Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია


ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამძაფრებს ეჭვს, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ დირექტორს აირჩევს:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“
, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას

ქარტია მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა.


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 18 ნოემბერს განახლდა და 20 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდა. კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 7 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია.

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მაუწყებლის კერძო საჩივარი და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მეოთხე კონკურსი შეჩერებული იყო.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს მისი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG