Accessibility links

logo-print logo-print

მამუკა მდინარაძე: პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ჩარჩოში


„პროტესტი უნდა დარჩეს კანონის ფარგლებში“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

„პარლამენტის ფუნქციონირება უნდა იყოს უზრუნველყოფილი, სამართალდამცავმა ორგანოებმა ეს უნდა უზრუნველყონ, უნდა აღკვეთონ ნებისმიერი უკანონობა, უნდა ჩატარდეს ბიუროს სხდომა და უნდა გაგრძელდეს პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში ბიუროს სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტის შესასვლელებთან კარვებია გაშლილი. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ პარლამენტის შენობაში დეპუტატების შესვლას, სანამ არ შესრულდება უმთავრესი მოთხოვნა - ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარება.

აქციის მონაწილეები „ქართულ ოცნებასა“ და მის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG