Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდელმა ექიმებმა ოს და აფხაზ კოლეგებს ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს


ექიმების აქცია ზუგდიდში, კლინიკა "გულთან"
ექიმების აქცია ზუგდიდში, კლინიკა "გულთან"

ზუგდიდში გაიმართა „თეთრი ხალათების აქცია“ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით.

„ჩვენ გვინდა, ჩვენს ოს კოლეგებს, პირველ რიგში, მეგობრებს, ასევე, აფხაზ ძმებს, კოლეგებს, ექიმებს ვუთხრათ, გამოვიდნენ და ჩვენსავით დადგნენ ქართველი ექიმის გვერდით და მოითხოვონ მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება. თავისუფლება ვაჟა ექიმს“, - განაცხადა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ნიკა ჭეჟიამ.

აქცია გამართეს კლინიკა „გულის“ ექიმებმაც. მათ გამოფინეს ბანერები, წარწერებით: „ექიმი ხელშეუხებელია“, „თავისუფლება ვაჟა ექიმს!“

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს გმირ ექიმს და ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა მედეა ჯალაღონიამ.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით „თეთრი ხალათების აქცია“ საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 12 საათზე გაიმართა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG