Accessibility links

თამარ ჩუგოშვილი: ახალ ფრაქციაში იქნება კარგი რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციებისთვის


უმრავლესობიდან 14 ნოემბერს გასული დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე და სოფიო ქაცარავა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარტიის შექმნას არ გეგმავენ. ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა: „გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე“.

„პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში, რადგან სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გეგმები, პირველ რიგში, დაკავშირებულია დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლმენტო საქმიანობის ვადის ღირსეულად დასრულებასთან.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის შექმნას, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, კონსულტაციები მხოლოდ იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგების გამო.

„ჯერჯერობით, კოლეგებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის. ჯერჯერობით გვარებს და დეტალებს სრულად ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება... ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ფრაქციაში, თუ ის შეიქმნება, - და მე იმედი მაქვს, რომ შეიქმნება, - იქნება საკმაოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, ფრაქცია ორგანიზებული საპარლამენტო საქმიანობის კარგი ფორმაა. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ფრაქცია მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრმა, გიორგი ბეგაძემ. ამასთან, სოფიო ქაცარავამ უარი თქვა დეპუტატის მანდატზეც.

15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG