Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" პანამის ოფშორთან ბიძინა ივანიშვილის კავშირზე წერს


არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში ოფშორული ქვეყნებიდან საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია, 59 მილიონი დოლარი პანამიდან შემოვიდა, რაც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, კერძოდ, „ტურიზმის განვითარების ფონდს“, რომელიც საქართველოში რამდენიმე პროექტს ახორციელებს და მისი 100%-იანი წილის მფლობელია პანამაში რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL-ი.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 27 ნოემბერს გამოქვეყნებული კვლევის, „ოფშორები და საქართველო“ თანახმად, ბიძინა ივანიშვილთან ამ პანამური კომპანიის კავშირს ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ფონდის პროექტების განმახორციელებელი კომპანიების ყოფილი და მოქმედი დირექტორები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირები არიან. ასევე, საჯარო რეესტრის ამონაწერების მიხედვით, „ტურიზმის განვითარების ფონდი” და ბანკი „ქართუ“ ერთსა და იმავე იურიდიულ მისამართზე არიან რეგისტრირებული. FRANKSTON INTERNATIONAL-ია ბიძინა ივანიშვილის მთავარი საინვესტიციო კომპანიის, „თანაინვესტირების ფონდის“ 100%-იანი წილის მფლობელიც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ აღნიშნავს, რომ ოფშორული კაპიტალის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა გამართლებული არ არის და მას ბოლომდე არცერთი ქვეყანა არ კრძალავს, მაგრამ განვითარებული ქვეყნების პოლიტიკური კულტურისთვის მიუღებელია, პოლიტიკოსს ან მასთან დაკავშირებულ პირებს ჰქონდეთ ოფშორებთან რაიმე სახის კონტაქტი. არასამთავრობო ორგანიზაციას ამის მაგალითად მოჰყავს „პანამის დოკუმენტების“ სკანდალი, როცა, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ოფშორული კომპანიის 30 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების წილის გაყიდვაზე მოუწია განმარტებების გაკეთება.

„ბოლო წლებში განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად განიხილავენ ოფშორებიდან მომავალი რისკების შემცირების შესაძლებლობებს და თანდათან მკვიდრდება ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნების მაღალი სტანდარტი, რაც ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ანტიკორუფციული ქსელის წევრი საქართველოცაა და, შესაბამისად, ეს რეკომენდაცია მასაც ეხება. მეტიც, მაღალი დონის კორუფციის არსებობის გამო, აღნიშნული რეკომენდაციის შესრულება აუცილებელიცაა“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველომ უნდა შეასრულოს OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის რეკომენდაციები და ოფშორული კომპანიების მფლობელთა გამჟღავნება უნდა მოითხოვოს მინიმუმ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს კომპანიები, ან მათი შვილობილი კომპანიები, სახელმწიფო შესყიდვებში, „საპარტნიორო ფონდის” პროექტებში ან სხვა სახელწიფო პროგრამებში მიიღებენ მონაწილეობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG