Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. გენოციდის აღიარებას ევროპარლამენტისგანაც ითხოვს


დიმიტრი მედოევი
დიმიტრი მედოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი აპირებს, ამ კვირის პარასკევს, ევროპარლამენტს მიმართოს, რათა მან განიხილოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის თხოვნა, „1920 წელს, საქართველოს მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდის აღიარების შესახებ“.

დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, „რეს“-ის ცნობით, მედოევმა, რომელიც იტალიაში იმყოფება, ევროპარლამენტისადმი მიმართვის განზრახვაზე ილაპარაკა რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების“ მიმართვის შემთხვევაში, იტალიელი იურისტები მზად არიან, გენიციდის საკითხში „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესები დაიცვან საერთაშორისო ინსტანციებში. მედოევის ინფორმაციით, ის შეხვდა საადვოკატო ფირმის Libonati& Libonati-ს ხელმძღვანელ ანტონიო ლიბონატის, რომელიც თანახმაა ოსური მხარისგან მიღებულ დოკუმენტებს გაუკეთოს სამართლებრივი ანალიზი და საერთაშორისო სამართლის ნორმებს შეუსაბამოს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა ივლისის ბოლოს რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს მიმართა, აღიარონ „1920 წელს, ქართველი ნაციონალისტების მიერ სამხრეთელი ოსების გენოციდი“. მიმართვის თანახმად, „1920 წლის ივნისში, მთავრობამ, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჯარი გაგზავნა სამხრეთ ოსეთში, სადაც საბჭოთა რუსეთთან შეერთება სურდათ და გაანადგურა დასახლებული პუნქტების უდიდესი ნაწილი“.

ამავე მიმართვის მიხედვით, „ჯერ გერმანიის, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის საოკუპაციო ძალების მიერ შეიარაღებულმა და აღჭურვილმა ქართულმა არმიამ მასობრივად გაანადგურა ოსი მოსახლეობა, რამდენიმე ათასი ადამიანი“. დე ფაქტო პარლამენტს მოჰყავს გაურკვეველი წყაროს მონაცემები, რომ 1920 წელს გაანადგურეს ოსური მოსახლეობის 8-დან 25%-მდე.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის მიმართვას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომ 1918 წელს აფხაზეთში და 1920 წელს „სამხრეთ ოსეთში“ განვითარებული მოვლენები გენოციდი იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG