Accessibility links

logo-print logo-print

საფრანგეთის შს მინისტრი საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობაზე: ეს იყო ანომალია


„ამა წლის პირველ თვეში, საქართველო იყო პირველ ადგილზე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით - ეს იყო ანომალია, რადგან საქართველო საფრანგეთის მიერ აღიარებულია უსაფრთხო ქვეყნად და ვიცით, რომ საქართველო არის თანამედროვე და განვითარებადი ქვეყანა, რომელიც ხარისხიან სერვისს სთავაზობს ხელმისაწვდომ ფასად და ხანდახან უფასოდ თავის მოქალაქეებს, დაახლოებით, იმავე ვალდებულებებით, როგორც ეს საფრანგეთშია. მიმდინარე წლის პირველი თვეების განმავლობაში ძალიან დიდი რაოდენობით დაფიქსირდა ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში ჩამოვიდნენ საფრანგეთში, თუმცა 97% შემთხვევებზე თანხმობა არ იქნა გაცემული“, - განაცხადა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა, ქართველ კოლეგა ვახტანგ გომელაურთან შეხვედრის შემდეგ. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მე მინდა ვუთხრა ყველა იმ ქართველს, ვინც აპირებს, რომ საფრანგეთში ჩამოვიდეს თავშესაფრის მიღების მიზნით, რომ ჩვენი თანამშრომლობის ფარგლებში, ვიქნებით ძალიან მკაცრები და შევთავაზებთ თავშესაფარს მხოლოდ მათ, ვინც ამას ნამდვილად იმსახურებს“, - აღნიშნა საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა.

საქართველოს შს მინისტრი საფრანგეთში ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის მიზანია ქვეყნებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ ერთობლივი ღონისძიებების და სამომავლო გეგმების განხილვა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევების საპასუხოდ, 2019 წლის მაისში ხელი მოეწერა საფრანგეთისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ადმინისტრაციულ შეთანხმებას.
სექტემბერიდან საფრანგეთში იმყოფებიან ქართველი ოფიცრები, რომლებიც საფრანგეთის ჟანდარმერიის, ეროვნული პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფებში ფრანგ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

„ვიზალიბერალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ დავკარგოთ.
ჩვენი ინტეგრირება ევროპაში არის ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, ამას დამატებით იქნა მოვლენილი სამი ოფიცერი და ვფიქრობთ კიდევ ოფიცრების დამატებას, რათა საფრანგეთში არ მოხდეს თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა. ჩვენ მზად ვართ საფრანგეთთან თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალებით მივაღწევთ იმას, რომ ეს ციფრები, რა თქმა უნდა, დაიკლებს და წამოვა ქვევით“, - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG