Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი შარშან ხელში ჩაგდებულ სამხედრო გემებს უბრუნებს უკრაინას


უკრაინის სამხედრო გემები ქერჩიდან გაჰყავთ. 2019 წ. 17 ნოემბერი
უკრაინის სამხედრო გემები ქერჩიდან გაჰყავთ. 2019 წ. 17 ნოემბერი

რუსეთის მიერ 2018 წლის ნოემბერში ხელში ჩაგდებული სამი უკრაინული სამხედრო გემი ქერჩის აკვატორიიდან გავიდა რუსეთის სანაპირო დაცვის თანხლებით.

როგორც უკრაინის მედია იტყობინება, დღეს გემებს უკრაინას გადასცემენ „ნეიტრალურ წყლებში“. მათ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან ელოდება უკრაინის სამი ბუქსირი, რომლებმაც უკრაინის სამხედრო გემები რუსეთის სასაზღვრო დაცვისგან უნდა გადაიბარონ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, ანდრეი ერმაკმა გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს უკრაინის სამხედრო გემების დაბრუნების უკანასკნელი ეტაპი.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ. დააკავეს გემების ეკიპაჟი - უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურე.

მეზღვაურებს ბრალად დასდეს რუსეთის კანონების დარღვევა და ცხრა თვის შემდეგ გაცვალეს უკრაინის მიერ დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებში.

მაისში, გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ რუსეთმა ხომალდები უკრაინას უნდა დაუბრუნოს. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ცნობს ამ საკითხში სასამართლოს იურისდიქციას. კიევმა მრავალჯერ მიმართა მოსკოვს გემების დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა აქამდე ვერ მოხერხდა.

როგორც რუსეთის გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, უკრაინელი მეზღვაურების პირადი შეიარაღება, ასევე რადიოაღჭურვილობა და ხომალდების დოკუმენტები რუსეთში დარჩება. ისინი ნივთმტკიცებულებად გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აღძრეს უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG