზე დაყრდნობით.

მაკრონის შტაბის მიმოწერაში შეღწევის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის გაზაფხულზე. ინტერნეტში გამოქვეყნდა 9 გიგაბაიტი დოკუმენტები არჩევნებისთვის მზადების თაობაზე, მათ შორის, ათიათასობით წერილი პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა მიმოწერიდან. იმავე წლის ივლისში შტაბის 20 ათასზე მეტი წერილი გამოაქვეყნა WikiLeaks-მა.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა მონაცემებით, მაკრონის შტაბზე თავდასხმის უკან დგანან დაჯგუფებები Fancy Bear-ი და Sandworm-ი. ორივე გრუ-სთან დაკავშირებულ რუსულ დაჯგუფებებად ითვლება. ამ ჯგუფების ჰაკერებს სხვადასხვა დროს ადანაშაულებდნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა და ევროპარლამენტის მოხელეთა სერვერების გატეხვაში.

რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ნებისმიერ კიბერთავდასხმასთან კავშირს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG