Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ნოდია: ხელისუფლება ხალხზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს


გია ნოდია
გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია მიიჩნევს, რომ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე რეფერენდუმის ან პლებისციტის ჩატარების საკითხის წინწამოწევით ხელისუფლება საზოგადოებაზე ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს. მისი განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ იმის ჩვენება უნდა, რომ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს:

„პრინციპში ყველაფერი შესაძლებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მგონი ეს არა იმდენად გეგმაა იმის, რომ 2024-ში შეიცვალოს რამე, არამედ მთავარია, რომ დღეს შეაშინოს ხალხი, რომ ჩვენ არ ვაპირებთ არანაირ კომპრომისზე წასვლას და პირიქით შეიძლება აქეთ შემოგიტიოთ და მადლობა თქვით, რომ პროპორციულ სისტემას 2024-ისთვის დავთანხმდით“, - უთხრა გია ნოდიამ რადიო თავისუფლებას.

პროპორციული არჩევნები, შესაძლოა, 2024 წელსაც არ ჩატარდეს. დღეს, 25 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების“ ექვსპუნქტიანი გზავნილი. ამ გზავნილებს შორისაა მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნა სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღების შესახებ. „ქართული ოცნების“ განცხადების მეხუთე პუნქტში, შესაბამისად, ვკითხულობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითხოვენ. ამ მოთხოვნას ხელისუფლება ივნისის საპროტესტო აქციების ფონზე დათანხმდა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპორექტი ჩააგდო. შერეულიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლიდან ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG