Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი კრიზისზე, პასუხისმგებლობასა და სახელმწიფოს ინტერესზე


„30 წლის შეცდომები სახელმწიფოებრივ გამოცდილებად უნდა ვაქციოთ. ეს არის ამოცანა დღევანდელი პროცესის და არა ის იწილო-ბიწილო: თუ კარგად არ მოიქცევი, პროპორციულს წაგართმევ, თუ კარგად მოიქცევი, მაჟორიტარულ [ოლქს] მოგცემ. ესაა სახელმწიფოებრიობის დონე ხელისუფლების?! ეს არ არის საზოგადოების დონე! საზოგადოება გაცილებით წინ არის წასული და ამის მოპოვება და დამაგრება გვინდა მომავალ არჩევნებში“, - აცხადებს „შენების მოძრაობის“ ლიდერი, დავით უსუფაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში. ის თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისი სახეზეა: „ხელისუფლებაში მყოფი გუნდი და ყველა დანარჩენი ფუნქციონირებენ ალტერნატიულ სიბრტყეებში. ანუ, მათთვის ერთ ქვეყანაში, ერთ სივრცეში კი არ მიდის პროცესი, არამედ აცდნენ ისინი ერთმანეთს. ეს უკვე არის სერიოზული კრიზისი და მეორე: მმართველი გუნდი თავად არის ეროზიის პროცესში - როგორც ადამიანური რესურსის თვალსაზრისით, ისე მორალური ეროზიის და იდეური ეროზიის, რადგან შესათავაზებელი პოზიტიური დღის წესრიგი მას აღარ დარჩა. ანუ, პოლიტიკური თვალსაზრისით გვაქვს არა კრიზისის საფრთხე, არამედ კრიზისი. ახლა, კრიზისით გამოწვეული საფრთხე რაღაა? ეს არის ინსტიტუციური კოლაფსი, ეს არის შესაძლო ეკონომიკური კოლაფსი, ეს არის უსაფრთხოების მიმართულებით მოშიშვლება ჩვენი ფლანგების და ისე შემოფარგლვა რუსთაველზე განვითარებული მოვლენებით, რომ ვეღარ ვხედავთ რა ხდება გარშემო. არადა, გარშემო ხდება ძალიან საყურადღებო და საფრთხისშემცველი მოვლენები. მსოფლიო არ არის სტაბილური, კავკასია არ არის სტაბილური, ევროპა არ არის სტაბილური“. რა შეიძლება მოიტანოს შექმნილმა ვითარებამ, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემის 2020 წლამდე შეცვლის „თემა დახურულია“ და თავის პირობებს აყენებს დამჯერე და ურჩი პოლიტიკური ძალებისა და პირებისთვის? „ჯამური შედეგი ამ ყველაფრის იქნება ეს: ხელისუფლება ან გააკეთებს იმას, რომ დაპირებულ და შეთანხმებულ სამართლიან, პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებს, ან დაკარგავს ხელისუფლებას და ისე დაკარგავს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ადგილის შენარჩუნებაც კი გაუძნელდება. ეს ნამდვილად ასეა. ეს არ არის ჩემი სურვილი. ეს არ არის არც ჩემი ოცნება. ეს არის პრაქტიკულად მეცნიერულ დონეზე დადასტურებული ჭეშმარიტება იმაზე, რა ემართებათ ხოლმე ასე თვითიზოლირებულ, გაჯიუტებულ ხელისუფლებებს, რომლებიც კარგავენ მთავარს, რაც დემოკრატიულ საზოგადოებებში უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას - მისი სიტყვის ავტორიტეტს, მისი სიტყვისადმი ნდობას. თორემ, პოლიცია და ჯარი 700 წლის წინაც ჰყავდა რომელიმე მეფეს და დღესაც ჰყავს რომელიღაც დიქტატორს“. დავით უსუფაშვილი შეახსენებს ხელისუფლებას, რომელიც მიმდინარე პროტესტს წარმოჩენს როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ პროცესს და ამით სურს გააუბრალოოს შექმნილი პოლიტიკური კრიზისი, რომ ქვეყანა არ შედგება მხოლოდ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ან მათი მხარდამჭერებისგან: „საქართველო არც ერთია მხოლოდ, არც მეორეა მხოლოდ და არც მათი ჯამია მხოლოდ. საქართველოში ვხედავთ მოთხოვნილებას იმაზე, რომ რეალურად გაიხსნას ეს მართლაც დაბოქლომებული ორპოლუსიანი სიტუაცია. პირადად მე და „შენების მოძრაობა“ ამ პროცესში არანაკლებ ვართ ჩართული და არანაკლებ ვართ დაკავებული, ვიდრე გერმანულ მოდელზე და სხვა თემებზე მუშაობით“.

XS
SM
MD
LG