Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ დემეტრაშვილი: პლებისციტი უკვე ჩატარებულია


ავთანდილ დემეტრაშვილი
ავთანდილ დემეტრაშვილი

კონსტიტუციონალისტმა ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ სახალხო ინიციატივით პარლამენტში შესულ პროექტში 210 ათასი ამომრჩეველი ითხოვდა პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებას ანუ პლებისციტი ჩატარებულია და თუ უმრავლესობას აქვს პოლიტიკური ნება, შეუძლია, განიხილოს ეს პროექტი. დემეტრაშვილმა ეს სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში თქვა, როცა კომენტარი გააკეთა პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის შეთავაზებაზე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების შესახებ. დემეტრაშვილის თქმით, აკაკი ზოიძე უმრავლესობაში ავტორიტეტით სარგებლობს და არ გამორიცხავს, რომ მას რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარებაზე დათანხმდნენ.

როგორც კონსტიტუციონალისტმა აღნიშნა, კანონმდებლობის მიხედვით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე როგორც რეფერენდუმის, ისე პლებისციტის ჩატარება შესაძლებელია, თუმცა, მისი აზრით, ზოიძემ წინასწარი კონსულტაციები უნდა გამართოს უმრავლესობასთან და თანხმობა მიიღოს აღნიშნულის ჩატარებაზე.

ამასთან, როგორც დემეტრაშვილმა თქვა: „უნდა აღინიშნოს, რომ პლებისციტი უკვე ჩატარებულია. 210 000 ამომრჩეველი უკვე ითხოვდა პროპორციული წესით ჩატარებას. ვგულისხმობ სახალხო ინიციატივის წესით შესულ პროექტს. პარლამენტს და უმრავლესობას თუ აქვთ პოლიტიკური ნება, შეუძლიათ, დაუბრუნდნენ ამ პროექტს, განიხილონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ესეც ხომ ხალხის ხმა არის“.

დემეტრაშვილის განმარტებით, საბოლოოდ, „ყველაფრის ჩატარება პარლამენტთან მიდის. იქნება ეს რეფერენდუმი თუ პლებისციტი“.

კითხვაზე, შედეგს გამოიღებს თუ არა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე პლებისციტის ჩატარება, მან განაცხადა, რომ კანონმდებლობაში არაფერი შეიცვლება, მაგრამ „ეს იქნება ხალხის ნება, რომ პარლამენტმა მიიღოს გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“.

14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა. რასაც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციები მოჰყვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG