Accessibility links

ახალი ამბები

ფიონა ჰილი: საქართველოს და უკრაინას ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ

ფიონა ჰილი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა 2008 წლის აგვისტოს ომზეც ილაპარაკა კონგრესში, საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში მოწმის სტატუსით გამოკითხვისას.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, რუსეთზე, როგორც საფრთხეზე საუბრისას ჰილმა გაიხსენა 2008 წელი და რუსეთ-საქართველოს ომი: „2008 წელს, რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. მე მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი და ჩვენ სხვადასხვა დოკუმენტით მთავრობის მაღალ წრეებს ვაფრთხილებდით, რომ გვჯეროდა არსებობდა რეალური კონფლიქტის რისკი რუსეთსა და საქართველს შორის და უფრო მეტიც, ჩვენ ასევე გვჯეროდა, რომ რუსეთი შეიძლება უკრაინას დასხმოდა თავს“.

ფიონა ჰილმა ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს საქართველოს და უკრაინას სურდათ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და მათ რუსეთი ღიად ემუქრებოდა, რომ თუ ნატოს წევრობის მოთხოვნას გააგრძელებდნენ, ეს უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

„საქართველოზე თავდასხმის დროს, პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს ნათლად უთხრა - და ეს მე საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, - რომ პუტინმა სააკაშვილს პირდაპირ უთხრა: შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს გპირდებიან და არ ასრულებენ, მე გემუქრები და მე ვასრულებ“, - თქვა ფიონა ჰილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინი ცდილობს დასავლეთის გამოცდას: "ჩვენ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრ რამეს დავპირდით და არ შევასრულეთ. პუტინი ყოველთვის ეძებს რაიმე ნიშანს იმისას, რომ ჩვენ არ შევასრულებთ დაპირებებს, რომელიც გავეცით, რადგან ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას და ასეც მოიქცა. ის 2008 წელს უკრაინას დაემუქრა და 2014 წელს, როცა უკრაინა შეეცადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დასრულებას, თავს დაესხა. თუმცა, მთელი ეს პერიოდი ემუქრებოდა“.

ფიონა ჰილი კონგრესის წარმომადგელთა პალატაში ხუთშაბათს გამოკითხეს დემოკრატების მიერ ინიცირებული საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში. მისი მიზანია დაადგინოს, გამოიყენა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თანამდებობა ბოროტად და შეუჩერა თუ არა დახმარება უკრაინას, რომლისგანაც პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საქმიანობის გამოძიებას მოითხოვდა.

ყველა ახალი ამბავი

ნიკა გვარამია სუს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია 6 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

როგორც რადიო თავისუფლებას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა უთხრა, ის მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე არის თანახმა. საძაგლიშვილის თქმით, მათ მოგვიანებით შეატყობინებენ, როდის მოუწევთ სასამართლოში გამოცხადება.

სუს-ის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ნიკა გვარამია მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, ეს „ფეისბუკზე“ დაწერილ ნიკა გვარამიას ტექსტს უკავშირდება.

„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“ - დაწერა 3 დეკემბერს ნიკა გვარამიამ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ჰაკერობისთვის სანქციები დაუწესა რუსეთის მოქალაქეებს

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ხუთშაბათს სანქციები დაუწესა 17 ფიზიკურ პირს, მათ შორის რუსეთის 12 მოქალაქეს, რუსეთის 6 კომპანიას და ჰაკერულ დაჯგუფება Evil Corp-ს. მათ ბრალი ედებათ 100 მილიონ დოლარზე მეტის მოპარვაში ბანკებისა და ორგანიზაციებისგან მსოფლიოს 40 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ასევე კიბერსფეროში ჩადენილ სხვა დანაშაულებში.

როგორც იტყობინებიან, რუსეთის ჰაკერული დაჯგუფება Evil Corp-ი კერძო პირებისა და ორგანიზაციების პირადი მონაცემების მოპარვისთვის იყენებდა მის მიერ შემუშავებულ მავნებელ პროგრამა Dridex-ს (ის Bugat-ის სახელითაცაა ცნობილი). ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქმე ეხება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კიბერდანაშაულებრივ ორგანიზაციას.

გარდა ამისა, აშშ-ში დაუსწრებლად წაუყენეს ბრალდება რუსეთის ორ მოქალაქეს, რომლებიც, როგორც იტყობინებიან, ჰაკერული დაჯგუფების საკვანძო მნიშვნელობის ფიგურები არიან. ესენი არიან 32 წლის მოსკოველი მაქსიმ იაკუბეცი და 38 წლის იგორ ტურაშევი იოშკარ-ოლიდან.

გავრცელებული ინფორმაციით, იაკუბეცი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, რომლებსაც აშშ ბრალს სდებს კიბერთავდასხმებში, მათ შორის ფსბ-ს სასარგებლოდ საიდუმლო დოკუმენტების მოპოვებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ნინო ბურჯანაძესთან გამართული შეხვედრის შესახებ ცნობას აქვეყნებს

5 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს შეხვდა, - იტყობინება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები. მათი ინფორმაციით, რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზაციით დაინტერესება, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აღდგენის მიმართულებით.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ჰქონდეთ უფრო პასუხისმგებლობის მქონე მიდგომა რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის საკითხში.

„საქართველოში მიმდინარე ვითარების განხილვისას ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ იქ განვითარებულ მოვლენებს მოსკოვში ამ ქვეყნის შიდა საქმედ აფასებენ.

რუსეთი სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევისგან პრინციპულად იკავებს თავს.

ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, - მიუთითებს რუსეთის საგარეო უწყება.

ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე 3 დეკემბერს გამთენიისას მოსკოვში გაემგზავრნენ. როგორც პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ვიზიტი თვე-ნახევრის წინ დაიგეგმა.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვლია" გმობს ყოველგვარ ერთი-ერთზე ფორმატს რუსეთთან, იმის მიუხედავად, ხელისუფლება იქნება მისი მონაწილე, თუ რომელიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი.

პეტრე ცაავას ონლაინპლატფორმის შექმნა სურს

ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ უთხრა, რომ ზოგადად „საინფორმაციო წყაროს შექმნას“ აპირებს.

„საზოგადოებას დავეხმაროთ, რომ მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ სიცრუე, რომელი ნიაღვარიც მოდის საპატრიარქოდან. ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრიასტიანობა“, - აღნიშნავს პეტრე ცაავა.

შეკითხვაზე, დაწყებული გაქვთ მუშაობა? პეტრე ცაავა პასუხობს: „ზოგადად, იდეის დონეზე ვმუშაობთ“.

პეტრე ცაავა 2008-2017 წლებში საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ გენერალური დირექტორი იყო. ამ პოზიციიდან ის სინოდის გადაწყვეტილებით გადააყენეს.

31 ოქტომბერს სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა მღვდელმთავრობიდან გაათავისუფლა. მან სხდომიდან გამოსვლის შემდეგ თქვა:

„წმინდა სინოდმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება, პირადად პატრიარქმა, სინოდის თავმჯდომარემ. მიმაჩნია, რომ უსამართლოდ განმაყენა მღვდელმთავრობიდან. ვფიქრობ, მიზეზი არის საქართველოს ეკლესიაში პიდარასტიის ცოდვის მხილება. ერს ჰყავს პიდარასტიით, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის“.

ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს

დუმილის უფლებით ისარგებლა წალენჯიხის პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ბესიკ ფიფიამ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომაზე. განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

პროკურორ დავით პაპავას თქმით, 3 დეკემბერს წალენჯიხაში შელაპარაკების საფუძველზე, ბესიკ ფიფიამ ავტომობილში მყოფი პოლიციელის, მამუკა ქარდავას მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა მას ადგილზე მყოფმა სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს და ბრალდებულმა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ამასთან, როგორც პროკურორმა სხდომაზე აღნიშნა, ინციდენტამდე, მთელი დღის განმავლობაში ბრალდებული მამუკა ქარდავას მოკვლით ემუქრებოდა. პროკურორის თქმით, ბესიკ ფიფია პოლიციაში მომხდარიდან რამდენიმე საათში თავადვე გამოცხადდა.

როგორც დავით პაპავამ განაცხადა, არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების და ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. ამიტომაც პატიმრობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება ადვოკატი ონისე მებონია. ის ამბობს, რომ, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ფიფიას ინტერესების დამცველმა დასძინა, რომ არ არსებობდა მიმალვის, ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, შესაბამისად, არც პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რადგან ბრალდებული მომხდარი ინციდენტის შემდეგ რამდენიმე საათში თავად გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში.

ადვოკატი დაკავებულის მიმართ 100 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ბესიკ ფიფია 9 წლის განმავლობაში მუშაობდა პოლიციაში და ამ ხნის განმავლობაში სარგებლობდა კარგი რეპუტაციით.

წალენჯიხაში 3 დეკემბერს სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ბრალი 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ქუთაისში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობას მანდატური სწავლობს

ქუთაისის მე-3-ე საჯარო სკოლა

ქუთაისის მე-3-ე საჯარო სკოლის, მესამე კლასის მოსწავლის მშობელი, მასწავლებელს ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. ის სახალხო დამცველს, ასევე განათლებისა და შსს სამინისტროებს მიმართავს. მშობელი ამბობს, რომ მისი შვილი კლასის დამრიგებელმა კლასელთან გადალაპარაკების გამო დასაჯა.

პედაგოგის, თამარ კუხიანიძის ვერსიით მან მოსწავლეს მხოლოდ შენიშვნა მისცა, ძალადობა კი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფია: „მე მხოლოდ თავზე მივადე ხელი, დაწერეთქო, ვთხოვე...ჩვეულებრივად მეკონტაქტებოდა, გავუსწორე კიდეც ნამუშევარი და დავუბრუნე რვეული, ისწავლე-მეთქი“, - აცხადებს თამარ კუხიანიძე.

​ფიზიკური ძალადობის შესახებ მშობელმა საჯაროდ ფეისბუქზე დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა. ფოტოს თან ახლდა მინაწერი: "რვა წლის, მესამე კლასელმა, ბავშვმა სკოლიდან მომიტანა თმის ეს ნაწილი, რომელიც მასწავლებელმა ააგლიჯა თავიდან. წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ პატარასი, რომელმაც თმა ჩუმად შეინახა, რომ ნივთმტკიცების სახით წარედგინა ოჯახისათვის", - წერს ცირა ხაბურძანია და მეგობრებს სტატუსის გაზიარებას სთხოვს. მისი პოსტს სამასზე მეტი გაზიარება და თითქმის ამდენივე კომენტარი აქვს.

პედაგოგიც და რვა წლის ბავშვის დედაც ადასტურებენ, რომ მათ უთანხმოება გასულ წელსაც ქონდათ. თამარ კუხიანიძე ცირა ხაბურძანიას შვილს მესამე წელია რაც ასწავლის.

თუკი დადასტურდა ის, რა ინფორმაციაც მე მივიღე, სამწუხაროდ, არა მშობლისგან, არამედ სოციალური ქსელებიდან, სკოლის ადმინისტრაცია გაატარებს ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც კანონი გვავალებს. აქ უკან დახევა არ იქნება", - ამბობს საჯარო სკოლის დირექტორის, თამაზ ჭაბუკიანი. მან რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაციას აგროვებს მანდატურის სამსახურიც.

სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მესამეკლასელი სკოლაში აღარ წასულა.

ნენსი პელოსი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით გამოვიდა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოწოდებით.

პელოსის თქმით, ტრამპმა სერიოზულად დაარღვია შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

სპიკერის აზრით, დამტკიცებულია, რომ პრეზიდენტი ზეწოლას ახორციელებდა უკრაინაზე, საკუთარი პოლიტიკური გამორჩენისთვის და აშშ-ის ინტერესების საზიანოდ. როგორც პელოსიმ თქვა, გამოძიებამ აჩვენა, რომ ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კვლავ გაგრძელების და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიწვევის სანაცვლოდ ითხოვდა თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებას.

პელოსიმ განაცხადა, რომ მან წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს დაავალა, ჩამოაყალიბოს ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ბრალდებების კონკრეტული ფორმულირებები. ვარაუდობენ, რომ მათ შორის იქნება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა.

ბრალდებები კენჭისყრისთვის უნდა წარედგინოს წარმომადგენელთა პალატას, სადაც დემოკრატებს - ტრამპის ოპონენტებს - უმრავლესობა აქვთ.

თანამდებობიდან პრეზიდენტის ჩამოშორების შესახებ გადაწყვეტილება შემდეგ უნდა დაამტკიცოს სენატმა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია.

თავად ტრამპი უარყოფს ყველა ბრალდებას.

თუკი ტრამპის იმპიჩმენტს გამოაცხადებენ, ის აშშ-ის მესამე პრეზიდენტი იქნება, რომლის ბრალდებასაც ხმას მისცემს წარმომადგენელთა პალატა. მაგრამ ჯერჯერობით აშშ-ის არცერთი პრეზიდენტი არ გადაუყენებიათ სენატში. 1974 წელს რიჩარდ ნიქსონი საკუთარი ნებით გადადგა იმპიჩმენტის საფრთხის გამო, მაგრამ მისთვის ის ფორმალურად არ გამოუცხადებიათ.

ექსტრემიზმში დადანაშაულებული რუსი სტუდენტი: "სახელმწიფოს თვალში დიდი ხანია აღარ ვართ ადამიანები"

ეგორ ჟუკოვი. კადრი ანდრეი ლოშაკის დოკუმენტური ფილმიდა "წმინდა ომი"

მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სტუდენტს, 21 წლის ვლოგერს, ეგორ ჟუკოვს, რუსეთის პროკურატურა ექსტრემიზმში ადანაშაულებს და მისთვის 4 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვს.

პროკურორ მოროზოვის მთავარი მტკიცებულება, ისევე როგორც ჟუკოვის წინააღმდეგ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის საფუძველი, არის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც FSB-ს ოფიცრის, ალექსანდრ კორშიკოვის ლინგვისტური ექსპერტიზის დასკვნით, შეიცავს "მოწოდებას ძალაუფლების ხელში ჩაგდების, თვითდაწვის, გადასახადებისგან თავის არიდების, აჯანყებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მუშაობის შეფერხებისკენ".

მოსკოვში ხუთშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე, კიდევ ერთმა პროკურორმა, ისხაკოვმა. განაცხადა, რომ ვინაიდან ჟუკოვის ვიდეო საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, "ექსტრემიზმისკენ“ მოწოდებებიც საჯარო, შესაბამისად დანაშაულებრივი გახლდათ.

ჟუკოვის ადვოკატებს მოსამართლე სვეტლანა უხნალევამ უარი უთხრა ალტერნატიული ლინგვისტური ექსპერტიზის ჩატარებაზე და გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა. თუმცა მანამდე ეგორ ჟუკოვის საბოლოო სიტყვა მოისმინა:

”მსურს ვისაუბრო ჩემი საქმიანობის მოტივებზე,” - თქვა სტუდენტმა და დარბაზში დამსწრეებს გაახსენა, რომ რუსეთის სახელმწიფოს თავი პატრიოტული გრძნობების, ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობების, ოჯახის დამცველად მოაქვს. ამ ფასეულობებს შორისაა, პიროვნული პასუხისმგებლობისა და სიყვარულის იდეა, რომელიც, ჟუკოვის თქმით, ”ნდობას, თანაგრძნობას, ჰუმანიზმს, ურთიერთდახმარებას და ზრუნვას” ეყრდნობა.

”აი, იმისთვის, ჩემი საქმიანობის მოტივი რომ გაიგოთ, საკმარისია დავაკვირდეთ, დღევანდელ რუსულ სახელმწიფოს, რომელიც ამაყად წარმოაჩენს თავს ქრისტიანობის და, შესაბამისად, ამ ფასეულობების, დამცველად და დავინახოთ, სინამდვილეში რას იცავს ის“ <...>

ქვეყანაში არსებული ვითარება ანგრევს ნებისმერ შესაძლებლობას ადამიანის კეთილდღეობისთვის. ყველაზე უზრუნველყოფილი რუსების 10%-მა საკუთარ ხელში ჩაიგდო ქვეყნის სიმდიდრის 90%. მათ შორის, რა თქმა უნდა, საკმაოდ ღირსეული მოქალაქეებიც არიან, მაგრამ ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი მოპოვებულია არა ხალხისთვის სარგებლის მომტანი კეთილსინდისიერი შრომით, არამედ ბანალური კორუფციის შედეგად.

ჩვენი საზოგადოება ორ დონეზეა გაყოფილი ბარიერით, რომლის გადალახვა შეუძლებელია; მთელი ფული ზემოთ არის კონცენტრირებული და იქიდან არავინ დააბრუნებს. ქვემოთ კი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, მხოლოდ სასოწარკვეთაა დარჩენილი.

სრულად აქვთ რა გააზრებული, რომ საშველი არსაიდანაა, რაც არ უნდა ეცადონ, ვერ შეძლებენ საკუთარ თავს ან ოჯახს ბედნიერება მოუტანონ, რუს კაცებს მთელი რისხვა ან ცოლზე გადააქვთ, ან ალკოჰოლში იხრჩობენ თავს... ან თავს იხრჩობენ".

ჟუკოვის თქმით, სახელმწიფო შეგნებულად ყოფს, ანაწევრებს ხალხს: ”სახელმწიფო პირდაპირ გვეუბნება: ბიჭებო, წადით, შეძვერით თქვენს სოროებში, ერთმანეთთან არაფერი გესაქმებათ; ორზე მეტი ქუჩაში შეიკრიბებით - დაგიჭერთ მიტინგის ჩატარების გამო; ერთად რომ იმუშაოთ სოციალურად სასარგებლო დღის წესრიგით, არ შეიძლება! უცხოეთის აგენტის სტატუსს მოგაკერებთ.

საიდან უნდა წარმოიშვას ასეთ გარემოში ნდობა ან სიყვარული? არა რომანტიკული, არამედ ადამიანებს შორის ჰუმანური სიყვარული?

ერთადერთი სოციალური პოლიტიკა, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო თანმიმდევრულად ატარებს, არის განცალკევების, გათითოკაცების პოლიტიკა. ასე სახელმწიფო ერთმანეთის თვალში ადამიანურობას გვაკარგვინებს, რადგან მის თვალში დიდი ხანია, აღარ ვართ ადამიანები.

სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ მისი მხრიდან ასეთი ბარბაროსული დამოკიდებულება ხალხის მიმართ?

დამოკიდებულება, რომელსაც ყოველდღე გვახსენებს ხელჯოხებით ცემით, კოლონიებში წამებით, აივ-ეპიდემიის უგულებელყოფით, სკოლებისა და საავადმყოფოების დახურვით და ა.შ...

"ერთადერთი ტრადიციული ინსტიტუტი, რომელსაც ნამდვილად პატივს სცემს და აძლიერებს ამჟამინდელი რუსეთის სახელმწიფო, არის „სამოდერჟავიე“ (ავტოკრატია), რომელიც ყველას დაუნგრევს ცხოვრებას, ვისაც გულწრფელად სურს სიკეთე საკუთარი სამშობლოსთვის, ვისაც შეუძლია სიყვარული და პასუხისმგებლობის აღება".

ეგორ ჟუკოვი ამბობს, რომ მას არ შეეძლო და არც მოუწოდებია ძალადობისკენ:

”ალბათ, ახლა ჩემი მოტივები უკვე ნათელია. მე ნამდვილად მსურს ჩემს მოქალაქეებში ეს ორი თვისება დავინახო: პასუხისმგებლობა და სიყვარული. პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ახლობლებზე, მთელ ქვეყანაზე. სიყვარული სუსტისადმი, მეზობლისადმი“...

ჟუკოვმა ბოლო სიტყვა შემდეგნაირად დაასრულა:

„თუ დღეს სასამართლო გადაწყვეტს, რომ ამ სიტყვებს ახლა ნამდვილად წარმოთქვამს საშიში ბოროტმოქმედი, ჩემი ცხოვრების შემდეგი წლები სავსე იქნება შეზღუდვებითა და გაჭირვებით.

მაგრამ ვუყურებ იმ ბიჭებს, რომლებთანაც "მოსკოვის საქმემ" დამაკავშირა - კოსტია კოტოვს, სამარიდინ რაჯაბოვს და მათ სახეებზე ღიმილს ვხედავ. წინასწარი დაკავების საკანში ჩვენი ხანმოკლე შეხვედრებისას ლიოშა მინიალოს და დანია კონონს ერთი წამითაც არ დაუჩივლიათ ცხოვრებაზე. მე ვეცდები მათ მაგალითს მივყვე. შევეცდები, მიხაროდეს, რომ შესაძლებლობა მომეცა, ჩემთვის მნიშვნელოვანი ფასეულობების დაცვის გამო აღმოვჩენილიყავი განსაცდელში.

და ბოლოს, თქვენო აღმატებულებავ, რაც უფრო საშინელია ჩემი მომავალი, უფრო ფართოა ღიმილი, რომლითაც შევცქერი მას ” - ჟუკოვის ამ სიტყვებს დარბაზი ტაშით შეხვდა.

სასამართლომ განაჩენი პარასკევს დილით უნდა გამოაცხადოს.

  • 21 წლის სტუდენტი, იგორ ჟუკოვი YouTube-ის ბლოგში, რის გამოც ექსტრემიზმისკენ მოწოდება ედება ბრალად, საუბრობს გასულ ზაფხულს მოსკოვში გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციებზე. გამოძიების თანახმად, ”რუსეთის ფედერაციაში არსებული კონსტიტუციური წყობის, სახელმწიფო ძალაუფლების სისტემისა და მისი წარმომადგენლების მიმართ პოლიტიკური სიძულვილისა და მტრული დამოკიდებულებით, მოქმედებდა რა პირადი სიძულვილის მოტივით და ესმოდა, რომ საზოგადოებრივ საფრთხეს წარმოადგენდა," ჟუკოვმა​ ვიდეომიმართვით ”გადაწყვიტა ხალხის შეუზღუდავი წრის ჩართვა ექსტრემისტულ საქმიანობაში."
  • ჟუკოვის წინააღმდეგ ბრალდება ემყარება FSB-ს კრიმინალისტიკური ინსტიტუტის თანამშრომლის, ალექსანდრ კორშიკოვის ექსპერტიზას. კერძოდ, მან დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები ფრაზაში: "უნდა გავითვალისწინოთ ნებისმიერი სახის პროტესტი" და "გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, და არ დაელოდოთ ვინმეს მოწოდებებს". ექსპერტი ირწმუნება, რომ ამ ფრაზებში ძალადობისკენ მოწოდებაა.
  • იგორ ჟუკოვი არ აღიარებს დანაშაულს, და მიიჩნევს, რომ მისი დევნა მხოლოდ პოლიტიკური მიზეზებით ხდება.

„მემორიალს“ როსკომნადზორში უჩივიან უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევაში

უფლებადამცველ ცენტრ „მემორიალის“ წინააღმდეგ რუსეთის საზედამხედველო ორგანოში, როსკომნადზორში ახალი საჩივარი შევიდა უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიხედვით. ცენტრში აღნიშნავენ, რომ საჩივარი პირველად იქნა შეტანილი არა სამართალდამცავი ორგანოების, არამედ კერძო პირის მიერ.

საზედამხედველო ორგანოში ვინმე ანდრეი შ.-მ გაგზავნა წერილი, რომლის თანახმად, მან ინტერნეტში - კერძოდ, „ეხო მოსკვის“ საიტზე - იპოვა მასალები, რომლებიც არ არის მარკირებული, რაც აუცილებელია უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის მიხედვით. განმცხადებელი როსკომნადზორისგან ითხოვს, გაერკვეს საქმის ვითარებაში და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ზომები. ხუთშაბათს „მემორიალის“ წარმომადგენლები როსკომნადზორის ოფისში გამოიძახეს ოქმის შესადგენად.

მანამდე „მემორიალი“ რამდენჯერმე დააჯარიმეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის დარღვევისთვის. ჯარიმების საერთო მოცულობამ ორ მილონ რუბლს გადააჭარბა. მთლიანობაში „მემორიალის“ წინააღმდეგ დაიწერა 20 საჩივარი. ისინი შევიდა ინგუშეთის ფსბ-ს სამმართველოდან. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს არის შურისძიება „მემორიალის“ ინგუშეთის ფილიალის წინააღმდეგ.

უცხოეთის აგენტების შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს იქნა მიღებული. დოკუმენტის თანახმად, ნებისმიერი არაკომერციული ორგანიზაცია ან საზოგადოებრივი მოძრაობა შეიძლება შეყვანილ იქნეს აგენტების სიაში, თუკი ისინი ფინანსურ დახმარებას იღებენ უცხოეთიდან და ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას. ასეთი საქმიანობის დასადგენი კრიტერიუმები არ არის მკაფიოდ განსაზღვრული.

2019 წელს რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც შესაძლებელს ხდის „უცხოეთის აგენტებად“ მედიისა და ცალკეული მოქალაქეების მიჩნევას. კანონის დარღვევისთვის გათვალისწინებულია მსხვილი ჯარიმები და 15 დღემდე პატიმრობა.

ნიკა გვარამია სუს-ში, სავარაუდოდ, ამ ტექსტისთვის დაიბარეს: „უზურპატორი უნდა დავამხოთ!“

„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ნიკა გვარამია დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას სუს-ის პრესსამსახურში და დეტალების გამხელისგან თავი შეიკავეს.

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზე გამოძახებას 4 დეკემბერს „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ტექსტს უკავშირებს.

„უზურპატორი, თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად, უნდა დ ა ვ ა მ ხ ო თ !“ - დაწერა ნიკა გვარამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულ უწყებაში, რომელსაც გვარამია აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ ის 6 დეკემბერს უნდა გამოცხადდეს.

კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ნიკა გვარამიამ 26 ნოემბერს თქვა, რომ მის ოჯახს პროკურატურა უთვალთვალებდა და ამის ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდიან მწვანე ფერის „პორშედან“ მისი მეუღლე და ქალიშვილი, ძაღლთან ერთად. „ასეა: დასდევდა ჩემ ცოლ-შვილს სუსი, კრიმპოლი და ყველანაირი დედააფეთქებული და “ღირსშესანიშნავ” მომენტებს აფიქსირებდნენ“, - დაწერა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ 1 დეკემბერს გადაცემა „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რომ ქვეყნის დატოვებას არ აპირებს - „ქექეც, სანდროც, სოფოც, ...ჩვენ ვრჩებით" - თქვა მან. "ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ქვეყანას, მოიშოროს რუსული ურჩხულის ნასხლეტიო“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო 20 ივლისს. გამოძიების ვერსიით, გვარამიას მიერ გაფორმებული სარეკლამო ხელშეკრულებებით, „რუსთავი 2“-მა 7 მილიონამდე ლარით იზარალა.

დმიტრი მედვედევმა 2008 წლის ომის დაწყებას თავისთვის ყველაზე რთული გადაწყვეტილება უწოდა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა თავისთვის ყველაზე რთულ გადაწყვეტილებებად დაასახელა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყება და რეფორმა, რომელიც რუსეთში საპენსიო ასაკის გაზრდას ითვალისწინებს. ამის შესახებ მან ტელეჟურნალისტებთან ორსაათიანი საუბრისას განაცხადა.

2008 წლის ომს მედვედევმა „საქართველოს აგრესიაზე პასუხი“ უწოდა, მის შესახებ გადაწყვეტილებას კი გარდაუვალი და ერთადერთი სწორი.

საპენსიო რეფორმაზე, რომელსაც რუსეთში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, მედვედევმა განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება არავის სურდა, მაგრამ ის აუცილებელი იყო.

სხვა საკითხებთან ერთად, მედვედევს შეეკითხნენ ე.წ. „სუვერენულ ინტერნეტზეც“. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება YouTube-ის აკრძალვას, მედვედევმა თქვა, რომ „არავინ არაფრის დახურვას არ აპირებს“, ვიდეოების მონეტიზაცია და იუტუბერების შემოსავლები კი პირველი რიგში თავად სერვისის პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ კანონი დაიცავს რუსეთის მოქალაქეებს გლობალური ქსელიდან ქვეყნის მოკვეთის შემთხვევაში. მისი თქმით, ასეთი საფრთხე სავსებით რეალურია.

შსს: „პორნოგრაფიის საქმეზე“ კიდევ 11 პირი - ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს

„ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროში „პორნოგრაფიის საქმეზე“ გამართულ ბრიფინგზე.

ბორცვაძის ინფორმაციით, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი - ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს.

ბრალდებულება 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც ბორცვაძე ჰყვება, მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

„ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ამავე საქმეზე, როგორც შსს იტყობინება, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს.

სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი.

„დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები“, - აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ომბუდსმენი ეუთო / ODIHR -ს სავარაუდოდ ორშაბათს მიმართავს

სახალხო დამცველი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებულ ცვლილებებს ეუთო/ოდირს, სავარაუდოდ, ორშაბათს გაუგზავნის.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ის ეუთო/ ოდირს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას სთხოვს.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს პროცედურები. არსებობს გარკვეული ტექნიკური მხარეები, რომელზეც დღეს ჩვენ ვზრუნავთ. ახლა სიღრმეებში არ ჩავდივარ, მაქსიმალურად დაჩქარებულად ვცდილობთ, რომ ოფიციალური დოკუმენტი ოდირს გადავუგზავნოთ.

გარკვეული ტექნიკური პროცედურები არის, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და ალბათ, ყველაზე ბოლო ვადა ჩვენ რაზეც გვაქვს ორიენტირებული, დიდი ალბათობით, ორშაბათი იქნება. ორშაბათს ჩვენ უკვე გაგზავნილი გვექნება.

ამაზე კონკრეტული ვადები არ გვაქვს, თუმცა ჩვენი თხოვნა იქნება, ეუთო/ოდირის მიმართ, რომ დაჩქარებული წესით განიხილონ იმიტომ, რომ მათ შორის მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტზე, რამდენიმე კვირაში ეუთო/ოდირმა მოგვიმზადა თავისი დასკვნა გამონაკლისი წესით",- განაცხადა ლომჯარიამ.

ოპოზიციამ 3 დეკემბერს განაცხადა, რომ შეიმუშავა „გერმანულ მოდელზე“ დაფუძნებული კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის ხმებს მაქსიმალურად პროპორციულად გადაანაწილებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციამ - პატრიოტთა ალიანსის გამოკლებით - სახალხო დამცველს სთხოვა, კანონპროექტი ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს იმის დასადგენად, შეესაბამება თუ არა იგი საქართველოს კონსტიტუციას.

მექრთამეობის ეჭვით დააკავეს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

გევორქ ლორეციანი

სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური იტყობინება, რომ დღეს განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის ქრთამის აღების ეჭვით დააკავეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გევორქ ლორეციანი. მასთან ერთად პოლიციაში წაიყვანეს მისი მძღოლი და სომხეთში მოქმედი ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს სპორტული პროდუქციის მიმწოდებელი რიგი კომპანიების ფაქტობრივი მფლობელიცაა.

წინასწარი მონაცემებით, მინისტრის მოადგილემ მისი სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებებისთვის სპორტული საქონლისა და ფორმების მიწოდებისთვის გამოცხადებულ ტენდერში დახმარება აღმოუჩინა ზემოხსენებულ მიმწოდებელს. საპასუხოდ საკუთარი მძღოლის გზით შეთანხმებას მიაღწია განსაკუთრებით მსხვილი მასშტაბის ქრთამის აღების თაობაზე.

მძღოლისთვის თანხის ნაწილის გადაცემის შემდეგ გარიგების ყველა მონაწილე მაშინვე დააკავეს.

დანაშაულის ფაქტთან დაკავშირებული მასალები გადაეცა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს.

აშშ: წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა ტრამპის მოქმედებებში იმპიჩმენტის საფუძველი გამოავლინა

ექსპერტები ფიცს დებენ კონგრესის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე. 2019 წ. 4 დეკემბერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოქმედებებში გამოავლინა იმპიჩმენტის საფუძველი. ტრამპმა საკუთარი პირადი ინტერესები ქვეყნის უსაფრთხოებაზე მაღლა დააყენა, განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯერალდ ნადლერმა.

მანამდე ანგარიში მოამზადა კონგრესის დაზვერვის კომიტეტმა. დოკუმენტში არ არის იმპიჩმენტის პირდაპირი რეკომენდაციები, მაგრამ კომიტეტის წევრები აღიარებენ ტრამპის მხრიდან უკრაინის ხელისუფლებაზე ზეწოლას თავისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის დისკრედიტაციის მიზნით.

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ოთხშაბათს გიმართა, მიწვეული იყვნენ კონსტიტუციის ექსპერტები, უნივერსიტეტების პროფესორები. სამმა მათგანმა განაცხადა, რომ ტრამპის მოქმედებები ექვემდებარება იმპიჩმენტს, მეოთხემ ეჭვი გამოთქვა ამასთან დაკავშირებით.

აშშ-ის მედიის თანახმად, სავარაუდოდ ტრამპს წაუყენებენ სამ ბრალდებას - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და კონგრესის საქმიანობის დაბრკოლებას.

თავად ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს.

სახალხო დამცველის შეფასებით, აჭარის ტელევიზიაში სახიფათო პროცესებია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტებს 5 დეკემბერს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა საკმაოდ შემაშფოთებელი უწოდა ინფორმაციას, რომელიც აჭარის ტელევიზიის და რადიოს ჟურნალისტების ნაწილისგან მიიღო დღეს, 5 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე.

„შევხვდი საინფორმაციო საშუალებების და კრიტიკული კონტენტის შემქმნელ ჟურნალისტებს. ვხედავ, რომ ამ საკითხებთან მიმართებით ჟურნალისტების ხედვა და პოზიცია არის ერთიანი“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი ჟურნალისტებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამბობს, რომ საქმე გვაქვს საკმაოდ სახიფათო პროცესებთან: „არა მგონია, რომ ეს ყველაფერი ეხებოდეს ცალკეულ ჟურნალისტებს. თუ ასე გაგრძელდა, ვფიქრობ, რომ რეალურად საფრთხის ქვეშ დგება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული მაუწყებლობა და ჟურნალისტების საქმიანობის დამოუკიდებლობა. ყოველ შემთხვევაში, მათ აქვთ ეს განცდა და კონკრეტული ფაქტებით საუბრობდნენ“.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველი სრულად უჭერს მხარს ჟურნალისტების დამოუკიდებლობას და სარედაქციო პოლიტიკაში ჩაურევლობის პრინციპს და მონიტორინგს გაუწევს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მიმდინარე პროცესს. დღესვე ნინო ლომჯარია შეხვდება რეგიონული მაუწყებლის დირექტორს, გიორგი კოხრეიძეს.

4 დეკემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და გიორგი კოხრეიძე დაადანაშაულეს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში, დაუსაბუთებელ ბრალდებებსა და შანტაჟში.

საპატრიარქო: ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ქართული ეკლესიის წევრი არაა

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის დაკავებული ბერი გიგა ქავთარაძე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი არაა.

საქართველოს საპატრიარქოს პრესმდივანი, ანდრია ჯაღმაიძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გიგა ქავთარაძე 2014-15 წელს ათონის მთაზე აღკვეცეს ბერად და იქ ცხოვრობდა, საქართველოში კი 2017 წელს დაბრუნდა.

“მძიმეა ეს დანაშაული ბერისთვის, მაგრამ ჩვენ ვერ გვექნება ვერანაირი რეაქცია, ვინაიდან ეს ადამიანი არ არის ეკლესიის იურისდიქციაში”, - ამბობს ჯაღმაიძე.

ჯაღმაიძე, ასევე, ამბობს, რომ გავრცელებული ფოტო - რომელზეც დაკავებული ბერი ქართული ეკლესიის მღვდელმსახურთან, მეუფე გერასიმესთან ერთად დგას - არაფერს ნიშნავს.

“ასე ნებისმიერი ეკლესიიდან ჩამოსული დელეგაცია - თუ რაიმე აკრძალვა არ აქვს მსახურებაში - დგება ჩვენთან შესაბამისი კურთხევით. შეუძლია ერთჯერადად იმსახუროს, ან რამდენჯერაც ექნება სურვილი”, - ამბობს ჯაღმაიძე.

მეუფე გერასიმე “მთავარ” არხთან ადასტურებს, რომ მან პირადად აღკვეცა გიგა ქავთარაძე ბერად.

33 წლის ბერი გიგა ქავთარაძე 4 დეკემბერს ღამით ჩაბარდა პოლიციას. ქავთარაძე ამბობს, რომ მას ეკუთვნის ჩანთა, რომელშიც პოლიციამ ნარკოტიკები აღმოაჩინა.

რუსეთი სოფიის ქმედების საპასუხოდ ბულგარელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან

ნიკოლაი მალინოვი კრემლში, სახალხო ერთობის დღეს, სახელმწიფო პრემიების გადაცემისას რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ერთად

რუსეთმა განაცხადა, რომ ბულგარელ დიპლომატს აძევებს ქვეყნიდან ოთხი კვირის შემდეგ მას მერე, რაც სოფიამ გადაწყვიტა, ვიზა არ მისცეს რუსეთის თავდაცვის ახალ ატაშეს ჯაშუშობის სკანდალის ფონზე. რუსეთის ხელისუფლებამ ამცნო ბულგარეთის ელჩს რუსეთში, ატანას კრასტინს, რომ დიპლომატმა უნდა დატოვოს რუსეთი 24 საათის განმავლობაში, საპასუხო ქმედების პრინციპის თანახმად.

ამის თაობაზე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება 5 დეკემბერს. რუსეთის მედიამაც გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთმა ბულგარეთის დიპლომატი გამოაცხადა „პერსონა ნონ გრატად“.

ბულგარეთმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ უარი უთხრა ხანგძლივი ვიზის მიცემაზე სოფიაში რუსეთის თავდაცვის ატაშეს ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც სხვა, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან.

უფრო ადრე, ბულგარეთის პროკურატურამ ბრალი დასდო ნიკოლაი მანილოვს, ბულგარეთის ყოფილ კანონმდებელს და პრორუსული ლობისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ფულის გათეთრებაში და სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემაში რუსეთში დაფუძნებული ორი ორგანიზაციისთვის, რომლებსაც ახლო კაშირები ჰქონდათ კრემლთან და რუსეთის საიდუმლო სამსახურებთან.

მანილოვი ბრალდებებს უარყოფს. ბულგარეთი, მოსკოვის მიმართ ლოიალური სახელმწიფო კომუნისტური მმართველობის პერიოდში, 2004 წელს ნატოს წევრი გახდა და 2007 წელს ევროკავშირში შევიდა.

ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის 2 პირი დააჯარიმეს

თბილისში 2 პირი დააჯარიმეს ტრანსგენდერი ქალების შეურაცხყოფისთვის, - ინფორმაციას „თანასწორობის მოძრაობა“ ავრცელებს.

ინფორამციის თანახმად, ტრანსგენდერი ქალებს სამმა მოქალაქემ სიტყვიერი შეუარაცხყოფა მიაყენა ტრანსფობიურ ნიადაგზე. შემთხვევა 6 ნოემბერს მოხდა. დაჯარიმებული პირები ტრანსგენდერ ქალებს დასცინოდნენ, აგინებდნენ და ეკითხებოდნენ, რომელს ერქვა მამაკაცის სახელი.

„ამ შეურაცხყოფის საპასუხოდ, ტრანსგენდერმა ქალებმა გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ადგილზე მისვლის შემდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, როგორც აღნიშნული სამი პიროვნების, ასევე დაზარალებული ტრანსგენდერი ქალების მიმართაც“,- ნათვაქმია „თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის თანახმად, 4 დეკემბერს სასამართლოს დადგენილებით შეწყდა სამართალწარმოება ტრანსგენდერი ქალების მიმართ, ხოლო მათი შეურაცხყოფისთვის ორი პირი დამნაშავედ ცნეს წვრილმანი ხულიგნობაში და 500- 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

ლუკაშენკა: ბელარუსი არ აპირებს მოძმე რუსეთის შემადგენლობაში შესვლას

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ დაადასტურა, რომ მის ქვეყანას სურს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთთან, თუმცა ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ერთობლივი პარლამენტის შექმნის შესახებ მოლაპარაკება.

5 დეკემბერს პარლამენტის წევრებთან შეხვედრისას ლუკაშენკა შეეცადა გაექარწყლებინა რიგითი თანამოქალაქეების შეშფოთება, რომ ქვეყანა შეიძლება მიდიოდეს საბჭოთა კავშირის კვლავ აღდგენისკენ.

ლუკაშენკა პარლამენტში გამოვიდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრამდე სამი დღით ადრე. რუსეთის და ბელარუსის ლიდერები აპირებენ მოილაპარაკონ სამომავლო ინტეგრაციაზე რუსეთ-ბელარუსის ერთიანი სახელმწიფოში, რომელიც 1990-იანი წლების შემდეგ მხოლოდ ქაღალდზე არსებობს.

„არავინ არასოდეს მოაწერს ხელს დოკუმენტს, რომელიც ჩვენ გვავნებს, თქვა ლუკაშენკამ, რომელიც თავის ქვეყანას მეოთხედი საუკუნეა მართავს. „არასოდეს დაგვიგეგმავს სხვა ქვეყნებთან, რუსეთის ჩათვლის, რომელიც მოძმე სახელმწიფოა, შეერთება“, -დასძინა მან. პუტინს და ლუკაშენკას არაერთი შეხვედრა ჰქონიათ ამ თემაზე. ბოლო შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ პარტნიორობა თანასწორუფლებიანობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს.

ბევრი რიგითი ბელარუსიელი გამოხატავს შეშფოთებას, რომ მოსკოვთან მეტი ინტეგრაცია სუვერენიტეტის სახიფათო შესუსტებას მოიტანს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში ბერის, გიგა ქავთარაძის დაკავებას მოულოდნელს უწოდებენ

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მამა დიმიტრი ვეკუა

ნაკროდანაშაულის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი, 33 წლის გიგა ქავთარაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, რამდენიმე წლის წინ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში მსახურობდა, შემდეგ კი ათონის მთაზე ბერად აღიკვეცა. ამ ეპარქიაში მსახურობს მისი ძმა, დეკანოზი გიორგი ქავთარაძეც. ოჯახი ზუგდიდში ცხოვრობს.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მამა დიმიტრი ვეკუა ამბობს, რომ ბერ გიგა ქავთარაძეს ბავშვობიდან იცნობს და მისი დაკავების ამბავი მოულოდნელი იყო: „ძალიან სამწუხარო ფაქტია... ერთად ვსწავლობდით თბილისის სასულიერო სემინარიაში. შემდეგ ის გაემგზავრა ათონის წმინდა მთაზე და აღიკვეცა ბერად. რამდენიმე წელია ჩვენს ეპერქიაში არ მსახურობს. მე ბრალზე ვერ ვისაუბრებ, ამას გამოძიება დაადგენს, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირი რანაირად შეიძლება აღმოჩნდეს ამ მდგომარეობაში... მე მას ვიცნობ ბავშვობიდან, მქონდა წლების განმავლობაში მასთან ურთიერთობა და ეს მოულოდნელი ფაქტი იყო“.

მამა დიმიტრი ვეკუას თქმით, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მომხდარი ფაქტი გააცნო ეპარქიის სასულიერო პირებს და ჯერჯერობით მხოლოდ ის ინფორმაცია აქვთ, რაც მედიით გავრცელდა.

ბერს, გიგა ქავთარაძეს ბრალი ოფიციალურად დღეს, 5 დეკემბერს უნდა წაუყენონ. საქმე ეხება დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვას, რომლის გამო უკვე ბრალდებულია ზუგდიდელი რომან მალანია.

სასულიერო პირი პოლიციაში 4 დეკემბერს, ღამით მივიდა და განაცხადა, რომ მალანია არაფერ შუაშია, რადგან ჩანთა, რომელშიც ნარკოტიკი აღმოაჩინეს, მას ეკუთვნოდა.

“ლიბერალი” ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა დაიხუროს

მედიაპლატფორმა “ლიბერალი” ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა დაიხუროს. ვებსაიტზე ინფორმაცია 29 ნოემბრის შემდეგ არ განახლებულა.

“განიხილება ვარიანტი, რომ დაიხუროს. და თუ გავაგრძელებთ, როგორ გავაგრძელებთ”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ლიზა ჟვანია, “ლიბერალის” აღმასრულებელი რედაქტორი, რომელიც ამ პოსტს დაახლოებით 4 თვეა იკავებს.

ჟურნალი „ლიბერალი“ ბეჭდური სახით 2009 წელს გამოჩნდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი გამოცემა მთლიანად ონლაინ პლატფორმაზე გადავიდა. “ლიბერალის” ჟურნალისტები არაერთხელ გამხდარან საერთაშორისო და ადგილობრივი ჟურნალისტური პრიზების მფლობელები. 2019 წლის ზაფხულში გამოცემა თითქმის სრულმა სარედაქციო გუნდმა დატოვა, გენერალურ დირექტორთან, შორენა შავერდაშვილთან განსხვავებული სარედაქციო ხედვების გამო.

“გავეცანი „ლიბერალის“ შიდა სამზარეულოს და მივხვდი, რომ პრინციპულად არ ვეთანხმებოდი მათ ფინანსურ თუ ადმინისტრაციულ პოლიტიკას”, - წერდა თავის ყოფილ გუნდზე შორენა შავერდაშვილი.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში “ლიბერალს” ორი ლოიალური დონორი ჰყავდა - ჯორჯ სოროსის “ღია საზოგადოების ფონდი” და “დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდი” (NED).

შორენა შავერდაშვილი რადიო თავისუფლებასთან მხოლოდ “ლიბერალის” ფინანსურ პრობლემებს ადასტურებს და დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

ელიზაბეთ რუდი: აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის მატებით

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი, აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობით და იმედოვნებს, რომ პროცესი ძალადობაში არ გადაიზრდება. ეს კომენტარი ელიზაბეთ რუდმა ქუთაისში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული,17-ე საჯარო სკოლის დაათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.

„ზოგადად, მე ვიტყოდი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია პოლიტიკური დაძაბულობის მატებით, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. ამიტომაც, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მხარი დავუჭიროთ დიალოგს მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ქართველი ხალხის უფლებას, გამოიყენონ შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება. ჩვენ ნამდვილად გვწამს, რომ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა განხორციელდეს და არასოდეს გადაიზარდოს ძალადობაში. ჩვენ ასევე ველით, რომ პოლიციის პასუხი იქნება შესაბამისი და დისკრიმინაციულად არ მიუდგება ძალადობას, რომელიც შეიძლება გაჩნდეს დემონსტრაციის დროს“,- აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

მისი სიტყვებით ცვლილები საქართველოში უნდა განხორციელდეს კანონის ფარგლებში.

„მე ვიტყოდი, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ამერიკამ დიდი ინვესტიცია განახორციელა ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობისას, წლების განმავლობაში, საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელდეს პოლიტიკური პროცესების, პარლამენტის და არსებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით“, - აცხადებს ელიზაბეთ რუდი.

საფრანგეთში საერთო ეროვნული გაფიცვაა მაკრონის „უნივერსალური“ საპენსიო სისტემის წინააღმდეგ

რკინიგზელი პროფკავშირების დროშით დემონსტრაციის წინ ნიცაში, 2019 წლის 5 დეკემბერი

საერთო ეროვნულმა გაფიცვამ საფრანგეთში, რომელშიც მილიონობით მუშაა ჩართული, გამოიწვია ტრანსპორტს გაჩერება, სკოლების და საავადმყოფოების, ასევე სხვა დაწესებულებების მუშაობის შეფერხება.

5 დეკემბრის, ბოლო წლებში უდიდესი გაფიცვის, მონაწილეები პროტესტს გამოხატავენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გეგმის წინააღმდეგ, შემოიღოს „უნივერსალური“ საპენსიო სისტემა.

გაფიცვის გამო მთელ საფრანგეთში შეფერხდა საჰაერო მიმოსვლა, გაუქმდა მატარებლების და ავტობუსების მოძრაობა, პარიზის მეტროს უდიდესი ნაწილი არ მუშაობს, პარიზის სკოლების მესამედი დახურულია.
ემანუელ მაკრონს სურს „უნივერსალური“ საპენსიო სისტემის შემოღება, რითაც გააუქმებდა ზოგიერთი სექტორის საგანგებო რეჟიმებს, როცა მუშებს შედარებით მაღალი პენსია ენიშნებათ და პენსიაში გასვლა ადრე შეუძლიათ.

პროფკავშირების აზრით, ამგვარი რეფორმის შედეგად მილიონობით მუშას მოუწევდა საპენსიო ასაკის (62) შემდეგაც მუშაობა და შეუმცირდება პენსია.

მთავრობის თანახმად, მთელ ქვეყანაში დაგეგმილია 250 დემონსტრაცია, რომელთა ნაწილი შეიძლება ძალადობრივი იყოს. 6 ათასამდე წესრიგის დამცველია განთავსებული მხოლოდ პარიზში, სადაც ორი დიდი დემონსტრაცია ტარდება.

1995 წლის გაფიცვის შედეგად, რომელიც ასევე მთავრობის რეფორმების წინააღმდეგ იყო მიმართული, ხელისუფლებამ დათმო და უარი თქვა რეფორმის გატარებაზე.

ახალგაზრდა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკასთან მეორე თამაშიც წააგეს

საქართველოს 19-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა, თბილისში, სამხრეთ აფრიკასთან მეორე ამხანაგური თამაში ჩაატარა და ისევ შვიდი ქულით დამარცხდა, ანგარიშით 33:40. სამი დღის წინანდელი მატჩის (21:28) მსგავსად, დღევანდელი თამაშიც „შევარდენის“ სტადიონზე გაიმართა და სტუმართა მოთხოვნით, დილის 11:00 საათზე დაიწყო.

შეხვედრის ბედი ფაქტობრივად პირველ ოც წუთში გადაწყდა - სამხრეთაფრიკელებმა სამი ლელო გაიტანეს, ორი გარდასახვაც მიითვალეს და 19:0 დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის მეორე ნახევარში სტუმრებმა კიდევ ერთი გარდასახული ლელოთი გაიხარეს. ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა კი შესვენებამდე ჩამორჩენა თოთხმეტ ქულამდე შეამცირა, ლევან ქუშაშვილისა და ლუკა ხეხელაშვილის ლელოებითა და სანდრო მარგიანის გარდასახვით.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა 21:14 მოიგო, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მასპინძელთაგან ლელოები გაიტანეს იოანე იაშაღაშვილმა, გიორგი მარგალიტაძემ და თემურ კოხოძემ. ლაშა ლომიძემ კი სამივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG