Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სამოქალაქო მოძრაობის" წევრზე ძალადობის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გაგრძელდება


ადვოკატი ივანე ნორაკიძე და "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი ნინო გოგოლაშვილი
ადვოკატი ივანე ნორაკიძე და "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი ნინო გოგოლაშვილი

პოლიციამ კვალიფიკაცია შეუცვალა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მომხდარი ინციდენტის გამო დაწყებულ გამოძიებას და მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გააგრძელებს.

„სამოქალაქო მოძრაობის“ რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი ნინო გოგოლაშვილი ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს სიღნაღის საკრებულოს წევრს „ქართული ოცნებიდან“, ილია ბაიდოშვილს.

ინციდენტი 24 ნოემბერს მოხდა ბოდბისხევის საკვირაო ბაზარში, სადაც „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და მოძრაობის წევრები მართავდნენ კამპანიას „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარები“.

ნინო გოგოლაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე საქმის წარმოება თავდაპირველად დაიწყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით.

25 ნოემბერს, ნინო გოგოლაშვილის გამოკითხვისას, მან და ადვოკატმა ივანე ნორაკიძემ პოლიციას მტკიცებულებები წარუდგინეს. დღეს, 27 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გამოძიება გაგრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით.

ადვოკატი ივანე ნორაკიძე აცხადებს, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე პოლიციამ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო და სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ამასთან, ადვოკატი არ ეთანხმება მუხლს, რომლითაც გამოძიება გაგრძელდება და ითხოვს, რომ საქმეს კვალიფიკაცია მიეცეს 156-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობით პოლიტიკურ დევნას, და პასუხისგებაში მიეცნენ ილია ბაიდოშვილის თანხმლები პირებიც.

თავად ბაიდოშვილი უარყოფს, რომ გოგოლაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და აცხადებს, რომ მხოლოდ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG