Accessibility links

logo-print logo-print

არასამთავრობო სექტორში განმარტავენ, რომ "გერმანული მოდელი" კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება


ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მოსაზრებით, ე.წ. გერმანული მოდელით საქართველოს მოქმედი საარჩევნო სისტემის მოდიფიცირება არ ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, როგორც ამას მმართველი პარტია აცხადებს

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ განმარტავენ, რომ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით, მომდევნო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი შედგება 77 პროპორციული და 73 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან, კონსტიტუცია განსაზღვრავს მხოლოდ პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების რაოდენობას და არ აკონკრეტებს, შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციული და მაჟორიტარული კომპონენტები პარალელურია თუ პროპორციული სიის განაწილება დამოკიდებულია მაჟორიტარულ ოლქებში დამდგარ შედეგებზე.

„ორივე კომპონენტში ადგილების განაწილების წესს განსაზღვრავს საქართველოს საარჩევნო კოდექსი, რომელიც, დღეს არსებული რედაქციით, პროპორციულ კომპონენტში ადგილების მაჟორიტარულისგან დამოუკიდებლად განაწილებას ითვალისწინებს. აღნიშნული გარემოება იძლევა საშუალებას, საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანით საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებისთვის ამოქმედდეს შერეული საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი, ისე, რომ არ შეიცვალოს პროპორციული და მაჟორიტარული ადგილების კონსტიტუციით განსაზღვრული თანაფარდობა პარლამენტის სრულ შემადგენლობაში“, - ნათქვამია ოთხი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დღეს, 18 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში.

მათი შეფასებით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოქმედი საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვერსიით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს და 2020 წლის არჩევნების შედეგად შესაძლებელს გახდის საპარლამენტო მანდატების უფრო სამართლიან გადანაწილებას.

პარლამენტის მიერ ე.წ. გერმანული მოდელის მიღების ინიციატივა ოპოზიციას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG