Accessibility links

site logo site logo

ნატროშვილი: "ოცნება" გვეუბნება, რომ პროპორციული არჩევნები, შესაძლოა, 2024-შიც არ ჩატარდეს


ლევან ნატროშვილი

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება რეალობას ვერ აღიქვამს და საზოგადოების რადიკალიზაციის პროცესს სათანადოდ ვერ აფასებს. რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას ნიშნავს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება 2020 ან 2021 წელს საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულ მოდელზე გადასვლის საკითხზე „საერთო-სახალხო კენჭისყრის“ შესაძლებლობის თაობაზე, ლევან ნატროშვილმა უპასუხა:

„ვართ იმედგაცრუებულები. ხელისუფლება დაჰპირდა ხალხს, რომ 2020 წლიდან გადავიდოდა სრულად პროპორციულ არჩევნებზე და ახლა აღმოჩნდა, რომ შეიძლება 2024-შიც არ ჩატარდეს სრულად პროპორციული არჩევნები.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია. რეალობას ვერ აღიქვამს, როგორც ჩანს, ხელისუფლება კარგად, ვერ ხვდება, რა პრობლემაა დღეს საზოგადოებაში, რომ რადიკალიზებულია პროცესები, ადამიანები ქუჩაში გამოდიან და დღესაც არის კიდევ ერთი აქცია დაგეგმილი. ასეთი განცხადებები და ასეთი გადაწყვეტილებები ნამდვილად ხელს არ უწყობს პოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებას და მშვიდად არჩევნებამდე მისვლას“, - განაცხადა ლევან ნატროშვილმა.

დღეს, 25 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების“ ექვსპუნქტიანი გზავნილი. ამ გზავნილებს შორისაა მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნა სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღების შესახებ. „ქართული ოცნების“ განცხადების მეხუთე პუნქტში, შესაბამისად, ვკითხულობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG