Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული გიორგი რურუა ადვოკატმა მოინახულა


საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ გიორგი რურუას ბრალს სავარაუდოდ, დღეს, 19 ნოემბერს წაუყენებენ. მისი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, რურუას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.

გიორგი რურუა ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს. ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს.

„დოკუმენტურად გაუფორმეს, რომ თითქოს ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი ისე, რომ თვალითაც არ უნახავს დღემდე რურუას ის იარაღი, რომლის ტარებასაც ედავება უწყება. ბუნებრივია ეს უკავშირდება მის აქტიურობას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას“, - უთხრა „რუსთავი 2“-ს დიმიტრი საძაგლიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შემდეგ.

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა იქნება, რომ გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოს.

გიორგი რურუა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრის, 2018 წლის დეკემბერში გარდაცვლილი ნიკა რურუას ძმაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG