Accessibility links

logo-print logo-print

მიხეილ ბენიძე: ხელისუფლება ხალხს აშანტაჟებს, თუმცა შესაძლოა ვიხილოთ გაუგონარი სცენარებიც


მიხეილ ბენიძე

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი, მიხეილ ბენიძე, მაჟორიტარული სისტემის შესახებ პლებისციტის ან რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობის შესახებ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან შანტაჟად აღიქვამს. აქვე მიხეილ ბენიძე ამბობს იმასაც, რომ ნაკლებად რეალისტური იყო ისიც, რომ ხელისუფლება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით დაპირებას არ შეასრულებდა. შესაბამისად, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში დარწმუნებით რამის მტკიცება რთულია:

„მოვლენათა განვითარება შეიძლება სრულიად გაუგონარი სცენარებით. და ამას ამტკიცებს თუნდაც დღევანდელი განცხადება მათი. მე ვფიქრობ, ხელისუფლებას დაკარგული აქვს ადეკვატურობა და ის საზოგადოების განწყობებს ვერ აფასებს სათანადოდ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიხეილ ბენიძემ. მისი შეფასებით, მაშინ როცა ხელისუფლება ასე იოლად ცვლის 5 თვის წინ დადებულ პირობას, რთულია, წინასწარ იმსჯელო, რა იქნება 2020 ან 2021 წელს. მიხეილ ბენიძის აზრით, თუ ხელისუფლება უარს იტყვის სრულად პროპორციულ სისტემაზე და მაჟორიტარულისკენ გადაიხრება, ქვეყანა გეზს აზერბაიჯანისა და ბელარუსისკენ აიღებს:

„როდის რა მოუვა თავში „ქართულ ოცნებას“, ამაზე მსჯელობა ძალიან რთულია. თუ ისინი აპირებენ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლას, რომელიც არის ბელარუსში და აზერბაიჯანში ჩვენს რეგიონში, მაშინ ეს კიდევ ერთი მანიშნებელი იქნება იმისა, თუ საითკენ მივდივართ. და პრინციპში, მგონია, რომ ბოლო განცხადებებიც პირდაპირი გზავნილია იმისა, რომ, როგორც ჩანს, გეზი გვაქვს აღებული აი, ამ ქვეყნებისკენ. სრულად მაჟორიტარულიც ერთ-ერთი მახასიათებელი იქნება ამისა“, - განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

პროპორციული არჩევნები, შესაძლოა, 2024 წელსაც არ ჩატარდეს. დღეს, 25 ნოემბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, თბილისის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო „ქართული ოცნების“ ექვსპუნქტიანი გზავნილი. ამ გზავნილებს შორისაა მაჟორიტარი დეპუტატების მოთხოვნა სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღების შესახებ. „ქართული ოცნების“ განცხადების მეხუთე პუნქტში, შესაბამისად, ვკითხულობთ:

„როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო უმრავლესობაში არის მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

გუშინ და დღეს, გუნდში გამართული კონსულტაციების შედეგად, ჩვენ ისინი დავარწმუნეთ, რომ გუნდი 2020 წლის არჩევნებისთვის ვერცერთ ახალ ინიციატივას ვერ განიხილავს.

თუმცა, ჩვენ გაგებით ვეკიდებით მათ ზოგად ინიციატივას და შევთანხმდით, რომ ისინი გააგრძელებენ ამ მიმართულებით საქმიანობას, ოღონდ იმ პირობით, რომ საარჩევნო რეფორმის საკითხი საერთო-სახალხო კენჭისყრაზე 2020 წლის საპარლამენტო ან 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს დადგება“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას 2020 წლიდან ითხოვენ. ამ მოთხოვნას ხელისუფლება ივნისის საპროტესტო აქციების ფონზე დათანხმდა, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობამ კონსტიტუციის ცვლილებების კანონპორექტი ჩააგდო. შერეულიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საქართველოს კონსტიტუცია 2024 წლიდან ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG