Accessibility links

ახალი ამბები

ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამძაფრებს ეჭვს, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ დირექტორს აირჩევს:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“
, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას

ქარტია მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა.


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 18 ნოემბერს განახლდა და 20 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდა. კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 7 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია.

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მაუწყებლის კერძო საჩივარი და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მეოთხე კონკურსი შეჩერებული იყო.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს მისი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.​

ყველა ახალი ამბავი

WADA-მ მკაცრი სანქციები დაუწესა რუს სპორტსმენებს

რუს სპორტსმენებს 4 წლით აეკრძალათ საერთაშორისო ასპარეზობებში, მათ შორის ოლიმპიადაში მონაწილეობა. ამ გადაწყვეტილებით დასრულდა მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს (WADA) აღმასრულებელი საბჭოს 9 დეკემბრის სხდომა.

(WADA) პანელი 25 ნოემბერს გამოვიდა რეკომენდაციით, რუსეთს ოთხწლიანი აკრძალვა დაუწესდეს მსოფლიოს ანტისადოპინგო წესების დაუცველობის გამო. ​ WADA-ს კომისია რუსეთს ბრალს სდებს იმ ლაბორატორიული მონაცემების გაყალბებაში, რომელიც გამომძიებლებს მიაწოდეს.

სკანდალი დასაბამს იღებს 2014 წლის ზამთრის სოჭის ოლიმპიადიდან, როდესაც გამოვლინდა სახელმწიფოს მონაწილეობით დოპინგის მსხვილმასშტაბიანი აფერა რუსი სპორტსმენების შედეგების გაუმჯობესების მიზნით.

2018 წელს WADA-მ გააუქმა აკრძალვა, რაც სამი წლის განმავლობაში ჰქონდა დაწესებული რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო РУСАДА-ს იმ პირობით, თუ რუსეთი გადასცემდა 2012-2015 წლების სადოპინგე მონაცემებს.

მაგრამ 25 ნოემბერს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA)განაცხადა, რომ რუსეთმა იანვარში გამომძიებლების გაყალბებული ლაბორატორიული მონაცემები მიაწოდა.

WADA მოითხოვს, რომ რუსეთის სადოპინგე კომიტეტს ოთხი წლით ჩამოერთვას საქმიანობის, ხოლო რუს სპორტსმენებს დიდ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის, უფლება. წინადადება შეეხება როგორც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებს, ისე სხვა საერთაშორისო ასპარეზობს.

რუსეთი ამ განზრახვას უწოდებს "ბრძოლას წესების" გარეშე, რაც მიზნად ისახავს რუსეთის გამოდევნას საერთაშორისო ასპარეზობებიდან.

"იძებნება ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების ქურდი" - აქცია სასტუმრო "ბილტმორთან"

სასტუმრო „ბილტმორთან“ საპროტესტო აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები. მათი განცხადებით, შეკრების მიზანია, საქართველოს უცხოელ პარტნიორებს გააგებინონ, რომ ქვეყანაში არის ერთპიროვნული მმართველობა და ამიტომ ითხოვენ პროპორციულ არჩევნებზე გადასვლას.

აქციის ორგანიზატორებმა სასტუმრო „ბილტმორთან“ საარჩევნო ყუთი დადგეს, რომელზეც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ფოტოა მიკრული წარწერით - „იძებნება ბიძინა ივანიშვილი, არჩევნების ქურდი“.

„ბიძინა ივანიშვილმა თავისი დაპირება არ შეასრულა და მოგვპარა სამართლიანი არჩევნები და პროპორციული არჩევნები“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა. ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები ესწრებიან.

ზელენსკი და პუტინი პირისპირ პირველად შეხვდებიან ერთმანეთს ელისეს სასახლეში

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ორმხრივი შეხვედრა პარიზში 9 დეკემბერს გაიმართება „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ. მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში, ელისეს სასახლეში ერთმანეთს შეხვდებიან საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერები. წინასწარი ინფორმაციით, სამიტი დაახლოებით 3 საათამდე გასტანს.

კრემლის თანახმად, რუსეთის დელეგაციაში შედიან ასევე კომპანია „გაზპრომის“ თავმჯდომარე ალექსეი მილერი, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი და პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი.

რუსული გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი „ნორმანდიულ ფორმატში“ მკაცრად დაიცავს ადრინდელ პოზიციას და შეეცდება მიაღწიოს დონბასის შესახებ ადრე მიღწეული შეთანხმებების შესრულებას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს კოლეგასთან შეხვედრის დროს წამოჭრის ყველა პატიმრის ახალ წლამდე უპირობოდ გათავისუფლების საკითხს და გეგმავს, ისაუბროს დონბასიდან ყველა უკანონო ფორმირების გაყვანის, ყველა სასაზღვრო პუნქტზე უკრაინის კონტროლის აღდგენისა და დონბასში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მხოლოდ ამის შემდეგ გამართვის შესახებ.

9 დეკემბერს პარიზში შედგება "ნორმანდიული ოთხეულის" შეხვედრა

9 დეკემბერს პარიზში შეხვედრას გამართავენ „ნორმანდიული ოთხეულის“ ქვეყნების ლიდერები: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. შეხვედრაზე განიხილება უკრაინის აღმოსავლეთში, დონბასში მიმდინარე საომარი მოქმედებების შეწყვეტის, ტყვეების დაბრუნებისა და დონბასში ადგილობრივი არჩევნების ჩატარების საკითხები. „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრამდე მხარეები დათანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულას, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის შემადგენლობაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების განსაკუთრებული სტატუსის განსაზღვრას იქ ეუთოს სტანდარტების შესაბამისი დემოკრატიული და სამართლიანი, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდეგ.

მოლაპარაკებები გაიმართება ელისეს სასახლეში, ადგილობრივი დროით 17:00 საათზე. ერთობლივი პრესკონფერენცია 19:00-ზეა დაგეგმილი.

ოფიციალურად არ არის ცნობილი, შედგება თუ არა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. უკრაინული სააგენტო „უნიანის“ თანახმად, ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეს სასახლეში მივა 14:55-ზე და გამართავს შეხვედრას ანგელა მერკელსა და ემანუელ მაკრონთან. „უნიანის“ ინფორმაციით, ზელენსკი-პუტინის პირისპირ შეხვედრა გაიმართება ოთხეულის მოლაპარაკებების შემდეგ. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის პერსპექტივაში.

კიევში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 8 დეკემბერს იქ კარვებიც გაშალეს.

„ნორმანდიული ოთხეული“ 2014 წლის ივნისში შეიქმნა. ის 2016 წლის შემდეგ არ შეკრებილა. ფორმატის მიზანი „მინსკის შეთანხმებების“ შესრულების ხელშეწყობაა.

"თავისუფლების ინსტიტუტი" რუსეთის მტრულ სახელმწიფოდ გამოცხადებას მოითხოვს

რუსული ოკუპაციის შედეგად გავლებული მავთულხლართები ხურვალეთი

„თავისუფლების ინსტიტუტი“ მოითხოვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ რუსეთთან მოლაპარაკებები აკრძალოს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარავში დღეს, 9 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფლების ინსტიტუტის“ დირექტორმა სალომე ხვადაგიანმა განაცხადა, რომ საქართველოში რუსული კულტურის ცენტრის გახსნის მოწინააღმდეგეთა პეტიციას, რომელიც ორგანიზაციის ინიციატივით მომზადდა, ხელს უკვე აწერს 3500-მდე ადამიანი.

"დღემდე რუსეთი ეწევა ჩვენს ყოველღიურ რეჟიმში ანექსიას. საქართველოს მოქალაქეები არ არიან დაცული და ყოველდღიურად უწევთ რუსეთის სამხედროებთან ურთიერთობა და დღემდე, ვაჟა გაფრინდაშვილი არის მარიონეტული რეჟიმის მიერ დაკავებული. ამ პირობებში, როდესაც არის საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფილიალის გახსნაზე საქართველოში, ეს არის წარმოუდგენელი სითავხედე და რაც მთავარია, საშიშია. მსგავსი ცენტრები როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე გამოცდილებით, ყოველთვის გამოიყენებოდა რუსეთის ჯაშუშური ქსელის საფრად," - განაცხადა "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლებას არ ესმის, რა საფრთხის შემცველია მსგავსი ცენტრი თბილისში, ამის გააზრებაში მოქალაქეები დაეხმარებიან.

„თავისუფლების ინსტიტუტი“ მოითხოვს, რომ სახელმწიფო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გამოცხადდეს მტრულ სახელმწიფოდ და აიკრძალოს მასთან, ან მის წარმომადგენლებთან უნებართვო მოლაპარაკებები.

რუსეთის წარმომადგენელმა გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში, 28 ნოემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ, სააგენტო "რია-ნოვოსტის" განუცხადა, რომ დეკემბერში, თბილისში იგეგმება რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნა.

ზურაბ აბაშიძემ უარყო, რომ კარასინთან შეხვედრაზე მსგავსი ცენტრის გახსნის საკითხი განიხილეს: "საუბრის დროს კარასინმა ახსენა მოკლე კომენტარით, რომ თბილისში არსებულ სავიზო ცენტრში, რომელიც კომერციული სტრუქტურაა, რუსეთი აპირებს რუსული ენის სწავლების კურსის გახსნას ასევე კომერციულ საწყისებზე. მე მას ვუპასუხე, რომ თბილისში ჩასვლის შემდეგ გავერკვეოდი ამ საკითხში. ეს არის და ეს. რაიმე ცენტრის შესახებ საუბარი არ ყოფილა“.

ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდებიან მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი

მაიკ პომპეო და სერგეი ლავროვი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვაშინგტონში მიემგზავრება თავის კოლეგასთან, მაიკ პომპეოსთან შესახვედრად.

ორი ქვეყნის „უმაღლესი დიპლომატები“ რეგიონული და ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრს განიხილავენ. კერძოდ, ვითარებას სირიასა და უკრაინაში, შეიარაღების კონტროლისა და სხვა საკითხების გარშემო არსებულ უთანხმოებას, რაც განაპირობებს აშშ-რუსეთს შორის არსებულ ამჟამინდელ დაძაბულ ურთიერთობებს.

ამერიკული მედიის თანახმად, შეხვედრის შემდეგ მოსალოდნელია ერთობლივი პრესკონფერენცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ცნობით, ლავროვსა და პომპეოს შორის შეხვედრა 10 დეკემბრისთვის არის დაგეგმილი. გასული წლის განმავლობაში აშშ-ისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები არაერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და ასევე რამდენჯერმე ტელეფონით ისაუბრეს.

სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ახალ ზელანდიაში

ახალი ზელანდიის პოლიციის ცნობით, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილოეთ კუნძულის, უაიტ აილენდის აღმოსავლეთ სანაპიროზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. დაშავებულია 20 კაცი, 10-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ვულკანი 9 დეკემბერს ამოიფრქვა.

მაშველებმა კუნძულიდან 23 ადამიანი გამოიყვანეს. სტიქიური უბედურების არეალში დაახლოებით 100 კაცი იმყოფებოდა.

ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულსა და მის გარშემო ტურისტების გარკვეული რაოდენობა იმყოფებოდა. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა, რომ პოლიცია ყველაფერს აკეთებს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების დასახმარებლად.

საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობის დატოვებას აპირებს

„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორმა, ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით მიმართა. ამის შესახებ მან „საპენსიო სააგენტოს“ სათავო ოფისში მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

„ერთი კვირის წინ მივმართე სამეთვალყურეო საბჭოს თხოვნით, რომ ვინაიდან საპენსიო სააგენტო უკვე გამართულად ფუნქციონირებს, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა თანამდებობა. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა განიხილოს ეს განცხადება და გადაწყვეტილება მიიღოს. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო ჩათვლის, რომ რაღაც პერიოდი კიდევ უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა და რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, მათ დავეთანხმები“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ.

თანამდებობის დატოვების მიზეზად ის „სხვა გეგმებს“ ასახელებს, რომელზეც საზოგადოება მოგვიანებით გაიგებს.

„ჩვენმა გუნდმა მოკლე დროში მოახერხა რეფორმის წარმატებული იმპლემენტაცია. მე ყოველთვის გამოწვევებზე ვიყავი ორიენტირებული, ეს გამოწვევა ახლა გადალახულია. მაქვს გეგმები, რომლის შესახებაც მოგვიანებით გაიგებთ“, - აცხადებს სურგულაძე.

ლევან სურგულაძე „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის თანამდებობას 2018 წლის 17 სექტემბრიდან იკავებს. ის ამ თანამდებობაზე 5 წლის ვადითაა დამტკიცებული.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა": კორუფციასთან გამკლავება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ 2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში გამოიკვეთა რამდენიმე შემაშფოთებელი ტენდენცია კორუფციასთან ბრძოლის, ანტიკორუფციული პოლიტიკისა და, ზოგადად, დემოკრატიული მმართველობის სფეროში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ სპეციალური განცხადება გაავრცელა კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის გამო, რომელიც 9 დეკემბერს აღინიშნება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ კორუფციის სხვადასხვა ფორმასთან გამკლავება საქართველოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ გავრცელებულია თანამდებობის პირთა მიერ თანამდებობის გამოყენება პირადი გამორჩენისთვის, (მხოლოდ 15% ფიქრობს, რომ არ არის გავრცელებული), ხოლო 51%-ის აზრით, არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როცა საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ შემაშფოთებელ ტენდენციებს ჩამოთვლის:

სახელმწიფო ინსტიტუტებზე არაფორმალური კონტროლისა და სახელმწიფოს მიტაცების მზარდი ნიშნები, რაც ძირს უთხრის ბალანსს სახელისუფლებო შტოთა შორის;

საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვანი საერთაშორისო ანტიკორუფციული ვალდებულებებისა და რეკომენდაციების შეუსრულებლობა;

დამოუკიდებელ და ოპოზიციურად განწყობილ მედიაზე ზეწოლის გაძლიერება და მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობები;

სასამართლოს მიტაცება, სისტემაში არსებული მცირე დომინანტი ჯგუფის არასათანადო გავლენების გაძლიერების მეშვეობით და სასამართლო სისტემის ანგარიშსწორების იარაღად გამოყენება პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ;

სამართალდამცავი უწყებების პოლიტიზება და მათი გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისთვის;

პარლამენტის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მხრივ არსებული პრობლემები, რაც უკავშირდება საკანონმდებლო ორგანოს წევრებზე არაფორმალურ გავლენას მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან და ნეგატიურად აისახება როგორც პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის განხორციელბაზე, ისე ზოგადად საკანონმდებლო პროცესზე;

სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები და თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე;

თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიების საეჭვო წარმატებები სახელმწიფო შესყიდვების პროცესში, მათი ქონებისა და ბიზნესთან მათი კავშირების არასრული დეკლარირება;

თანამდებობის პირთა საქმიანობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული ნორმების არაეფექტიანი აღსრულება;

საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შესაძლო შემთხვევები;

მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევების ქმედითი გამოძიების არარსებობა, რასაც ძალაუფლების კონცენტრაცია და სამართალდამცავ უწყებებზე პოლიტიკური გავლენა განაპირობებს;

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებაზე უარის თქმა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური პოლარიზაცია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აცხადებს, რომ ქვეყნის ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობა ანტიკორუფციული პოლიტიკისა და რეფორმების სფეროში მდგრადი პროგრესის აუცილებელი წინაპირობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

ხელი შეუწყოს უფრო პლურალისტური პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებას (მათ შორის, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებისა და არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების გზით), რაც შესაძლებელს გახდის სახელმწიფოს მიტაცების პროცესის შეჩერებას;

პატივი სცეს მედიის თავისუფლებას და სარედაქციო დამოუკიდებლობას და შეწყვიტოს მედიაზე ზეწოლის და მათზე გავლენის მოპოვების მცდელობები;

შეწყვიტოს არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა სასამართლოსა და სამართალდამცავი უწყებების საქმიანობაში;

შეწყვიტოს შეტევა ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო ჯგუფებზე;

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩამოაშოროს კორუფციის გამოძიების ფუნქცია. შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ანტიკორუფციული კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებაზე.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი რადიკალურ პროტესტს არ გამორიცხავს

დღეს, 9 დეკემბერს, ერთი თვე შესრულდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებიდან.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს ჯერჯერობით უშედეგო ზომებზე, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართავენ ექიმის გასათავისუფლებლად და, ასევე, აქციებზე, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.

ექიმის ცოლის, თამილა ლაფანაშვილის თქმით, მიუხედავად ყველა ქმედებისა, ოჯახს რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია დარღვეულია და ოჯახსაც არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.

10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, ექიმის ოჯახი მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე და ვაჟა გაფრინდაშვილი განიხილონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქედ.

თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბერს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, ჟენევაში, გაეროს ოფისთან გაიმართება აქცია „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მოლაპარაკების ორივე მხარეს, თუ ოთხივე მხარეს არიან ადამიანები და მათ გააჩნიათ ადამიანური თანაგრძნობის და ღირსების შეგრძნება. თუ არა და, რა აზრი აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას, როდესაც ერთი ადამიანის, ერთი ექიმის დაცვაც კი არ შეუძლიათ და ვერ ხერხდება“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისგან მოითხოვს, ყველა ბერკეტი გამოიყენონ ექიმის დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლებისთვის და მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი. ოჯახი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს უფრო ქმედით ნაბიჯებს და უწყებათშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნას.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამანთავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნოლი“, - თქვა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმის ცოლი და ორი ქალიშვილი აცხადებენ, რომ თუ ქმედებებმა შედეგი კვლავ არ გამოიღო, რადიკალურ პროტესტს მიმართავენ. პროტესტის კონკრეტულ ფორმებზე ოჯახი კვირის ბოლოს ისაუბრებს, თუკი ამ დრომდე ვერ მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ექიმის ოჯახს იმედი აქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და ის სახლში დაბრუნდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთი თვის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი - პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზით“ პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

გერმანია უარყოფს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავშესაფარს ითხოვდა

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი "ვადიმ სოკოლოვი"

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს, რომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავშესაფარს ითხოვდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელ“-ი წერს.

მანამდე ფრანგულმა გაზეთმა „მონდ“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერლინში დაკავების შემდეგ, მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გერმანიას ვადიმ სოკოლოვის გამოგონილი სახელით წარუდგინა დოკუმენტები თავშესაფრის მისაღებად. ფრანგული გამოცემა წერდა, რომ გერმანიამ დოკუმენტები საფრანგეთს გადაუგზავნა, რადგან ეს პირი შენგენის ზონაში საფრანგეთის გავლით შევიდა.

ამ პუბლიკაციის საპასუხოდ, „შპიგელ“-ს მოჰყავს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარი, რომ მიგრაციის და ლტოლვილთა ფედერალურ სამსახურში არ არსებობს თავშესაფრის მისაღებად წარდგენილი მიმართვა, რომელსაც შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს რომელიმე ეჭვმიტანილთან.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასორტი.

რამდენიმე დღის წინ, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის, ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

ახალ ზელანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

ოცამდე ადამიანი დაშავდა ახალი ზელანდიის კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შედეგად. წმინდა იოანეს სახელობის საქველმოქმედო ორგანიზაციის ინფორმაციით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

პოლიციის ცნობით, ვულკანის ამოფრქვევის დროს კუნძულზე იმყოფებოდა სულ მცირე 50 ადამიანი. ზოგიერთი მათგანის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ კუნძულზე შვიდი სამაშველო ვერტმფრენი გაგზავნა.

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიას მასპინძლობს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესია თბილისში, 2018 წლის თებერვალი(საარქივო ფოტო)

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომა.

14 საათზე ოფიციალურდ გაიხსნება ასამბლეის ყოველწლიური, რიგით მერვე სესია: „აღმოსავლეთის პარტნიორობის სამომავლო ხედვები“.

სესიაში მონაწილეობენ ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების პარლამენტების დეპუტატები. ისინი ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ენერგოუსაფრთხოებაზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამომავლო ხედვებსა და ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხზე.

სესიას გახსნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მონაწილეებს მიმართავენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კლარა დობრევი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები და ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და ივან კრულკო.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე სესიაზე მიიღებენ რეზოლუციებს ეკონომიკური ინტეგრაციის, სოციალურ-პოლიტიკურ და ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნების: საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, უკრაინის და მოლდოვის პარლამენტების წევრებს აერთიანებს. დროებით შეჩერებულია ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა.

ასამბლეა ხელს უწყობს ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კავშირების განვითარებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას.

ასამბლეა 2011 წლის 3 მაისს, ბრიუსელში დაფუძნდა. დამფუძნებელ აქტს ხელი მოაწერეს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის პრეზიდენტებმა და ევროპარლამენტის წევრებმა.

11 საათზე თბილისში დაიწყება ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სესიის თანმდევი ღონისძიება „ქართული დემოკრატიის გამოწვევები და 2020 წლის არჩევნები საქართველოში“. მასში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტის წევრები "ქართული ოცნებიდან" და "ევროპული საქართველოდან" ირაკლი კობახიძე და სერგი კაპანაძე, დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროპარლამენტარები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბინაში მხუთავი აირის დაგროვების შედეგად

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა თბილისში, მიხეილ მესხის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს დაგროვების შედეგად. მოწამლულია გარდაცვლილის ძმა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, და-ძმას საცხოვრებელი ბინა ნაქირავები ჰქონდათ.

გაზის კომპანია „თბილისი ენერჯის“ ცნობით, ბინაში სამი ღიაკამერიანი გაზის გამაცხელებელი დამონტაჟებული იყო გამონაბოლქვის გამწოვი მილების გარეშე. კომპანიის განცხადებით, მობინადრეებს აკრძალული დანადგარები ივნისში ჩაუხსნეს და გააფრთხილეს, მაგრამ მათ ხელმეორედ, კუსტარულად დააერთეს.

მესხის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევამდე, 8 დეკემბერს „თბილისი ენერჯიმ“ გამოაქვეყნა ნოემბრის სტატისტიკური მონაცემები წესების დარღვევით დამონტაჟებული დანადგარების და მიღებული ზომების შესახებ და აბონენტები კიდევ ერთხელ გააფრთხილა, არ მოიხმარონ "აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები" და გაითვალისწინონ, რომ ქარიან ამინდში კიდევ უფრო იზრდება ბინაში CO-ს დაგროვების რისკი.

ირაკლი კობახიძე: "დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან."

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა, განხილვის თემა კვლავ საარჩევნო სისტემა იყო, როგორც შეხვედრიდან გამოსულმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა - "დღეს ახალი იდეა გაჟღერდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება გერმანული მოდელისგან. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენ დაგვჭირდება გუნდში კონსულტაციების გავლა.საბოლოოდ შევთანხმდით იმაზე, რომ გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განიხილება მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების საკითხი. ჩვენს გუნდთან ერთად განვიხილავთ მიზანშეწონილობის საკითხს და ამის შემდეგ გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. შემდეგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება”,- განაცხადა კობახიძემ.

დღევანდელი შეხვედრის შინაარსსა და მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე საუბრობს შეხვედრიდან გამოსული “შენების მოძრაობის” ლიდერი, დავით უსუფაშვილიც.

“საუბარი გაგრძელდა კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, წინა შეხვედრა ძირითადად დაეთმო ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციული ნაწილის კონსტიტუციურობას, რომლის თაობაზეც ჩვენ, ცხადია, ვერ შევთანხმდით. ამიტომ დოკუმენტი გაიგზავნება ხვალ ვენაში, შემდეგ ვარშავაში. დღეს გაგრძელდა საუბარი მოთავაზების სხვა კომპონენტებზე. კერძოდ, 73 მაჟორიტარული მანდატის განაწილებისა და არჩევის წესზე. ამ თემებზე გვქონდა ურთიერთგაცვლა, თუმცა ხელისუფლება ამ საკითხზეც ვერ არის ჩამოყალიბებული. ჩვენ ვთავაზობთ მრავალმაჟორიტარიან საპარლამენტო ოლქებს, სადაც ამომრჩეველს ერთი ხმა აქვს და ა.შ. სწორედ ამ საკითხზე, რაც ჩვენს შეტანილ კანონპროექტში წერია, მაჟორიტარულ ნაწილში, შემდეგ შეხვედრაზე ხელისუფლება მოვა პასუხებით"- აცხადებს დავით უსუფაშვილი

გიორგი ვაშაძე: "მომდევნო შეხვედრაზე “ქართულმა ოცნებამ” საკუთარი წინადადება უნდა წარმოადგინოს"

დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების ,რიგით მეორე შეხვედრა რომელიც უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით წარიმართა. ოპოზიცია კვლავ ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვდა. შეხვედრიდან გამოსვლისას კომენტარი გააკეთა პარტია "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშეძემ:

"პირველი, გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ველოდებით ეუთო-ოდირის დასკვნას გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ ქართულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით. ჩვენი მოთხოვნა კვლავ ძალაშია. მეორე- დიპლომატიური კორპუსის მხრიდან მოხდა შეთავაზება ჩვენი შეთავაზების ცალკეული კომპონენტების დამოუკიდებლად განხილვაზე, მათ შორის, მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების დამოუკიდებლად განხილვაზე, რაზეც “ქართულ ოცნებას” არგუმენტი, რა თქმა, არ აქვს, რომ არ შეესაბამება კოსტიტუციას. ამიტომ მათ ითხოვეს დრო, რომ საბოლოო მოსაზრება ამ ცალკეულ კომპონენტთან დაკავშირებით თქვას.

შეხვედრა კიდევ იქნება. “ქართული ოცნებისგან” ველოდებით, რომ შემდგ შეხვედრაზე ცალკეულ კომპონენტებზე კონკრეტულად უნდა იყოს განხილვა და მათ უნდა მოგვიტანონ საკუთარი წინადადება”,- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება, რათა “ქართული ოცნება” იძულებული იყოს საზოგადოებას მოუსმინოს.

მინსკში მეორე დღეა ტარდება აქციები რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ

მინსკში მეორე დღეა იმართება რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლები. დემონსტრანტები დილიდან შეიკრიბნენ ოქტომბრის მოედანზე, შემდეგ გამართეს მსვლელობა, რომელიც შეჩერდა რუსეთის საელჩოს შენობასთან. აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბელარუსის სახალხო რესპუბლიკის თეთრ-წითელი დროშები, რომელიც ოპოზიციის სიმბოლოდ იქცა; ევროკავშირის დროშები; ასევე პლაკატები წარწერებით: „არავითარი ინტეგრაცია!“. პოლიცია, ისევე როგორც შაბათს, არ ერევა მოვლენებში.

რუსეთთან ინტეგრაციის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები შაბათს დაიწყო ბელარუსის და რუსეთის პრეზიდენტების, ალექსანდრ ლუკაშენკასა და ვლადიმირ პუტინის სოჭში შეხვედრის ფონზე. ვარაუდობდნენ, რომ მასზე ლუკაშენკა და პუტინი ხელს მოაწერდნენ რიგ დოკუმენტებს ორი ქვეყნის „ინტეგრაციის გაღრმავების“ თაობაზე. რა დოკუმენტებზეა ლაპარაკი, არ არის ცნობილი.

პუტინისა და ლუკაშენკას მოლაპარაკებები 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. პრესკონფერენცია არ გამართულა. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ ორეშკინმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებმა მოახერხეს რიგი სადავო საკითხების გადაჭრა, დანარჩენი კი ექსპერტების დონეზე განიხილება. ორი ქვეყნის ლიდერების შემდეგი შეხვედრა 20 დეკემბერს გაიმართება სანქტ-პეტერბურგში.

ბელარუსის ოპოზიცია ლუკაშენკასა და პუტინს შორის შეხვედრას „საიდუმლო გარიგებას“ უწოდებს. რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა ბელორუსებს უვადო საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდეს. ისინი შიშობენ, რომ ფაქტობრივად რუსეთის შემადგენლობაში შესვლით ქვეყანამ შეიძლება სუვერენიტეტი დაკარგოს.

ბელარუსისა და რუსეთის საკავშირო სახელმწიფო, რომლის თაობაზე ხელშეკრულებასაც 20 წლის წინ მოეწერა ხელი, მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. კერძოდ, ის გულისხმობს ახალი ვალუტის, სასამართლოსა და საბაჟოს შექმნას.

ბელარუსში აპროტესტებენ რუსეთთან ინტეგრაციას
please wait

No media source currently available

0:00 0:01:46 0:00

ცნობილია პრემია "საბას" 2019 წლის გამარჯვებულები

დღეს, 8 დეკემბერს, კონსერვატორიის დარბაზში ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები დაასახელეს.

პრემია 8 კატეგორიაში გაიცა:

  • წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი - თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა“ და ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“
  • წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა - სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ და ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“
  • წლის საუკეთესო პიესა - ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“​
  • წლის საუკეთესო თარგმანი ქართულად - ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“​ და ​ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“
  • წლის საუკეთესო პროზაული კრებული - ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“
  • წლის საუკეთესო პოეტური კრებული - ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“

  • წლის საუკეთესო რომანი - აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“​
  • პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის - მთარგმნელი მანანა გიგინეიშვილი

წელს „საბას“ საპრიზო ფონდი გაზრდილია, გამარჯვებული ავტორები 4 000 ლარის ნაცვლად 6 000 ლარს მიიღებენ, ხოლო ნომინაციაში „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ საპრიზო თანხა 8 000 ლარის ნაცვლად 10 000 ლარია.

წელს პრემია არ გაიცა კატეგორიაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, რადგან ჟიურიმ ფინალისტები ვერ გამოავლინა.

ჰონ-კონგში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ახალ საპროტესტო აქციაზე

ჰონ-კონგში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ახალ საპროტესტო აქციაზე. ეს აგვისტოს შემდეგ პირველი დემონსტრაციაა, რომელიც ხელისუფლებამ დაუშვა. დემონსტრაცია ეძღვნება ადამიანის უფლებების დღეს, რომელიც 10 დეკემბერს აღინიშნება გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის შესაბამისად.

აქტივისტებმა პოლიციასთან შეთანხმებული მარშრუტით გაიარეს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ჰონ-კონგის მცხოვრებლებს ეჭირათ პლაკატები წარწერებით „ძირს ცრემლმდენი გაზი“, „გასამართლდნენ მოძალადე პოლიციელები“, „თავისუფლება და დემოკრატია“. მიტინგის ორგანიზატორია ოპოზიციური მოძრაობა „ადამიანის უფლებების სამოქალაქო ფრონტი“.

სამართალდამცავმა ორგანოებმა გააფრთხილეს ორგანიზატორები, რომ მიტინგმა მშვიდობიანად უნდა ჩაიაროს და დასრულდეს არაუგვიანეს 22 საათისა (18 საათი თბილისის დროით). პოლიცია არ გამორიცხავს, რომ მსვლელობას მიუერთდნენ რადიკალი აქტივისტები, რომლებმაც შეიძლება გადაუხვიონ შეთანხმებულ მარშრუტს და არეულობის წამოწყებას შეეცადონ.

ანტისამთავრობო აქციის დაწყებამდე პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავებულია 11 ადამიანი. მათ ჩამოართვეს იარაღი, ძირითადად სამხედრო დანები და პეტარდები. ერთ-ერთს ნახევრად ავტომატური პისტოლეტი აღმოაჩნდა.

ჰონ-კონგში მასობრივი საპროტესტო აქციები ივნისიდან მოყოლებული გრძელდება. თავდაპირველად ქალაქის მოსახლეობა აპროტესტებდა მატერიკულ ჩინეთში ექსტრადიციის შესახებ კანონს. მათი აზრით, ამ კანონის გამოყენება შესაძლებელია დისიდენტების წინააღმდეგ. მოგვიანებით აქციების მონაწილეებმა დაიწყეს ჩინეთისგან მეტი დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა. ისინი ასევე ითხოვენ პოლიციის მოქმედებების გამოძიებასა და დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას.

შსს განცხადებას ავრცელებს ძიუდოისტის მონათხრობზე, რომ მას პოლიციელებმა სცემეს

ქართველი ძიუდოისტმა და მსოფლიო ჩემპიონმა, 19 წლის ლაშა ბექაურმა "ფეისბუკზე" გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ჰყვებოდა, რომ პოლიციელები 7 დეკემბრის საღამოს მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავადაც გაუწია წინააღმდეგობა. ბექაურის თქმით, განყოფილებაში მიყვანის შემდეგ 10-ზე მეტი ადამიანი ურტყამდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა შსს-ს, სადაც განგვიცხადეს, რომ ბექაურის მიმართ დაწყებულია სამართალწარმოება:

"ლაშა ბექაურის მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით. მოგვიანებით ბექაური სამართალდამცველებმა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს".

იმაზე, თუ რა რეაგირება აქვს შსს-ს თავად ძიუდოისტის მონათხრობზე და პოლიციელებს გაესაუბრნენ თუ არა, შსს-ში არ ლაპარაკობენ და ამბობენ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მხოლოდ ეს ინფორმაცია აქვთ.

რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი დეტალების გარკვევას.

უცვლელად გთავაზობთ ბექაურის მიერ "ფეისბუკზე" გავრცელებულ წერილს, სანამ ის წაიშლებოდა.

"გუშინ საღამოს მე და ჩემი ძმაკაცი საღამოს ვარჯიშის შემდეგ ვსეირნობდით მარჯანიშვილზე.სამი პოლიციელი იდგა ერთერთმა გაგვაჩერა თქვენი საბუთები წარმოგვიდგინეთო ძაან ნაგლად და ნაგლი მზერით, ჩემმა ძმაკაცმა ამოიღო პირადობა მევუთხარი არ მაქ ძმაოთქო და ისევ ნაგლად მომმართა, ძმაოთი რატო მომმართავო. მეთქი აბა როგორ მოგმართო, ჯიგრულად ძმაოთი მოგმართავ ხო მეთქი, შენო ესეთი ლაპარაკი ვინ გასწავლა, შე უზრდელოო.

მეთქი უზრდელიშენხართქო და ამდროს მომკიდეს ხელი ამ ორმა დაჭყეტილმა ნაგლმა ტიპმა ხელი და მითხრეს გამოგვყევიო. მე ვუთხარი, მეთქი ნუ მეძალავებით მოგყვებითთქო და აგრძელებდნენ ჭიდაობას ისევ, ჩამტენეს მანქანაში ასე რომ ვთქვათ, და დაიწყეს, შენ არიცი როგორ უნდა გველაპარაკო, შენ კუნთები გერჩისო როგორც გეტყობა და ეგრევე გინება დამიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას ვუწევდი არ მეგონა ესე თუ მოიქცეოდნენ. მეთქი წყნარად ჩამსვამენ მანქანაში მივალთ და ალბათ, როგორც კანონს შეეფერება, ამათი კანონების დედაც...ისე მოიქცევიანთქო და რას ვხედავ, დამიწყეს გინება და ეგრევე დარტყმები დაიწყეს.

მეც რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გავუწიე და მეც ვაგინებდი (ამათ თავს არ დავუხრიდი სულ რო მოვმკვდარიყავი). ორი მიჭერდა თან მირტყამდნენ, ეს ორი ქათამი მერე რო ვეღარ მერეოდნენ მესამე ჩაისვეს და გააგრძელეს.

ტიპები იმენა ეშმაკები, ეს წინ მძღოლი პანიკებში ვარდებოდა, შენ არიცი ჩვენ ვინ ვართო, მეთქი დამარეკინეთ და აგრძელებდა გინებას. იქვე სადღაც, მგონი ვაგზალზე განყოფილებაში მიმიყვანეს. უცებ ერთი შევარდა განყოფილებაში, ვიფიქრე ვინმე შეგნებული გამოვა თქო და დაველაპარაკები ნორმალურად, ადამიანურად და კაცურად და რას ვხედავ, გამოვარდა ხუთი კაცი და ყველამ რტყმა დამიწყო ერთად.

მეც რა თქმა უნდა, უკან არ ვიხევდი, ვაგინებდი და ვაკეთებდი რაც შევძელი იმ წუთას, მანქანაშივე ვცდილობდი ამეხსნა, რო სპორტსმენი ვიყავი და და ჩვენი სამშობლო ბევრჯერ მისახელებია და ვესაუბრებოდი ქართველობაზე, კაცურზე, სულ გვკიდია შენი ძიუდოო და ყველაფერიო, შენ გასწავლით როგორ უნდა ზრდილობაო. მერე შემათრიეს სადღაც ოთახში მანდ უკვე ათზე მეტი იყვნენ და ყველა ერთდროულად მაგინებდა და მირტყამდა.

მე განვაგრხობდი გინებას საუბარს იმაზე თუ ქართველები ვართ და როგორ კადრულობთ თქო. ესეთ რამეს რომ ცხრამეტი წლის სპორცმენ წესიერ ბიჭს ასე ურტყამთ თქო. ისეთ შეურაწყოფებს მაყენებდნენ გამეორებაც არმინდა ამათი...

მეც რა თქმა უნდა, არ ვტყდებოდი და რაც შემეძლო... უნდოდათ გავმტყდარიყავი, ერთი სატანისსახიანი შემოვარდა მერე ვინაა ესო, რა პანიკებშიაო, მაგინებდა ისიც ტატამზე ხო არ გონია თავიო და იარაღი ამოიღო, კუნთებით თუ ვერაო, აი იარაღი აქ მაქო და ბლატაობდა. მეთქი ეგ იარაღი ერთ ადგილას გაუშვითქო..

ეს რომ ვუთხარი, მერე ძირს დამაგდეს მუცელზე და მირტყამდნენ ისევ და ისევ. მე იმაზევნერვიულობდი, რომ ხვალ ჩინეთში მივდივარ ერთ ერთ საპასუხისმგებლო შეჯიბრზე და რამე არ დამიზიანონ და ჭიდაობა ვეღარ შევძლო თქო. მერე ესე ვიყავი რამდენიმე ხანი. მერე წამომსვეს ბორკილებმა სისხლი გამიჩერა, შოკში ვიყავი მეთქი ერთი შეგნებული კაცი როგორ არავინ ხართ ყველა ერთნაირი, რა ვუწოდო არვიცი.

დამთავრდა შენი კარიერაო მიმეორებდა ის სატანა, ერთი დაჭყეტილი რაღაც საზიზღრობა. თავიდან ვინც წამიყვანა ამას ველაპარაკებოდ,ი მეთქი ღამე როგორ გძინავს, ესეთ რაღაცებს რო აკეთებ თქო, თან აგერ პატრიარქის სურათი გიკიდია მეთქი, შე უნამუსო.

მერე ერთი იძახოდა ფაქტი ჩაუდეთ ამასო და ეგააო წაათრიეთ კაპეზეშიო. პროსტა რა ვუწოდო არვიცი ახალგაზრდა ბიჭს(მე) რომელიც სპორტსმენია, რაღაცას აკეთებს სამშობლოსთვის, თავისი ცხოვრება აქვს და ესე ვიღაც ნაბიჭვრები ღირსებას ულახავენ.

ნერვები მეშლება ესეთი ნაბიჭვრების ხელში რო ვართ. მერე ვითომ რაღაცეებს ღადაობდნენ, ვითომც არაფერი, კარგ ხასიათზე მოვიდნენ "კაცური კაცები" "სამშობლოს დამცველები". მერე ერთი მეუბნება, შენ საქართველოსთვის ჰიმნს რო უკრავ და დროშას წევ მაგას გვაყვედრიო? მე ყოველდღე ტყვიას ვუდგავარ წინო, ეს დაჭყეტული სატანა მეუბნება.

მერე მივხვდი რო ამათთან ლაპარაკს აზრი არქონდა როცა დაიღალნენ ეს მერე უკვე, მერე ერთს ვეუბნები ჩაიწერე თქო ლაპარაკი, ლაპარაკი ჩავიწერო ბოზი კი არ ვარო ამ ყველაფრის მერე მეუბნება...

და ესეთ გამწარებულს სიცილი ამიტყდა. აქამდე არვიცოდი რახდებოდა მანდ მაგათ ბუდეში და ვერც წარმოვიდგენდი, თურმე რა ნაბიჭვრები არიან და ამის მერე ბედნიერად უნდა იარონ ამათმა ??? ვითომ არაფერი არაა? ხალხს რადღეში აგდებენ.

თავში მირტყამდნენ, ამათი დედა ვატირე, მეკიდე თავს ვურტყამდი ბორკილები მედო, თორე ყველას ერთად ვცემდი,,,,, მერე დაწყნარდნენ "ჩვენი სამშობლოს დამცველები" და გამსინჯეს სხეულზე რამე სილურჯეები ხო არ მქონდა, უნდა შეგამოწმოთო, რამე ხოარ გჭირსო, ამის მერე მეუბნებიან, მოეწვათ ბიჭუნებს შეეშინდათ არგვიჩივლოსო ალბათ ამათი...

მერე ესე ვიჯექი, რამდენიმე ხანი დაიღალნენ ბიჭები, მეც არ გავტყდი რა თქმა უნდა, და მაგიტო გაჩერდნენ..თავი რო დაუხარო გადაგივლიან უფრო. მერე სიმთვრალეზე შემამოწმეს, მთვრალი ვეგონე, მეთქი რა მთვრალი სპორტსმენი ბიჭივარ,,,

მერე დავუმუღამე, ვეღარ მაღიზიანებდნენ, წყნარად მელაპარაკებოდნენ, რა მიღწევები გაქვსო. მე ხმას არ ვცემდი, მერე ერთი "ღადაობა დუმილის უფლებით სარგებლობსო". რა მინდა ვთქვა, როგორ უნდა იცხოვრო ესე თუ ნაბიჭვრების ხელში, ესე უბრალოდ ძმაო რატო მიწოდეო ტიპი მეუბნება მივყავარ და ესეთ რაღაცებს კადრულობენ, ყველა ერთნაირი ჩამოსხმა როგორაა,,

და არ მესმის, აქ მუშაობდე და კაცო გერქვას ვინც არ უნდა იყო, მერე ყველას ვუთხარი, მეთქი სუფრაზე ადგებით თქო მერე და კაცობის და სამშობლოს სადღეგრძელოს იძახით და ხელბორკილებიან 19 წლის ბიჭს ესეთ რაღაცას უკეთებთ...

რატო, რატო, აი რატო მთავრობავ კი არა ყველას გეუბნები, რატო უნდა ხდებოდეს ესე???

მინდოდა გცოდნოდათ და გაგეგოთ რა ნაბიჭვრები არიან ესენი, როგორც შევძელი გადმოგეცით ეს ამბავი, გუშინდელი... ხვალ მე შეჯიბრზე წავალ და ვეცდები კიდევ ერთხელ, ჩემი სამშობლო და ის ხალხი, რომელსაც ეკუთვნის და მართლაც ქართველი ქვია, ის გავახარო....და ამას ესე არ დავტოვებ...“ - ნათქვამია ძიუდოისტ ლაშა ბექაურის "ფეისბუკის" პოსტში.

აშშ-მა განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბანთან

შერიგების პროცესის ფარგლებში გასამხედროებული დაჯგუფებების წარმომადგენლები იარაღს აბარებენ ჯალალაბადში. 2019 წ. 5 დეკემბერი.

აშშ-მა განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებები რადიკალურ დაჯგუფება თალიბანთან. ეს მოხდა სამი თვის შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განკარგულება გასცა, შეწყვეტილიყო დიალოგი, რომლის მიზანი ავღანეთში ომის დასრულებაა.

მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყატარის დედაქალაქ დოჰაში, სადაც იმყოფება გასამხედროებული დაჯგუფების ხელმძღვანელობა, იტყობინება „ამერიკის ხმა“ აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით. წყაროს თანახმად, მოლაპარაკების მიზანია, შემცირდეს ძალადობა, რამაც შესაძლებელი უნდა გახადოს მოლაპარაკებები ავღანეთის შიგნით და ზავი. აშშ-ის დელეგაციას კვლავ ხელმძღვანელობს ზალმაი ხალილზადი - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელი ავღანეთში მშვიდობის დამყარების საქმეში.

შაბათს გამართული შეხვედრის ბოლოს თალიბანის წარმომადგენელმა სუჰაილ შაჰინმა ტვიტერში დაწერა, რომ მხარეები კვირას კვლავ განაგრძობენ დისკუსიას.

სექტემბერში ტრამპმა შეწყვიტა თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები მას მერე, რაც ქაბულში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის იყო აშშ-ის ერთი სამხედრო მოსამსახურე.

ნოემბრის ბოლოს ტრამპი მოულოდნელად ესტუმრა ავღანეთს. მან დაადასტურა, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ განაახლა თალიბებთან მოლაპარაკებები და რომ თალიბანი მზადაა ცეცხლის შესაწყვეტად. ეს განცხადება თავად თალიბებმაც დაადასტურეს.

ფხენიანი: ბირთვული განიარაღება აღარ არის აშშ-სთან მოლაპარაკებების საგანი

კორეის სახალხო-დემოკრატული რესპებლიკის ელჩი გაეროში კიმ სონგი.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება აღარ არის აშშ-სთან მოლაპარაკებების საგანი, განაცხადა გაეროში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩმა კიმ სონგმა.

„ჩვენ არ გვჭირდება აშშ-სთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები“, თქვა სონგმა. მან დიალოგს, რომლისკენაც ისწრაფვის აშშ, უწოდა „ფანდი დროის მოსაგებად, რაც ამერიკის საშინაო პოლიტიკის ინტერესებშია მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ“.

ახლახან ფხენიანმა განაცხადა „ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდის“ შესახებ სოჰეს სარაკეტო პოლიგონზე. ამ ცნობის თანახმად, გამოცდები უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ქვეყნის სტრატეგიულ მდგომარეობაზე.

მანამდე ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩონ ინმა განაცხადა „ახალი გზის“ შესახებ მომავალ წელს. მას დეტალებზე არ უსაუბრია. ეს შეიძლება ნიშნავდეს ბირთვული ბომბებისა და შორი რადიუსის რაკეტების გამოცდის დაწყებას, რაც 2017 წელს შეწყდა, იტყობინება როიტერსი. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცდების შეწყვეტას ორ ქვეყანას შორის დიალოგში საკვანძო მნიშვნელობის გამარჯვება უწოდა.

გასულ კვირაში ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონს კვლავ მოუწოდა უფრო მოქნილი პოლიტიკისკენ დენუკლეარიზაციის საკითხში. პასუხად დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განცვიფრებულია ფხენიანის არამეგობრული განცხადებით.

ნოემბერში კუსტარულად დამონტაჟებული 3867 ღია წვის კამერიანი დანადგარი ქსელიდან ჩაიხსნა

კომპანია „თბილისი ენერჯი“ განცხადებას და ნოემბრის თვის სტატისტიკას ავრცელებს. ნოემბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა თბილისში 3867 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს გამათბობლები.

„მიუხედავად უამრავი მაგალითისა და გაფრთხილებისა, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში, აბონენტების ნაწილი აიგნორებს ჩვენი სპეციალისტების გაფრთხილებებს და უკვე ჩაჭრილ სასიკვდილო დანადგარებს ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე. ხშირად გაზის დანადგარების მილებს უერთებენ კორპუსის სავინტილაციო არხებს, რაც კატეგორიულად აკრძალულია. ამით ისინი არა მხოლოდ საკუთარ და საკუთარი ოჯახის წევრების, არამედ სხვა ადამიანების სიცოცხლესაც საფრთხეს უქმნიან.

ქსელიდან ჩახსნილი სახიფათო დანადგარებისა და მოუწესრიგებელი გაზგაყვანილობის სტატისტიკა უბნების მიხედვით ასე გამოიყურება:

ისანი-ვაზისუბანი - 962; სამგორი - 878; საბურთალო - 449; გლდანი - 343; მთაწმინდა - 296;

სანზონა - 226; კრწანისი - 213; ნაძალადევი - 174; დიდუბე - 95; ჩუღურეთი - 84; ნუცუბიძე - 72; დიღომი - 41; ვაკე - 26; წყნეთი - 8.

„თბილისი ენერჯი“ გაფრთხილებთ, არ მოიხმაროთ აკრძალული და მკვლელი ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები. ასევე, გახსოვდეთ, რომ ქარიანი ამინდის დროს ბინაში CO(ცეო)-ს დაგროვების რისკი კიდევ უფრო იზრდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთაველებმა დასახლებულ პუნქტთან საწარმოს მშენებლობა გააპროტესტეს

რუსთავის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა გააპროტესტა მეორადი ტექნიკური ზეთის გადამამუშავებელი საწარმოს დაგეგმილი მშენებლობა რუსთავში, გარეჯის ქუჩის 28 ნომერთან, საწარმოს მშენებლობის ადგილზე. „ქარხნები შორს დასახლებული პუნქტებიდან!“ - მოითხოვდნენ აქციის მონაწილენი, რომელთა უმეტესი ნაწილი გარეჯისა და რუსთაველის ქუჩების მცხოვრებლები იყვნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ისედაც მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა, მათ ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო უარესად აისახება. მათივე განცხადებით, რუსთავის საწარმოო ზონაში უამრავი აუთვისებელი ტერიტორიაა, სადაც შესაძლებელია ახალი საწარმოების აშენება.

რუსთავის საკრებულომ კომპანია „ეკო ოილს“ მეორადი ტექნიკური ზეთის საწარმოს მშენებლობაზე ნებართვა მისცა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, ასევე, ამ ანგარიშის შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების საფუძველზე. აქციის მონაწილეთა განცხადებით, საკრებულოს შეეძლო მინისტრის ბრძანების უგულებელყოფა, რადგან გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში მითითებული მინიმალური მანძილი 470 მეტრი, რომელიც ახალ საწარმოს დასახლებული პუნქტიდან აშორებს, არ შეესაბამება სიმართლეს და იგი გაცილებით მცირეა.

უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა ოდესაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად

ხანძარი ოდესის ეკონომიკის, სამართლისა და სასტუმრო-რესტორნების ბიზნესის კოლეჯში. 2019 წ. 4 დეკემბერი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 დეკემბერი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გლოვის დღედ გამოაცხადა ოდესის კოლეჯის შენობაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. 4 დეკემბერს ოდესის ეკონომიკის, სამართლისა და სასტუმრო-რესტორნების ბიზნესის სასწავლებელში გაჩენილ ხანძარს 8 ადამიანი ემსხვერპლა.

კვირას უკრაინის მთელ ტერიტორიაზე დაშვებული იქნება სახელმწიფო დროშები, გაუქმდა გასართობი და საკონცერტო ღონისძიებები, შესაბამისი ცვლილებები შეიტანეს ტელე- და რადიოპროგრამებში.

ოდესის პოლიცია იტყობინება, რომ მიმდინარეობს გამოძიება მომხდარის მიზეზისა და ეჭვმიტანილთა გამოსავლენად.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG