Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იური უშაკოვი: წელს შეიძლება გაიმართოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული სამიტი


იური უშაკოვი
იური უშაკოვი

კრემლის მაღალი რანგის მრჩეველმა, იური უშაკოვმა, კვირას განაცხადა, რომ წლის ბოლომდე შეიძლება გაიმართოს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისკენ მიმართული სამიტი. უშაკოვის მიერ 17 ნოემბერს სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებული კომენტარი ეხმიანება კრემლის პრესსპიკერის მსგავს განცხადებას, რასაც იმის სიგნალად მიიჩნევენ, რომ კრემლი ემხრობა უკრაინაში კონფლიქტის დასრულების გზების ძიებას. 2014 წელს დაწყებულ კონფლიქტს დღემდე 13 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გასულ კვირაში საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ 9 დეკემბრისთვის დაგეგმილია საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთისა და უკრაინის ლიდერთა შეხვედრა. მაგრამ მოსკოვს არ დაუდასტურებია შეხვედრაში მონაწილეობის მზადყოფნა.

17 ნოემბერს ტელეარხ „როსია-1“-ის ეთერში გამოსვლისას უშაკოვმა თქვა, რომ შეხვედრა წელს გაიმართება. „ვფიქრობ, მოხერხდება [სამიტის] წელს ჩატარება, - თქვა უშაკოვმა, - ზუსტი თარიღის დასახელება არ შემიძლა, ვინაიდან ამაზე ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, მაგრამ აშკარად წელს იქნება“.

მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ინტერფაქსთან საუბარში თქვა, რომ ნებისმიერი სამიტის ჩატარება პირდაპირ არ იქნება დამოკიდებული აღმოსავლეთ უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე. ეს საკითხი წინათ დაბრკოლების მიზეზი ხდებოდა ხოლმე.

რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ხელში ჩაგდებისა და მოსკოვის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტული ომის მხარდაჭერის დაწყებიდან ხუთი წლის შემდეგ, კიევმა და მოსკოვმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს დაძაბულობის შესასუსტებლად. წელს ორმა მხარემ პირველად გაცვალა პატიმრები. მიმდინარე თვეში კი უკრაინის სამთავრობო ჯარებმა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედმა სეპარატისტებმა დაიწყეს ჯარების გაყვანა აღმოსავლეთ უკრაინის სოფლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG