Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუიზა მუთოშვილი პანკისში მომხდარ მკვლელობას პირად კონფლიქტთან არ აკავშირებს


მომხდარს პირად კონფლიქტთან არავითარი საერთო არ აქვს. ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და იმ ადამიანებმა, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის მშენებლობას, - ეუბნება პანკისის მკვიდრი ლუიზა მუთოშვილი „ინტერპრესნიუსს“.

მისი სიტყვებით, დაპირისპირების შედეგად მოკლული, მისი ბიძაა.

„ეს არის ჰესის მშენებლობის საკითხზე დაწყებული დავა და ის ადამიანები, რომლებიც ლობირებდნენ ჰესის მშენებლობის საკითხს ხეობაში, ვის უკანაც დგას მთავრობა, პოლიცია, მათ მოკლეს ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ჰესის შენებლობას. ღიად ხეობაში, ვინც ამ საკითხს ლობირებს, არიან ქავთარაშვილები და ფარეულიძეები. დაპირისპირება, დაახლოებით, 1-2 თვის წინაც მოხდა იგივე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა რაღაცნაირად ჩაწყნარდა სიტუაცია. დღეს ყველაზე მძიმე შედეგი დადგა და შეიწირა ადამიანის სიცოცხლე“, - აცხადებს ლუიზა მუთოშვილი.

ლუიზა მუთოშვილის თქმით, ჯერჯერობით პოლიციას არავინ დაუკავებია.

„ეს არ მოხდებოდა, კომპანიას და მთავრობას მთელი 1 წლის განმავლობაში ხალხთან კომუნიკაცია რომ ჰქონოდა. ჩვენ რასაც ვითხოვდით, ერთადერთი ის იყო, რომ ადამიანური ენით ესაუბრათ ჩვენთან და არა მასხრად აგდების ენით, რაც, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილეს და დღემდე იგივეს აგრძელებენ“, - განაცხადა ლუიზა მუთოშვილმა.

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად. საკობიანო პანკისის ხეობაში მდებარეობს. დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, კონფლიქტი ორი გვარის, მუთოშვილების და ქავთარაშვილების წარმომადგენლებს შორის მოხდა. ერთი ვერსიით, დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს უკავშირდება, მეორე ვერსიით კი, რეგიონში ჰესის მშენებლობით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლოს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით.

პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობის დაწყებას, 2019 წლის აპრილში მოჰყვა მწვავე პროტესტი ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. პანკისელები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ მთავრობის მიერ ბირკიანში გაგზავნილ სპეციალურ საპოლიციო ძალებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG