Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოზარ სუბარი: აღკვეთილია უკანონობა


სოზარ სუბარი
სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარლამენტთან სპეცოპერაციით ხელისუფლებამ უკანონობა აღკვეთა. მისი შეფასებით, საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაცულია ისევე, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, თუმცა, როცა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება ხდება, სახელმწიფო მოვალეა, იმოქმედოს:

„აღკვეთილია უკანონობა, რომელიც ხდებოდა და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ გაემართლებინათ მომიტინგეები, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონობა, თვით მომიტინგეების და მათი ლიდერების ჩათვლით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მომიტინგეთა თავდასხმები პოლიციელებზე კი აღმაშფოთებელი იყო. ამ მხრივ სოზარ სუბარმა განსაკუთრებით გამოყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე:

„გამოვყოფ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის, მათი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კულტურისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როდესაც თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს ურტყამდა და უტყამდა. ეს სცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, ამის გამო ნაციონალური მოძრაობა გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის არსებობს პარლამენტი, მაგრამ მიუღებელია ულტიმატუმების ენა და პარლამენტის კარებზე ბოქლომების დადება.

მისივე განმარტებით, დიალოგი განხორციელდება იმ ფარგლებში, რაზეც პარტიის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. „არჩევნებისკენ მივდივართ და იქ გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში, პარლამენტთან მიმდინარე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.

18 ნოემბერს პოლიციამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გაწმინდა პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციის მიერ მოწყობილი პიკეტი. პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციამ 17 ნოემბერს ჩახერგა. პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

კანონპროექტს „ქართულმა ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა 14 ნოემბერს არ დაუჭირა მხარი, რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება შეუძლებელი გახდა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მას შემდეგ პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

XS
SM
MD
LG