Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს ოთხი წლით შეიძლება აუკრძალონ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობა


WADA-ს პლენარული სხდომა 2019 წლის 5 ნოემბერს პოლონეთში
WADA-ს პლენარული სხდომა 2019 წლის 5 ნოემბერს პოლონეთში

საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოს, WADA-ს, თავსებადობის კომიტეტი ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ კომიტეტს რეკომენდაციას აძლევს, ჩამოაშორონ რუსეთი ოთხი წლით საერთაშორისო შეჯიბრებებს, რისი მიზეზიც ანტისადოპინგო საერთაშორისო სტანდარტებთან ამ ქვეყნის შეუთავსებლობაა.

რეკომენდაციის თანახმად, თუ ის მიღებულ იქნა, რუსეთის სპორტსმენები გაისად ტოკიოს ოლიმპიადაში, ასევე 2022 წელს ზამთრის თამაშებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ნეიტრალური დროშით, და მხოლოდ მაშინ, თუ ანტისადოპინგო ნორმები არ დაურღვევიათ. რუსეთის ნაკრები ამ ასპარეზობებზე არ დაიშვება.

ამავე დროს, რეკომენდაციის თანახმად, მომავალ ოთხ წელიწადში რუსეთში არ ჩატარდება მსხვილი საერთაშორისო ტურნირები.

დოკუმენტი შეიცავს სრულ აღწერას იმ დარღვევებისა, რომელიც რუსეთზე მოდის. საქმე ეხება რუსეთის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანას.
საერთაშორისო ექსპერტებისთვის ამ ბაზის წარდგენა იყო ერთ-ერთი პირობა იმისა, რომ რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოსთვის სტატუსი აღედგინათ. რუსეთის სპორტში ფართომასშტაბიანი სკანდალის გამო ამ ორგანიზაციას სტატუსი ჩამოერთვა და მიჩნეულ იქნა სტანდარტებთან შეუთავსებლად, რის გამოც რუსეთის ცალკეული სპორტსმენები მხოლოდ ნეიტრალური დროშით დაუშვეს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე.
რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს, РУСАДА-ს ბედი, და საკითხი, მიიღებს თუ არა კომიტეტი რეკომენდაციებს, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე 9 დეკემბერს გადაწყდება.

XS
SM
MD
LG