Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიცია ელენე ხოშტარიას პარლამენტთან გასაშლელად კარვის მიტანის საშუალებას არ აძლევდა


სამართალდამცავები არასამთავრობო ორგანიზაციას „ევროპელი სტუდენტები თავისუფლებისთვის“ და დეპუტატ ელენე ხოშტარიას პარლამენტის შენობასთან გასაშლელი კარვის მიტანის საშუალებას არ აძლევდნენ. ორგანიზაციის წევრის, დაჩი იმედაძის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ კარავი ტროტუარზე მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას შეაფერხებდა.

„კანონის აღსრულება მინდა. ხან სარალიძეს არ აძლევდით კარვის დადგმის ნებას, ახლა ამათ. რის საფუძველზე არ აძლევთ ნებას?“, - მიმართა ელენე ხოშტარიამ სამართალდამცავებს. იგი კანონის იმ ნორმების განმარტებას ითხოვდა, რომლის საფუძველზეც სამართალდამცავები დანარჩენი კარვების გვერდით პარლამენტის წინ ტროტუარზე კიდევ ერთი კარვის გაშლას ეწინააღმდეგებოდნენ. რამდენიმეწუთიანი შელაპარაკების შემდეგ, ელენე ხოშტარიამ გასაშლელი კარვის პარლამენტის წინამდებარე ტერიტორიაზე შეტანა შეძლო. კარავი ჯერ არ გაუშლიათ.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდებას ისინი სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. დემონსტრანტები აპირებდნენ, არ დაეშვათ პარლამენტის სხდომის ჩატარება. აქციის დაშლის შემდეგ, პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციელები განლაგდნენ.

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია 18 ნოემბერსაც დაშალეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG