Accessibility links

site logo site logo

გიგა მაქარაშვილი სასამართლოში: შევდივართ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება


გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის განახლების წინ, 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სასამართლოსგან ადეკვატური მოლოდინი არ აქვს, თუმცა დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდებით „დუღილის ტემპერატურა“ კიდევ უფრო აიწევს:

„პროცესი იყო გუშინ, მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ხელი ვერ მოაწერა. ბევრი საათი ეცადა, ეცადა, ეცადა, ეცადა, მაგრამ ხელი ვერ მოაწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის დასაწყისი, კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასასრულის.

ვფიქრობთ, რომ ადეკვატური მოლოდინი არ უნდა გვქონდეს არც დღეს სასამართლოსი. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ისევ ჩაგვსვან, თუმცა ამით კიდევ უფრო აწევენ ტემპერატურას დუღილის. რამდენი დამატებით წუთს ჩვენ იქ გავატარებთ, მით უფრო შეუმცირდება ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას მმართველობაში ყოფნის დრო. მოკლედ, შევდივართ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა სხდომის წინ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა 18 ნოემბერს დაკავებული 36 ადამიანი.

მოსამართლემ, აგრეთვე, იმსჯელა პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა 20 ნოემბერს 17:50 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა და მათი პროცესები გადადო. პროცესები საქალაქო სასამართლოში განახლდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG