Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტებმა სასამართლო ვერ „დააბოქლომეს“


მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ცდილობდნენ ერთ-ერთი ჭიშკრისთვის ბოქლომის დადებას.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის მიერ წუხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პოლიციის მიერ პარლამენტთან, 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებულ 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აქტივისტების ინფორმაციით, მათ ბოქლომი სამართალდამცავებმა წაართვეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა სასამართლოში შესვლის უფლება.

21 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცდილობდნენ ბოქლომი დაედოთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკრებზეც, თუმცა, პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა და საბოლოოდ, ბოქლომი ერთ-ერთ ღობეზე დატოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 14 ნოემბრიდან მართავენ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება. პროპორციული არჩევნები ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG