Accessibility links

logo-print logo-print

აქტივისტებმა ბოქლომი დაადეს პრეზიდენტის სასახლის ღობეს


მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს. ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციასთან, აქტივისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს სამართალდამცველებმა. პოლიციამ აქციის მონაწილეებს შესასვლელი ჭიშკრის „დაბოქლომების“ საშუალება არ მისცა.

მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტებმა პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არაადეკვატური და გამაღიზიანებელი უწოდეს. ისინი 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას მოითხოვენ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განცხადება 23 ნოემბერს გაავრცელა. ის მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მოინახოს საერთო ენა, დაიხვეწოს საარჩევნო კოდექსი და შეიქმნას მაქსიმალური პირობები სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

პრეზიდენტის თქმით, გამოსავლის გზები პარლამენტმა უნდა გამონახოს.

ბოლო პერიოდის საპროტესტო აქციების დროს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბოქლომები დაადეს არაერთ ადმინისტრაციულ შენობას: პარლამენტს, მთავრობის ადმინისტრაციას, პროკურატურას, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებს. პროცესები ხმაურით მიმდინარეობდა.

საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ 40-მა დეპუტატმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის 24 ივნისს მიცემული დაპირების შეუსრულებლობას. 18 ნოემბერს სამართალდამცველებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG