საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას „ნორმალური პოლიტიკური პროცესისაკენ“ დაბრუნებას ურჩევს. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ უმჯობესია, ოპოზიციამ საპარლამენტო ფორმატები, პოლიტიკური დებატები გამოიყენოს:
„პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილს, რომელიც ახლა დესტრუქციით და ბოქლომების აქციებით არის გართული, მოვუწოდებთ, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს დაუბრუნდეს, კანონით მინიჭებული შესაძლებლობები გამოიყენოს, რაც არის საპარლამენტო ფორმატები, პოლიტიკური დებატები, საკომიტეტო განხილვები თუ ფრაქციებს შორის შეხვედრები. ეს უნდა გამოიყენონ, რათა მათთვის საინტერესო საკითხები განიხილონ. ეს უნდა გააკეთონ საჯაროდ და არა პარტიზანული აქციების საშუალებით. როცა საქმე პიკეტირებასა და ბლოკირებას ეხება, რაც მათი ამოცანა და სურვილი იყო, ამაზე სახელმწიფომ რეაგირება მოახდინა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება კანონდარღვევაა, ვერ ჯდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის ფარგლებში და მასზე სახელმწიფოს რეაგირება ექნება.
„რაც უფრო სწრაფად გავაცნობიერებთ პოლიტიკური სპექტრი, რომ საჭიროა ნორმალური პოლიტიკური პროცესის დაბრუნება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადება, ეს უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც და, ასევე, ეს შედის მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებშიც“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.
22 ნოემბერს „ევროპული საქართველო“ „დაბოქლომების“ აქციას ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან მართავს.
დაწერეთ კომენტარი