Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რესპუბლიკელები" მოითხოვენ მართლმადიდებელ ეკლესიასთან საკონსტიტუციო შეთანხმების გაუქმებას


საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული შეთანხმების გაუქმების მოთხოვნით „რესპუბლიკური პარტია“ განცხადებას ავრცელებს.

„რესპუბლიკელების“ განცხადებით, პარტია არაერთი წელია ქვეყნის დემოკრატული განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შემაფერხებელ ფაქტორად ქვეყანაში სეკულარიზმის ფაქტობრივი არარსებობის პრობლემას მიიჩნევს.

როგორც „რესპუბლიკური პარტია“ აცხადებს, აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. პარტიას მიაჩნია, რომ პრობლემის აღმოფხვრა და სეკულარული სახელმწიფოს საფუძვლების გამყარება შეუძლებელია მკვეთრი, რეფორმატორული გადაწყვეტილებების გარეშე.

„საერო და სასულიერო ხელისუფლებებს შორის მავნე, უკანონო ურთიერთგარიგეგების შეწყვეტის გზად გთავაზობთ საქართველოს ხელისუფლებასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებული შეთანხმების გაუქმებას“, - აცხადებს პარტია.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ „რესპუბლიკელები“ შემდეგი შედეგების შესახებ მიუთითებენ:

„1. სამართლებრივად აღიკვეთება ხელისუფლების ჩარევა სასულიერო ხელისუფლების საქმიანობაში;

2. ყველა მმართველ პოლიტიკურ ძალას გამოეცლება წინასაარჩევნოდ მართლმადიდებლური ეკლესიის რესურსით მანიპულაციისა თუ ვაჭრობის შესაძლებლობა და პირიქით;

3. განათლება ქვეყნის ფუნდამენტია და ამ სფეროში განსაკუთრებით მძიმეა ის უკანონო და რეგრესული ხასიათის ინტერვენცია საპატრიარქოსა და მისი მართული ჯგუფების მხრიდან, რაც მუდმივად აფერხებს განათლების სისტემაში ძირეული რეფორმემის არა თუ განხორციელებას, არამედ დაწყებასაც კი. შეთანხმების გაუქმებით, ხელისუფლებას გაუუქმდება სამართლებრივი ვადლებულება გაიზიაროს (ან გამოიყენოს სათავისოდ) საპატრიარქოს ესა თუ ის პოზიცია ახალი ინიციატივების განხილვის დროს. (მაგ. კანონპროექტების განხილვისას სასულიერო პირების ჩარევა ან პოლიტიკოსების მხრიდან ეკლესიის გამოყენება იგივე მიზნისთვის);

4. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების გაუმჭვირვალე საქმიანობა ასევე, მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემას. ამდენად, სახელმწიფო სტრუქტურებს ექნებათ სხვადასხვა სასულიერო საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგის სამართლებრივი საფუძველი, რაც უზრუნველყოფს ამ ინსტიტუციების, მათ შორის, ფინანსურ გამჭვირვალობასაც;

5. აღიკვეთება საპატრიარქოსათვის გაუმჭვირვალე პროცესის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრებისა და სახელმწიფო ქონების გადაცემის ქაოტური პროცესი;

6. შეწყდება ადგილობრივი ბიუჯეტებიდან საბიუჯეტო რესურსებისა და ქონების გადაცემის პროცესი;

7. შეწყდება სხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან მიმართებით არსებული დისკრიმინაციული პრაქტიკა - საგადასახადო შეღავათების სახით.

ამ ღონისძიებების განსახორციელებლად აუცილებელია შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლი, რომლიდანაც ამოღებული უნდა იქნეს ჩანაწერი მართლმადიდებლურ ეკლესიასთან თანამშრომლობის ფორმის შესახებ, ცალმხრივად გაუქმდეს შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის და პარლამენტში შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის შეთანხმების მოქმედების ფარგლებში შემდეგ საკითხებს:

• საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისათვის გადაცემული ფულადი სახსრებისა და ქონების ოდენობას;

• საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადაცემული თანხების ხარჯის მიზანშეწონილობას;

• საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ სასწავლებლებში არსებულ მდგომარეობას და მათ შესაბამისობას საქართველოს განათლების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან მიმართებაში.

თბილისის მერიის მორიგი ინიციატივა, რომ 2020 ბიუჯეტით განისაზღვრება საპატრიარქოს დამატებითი დაფინანსება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ მავნე პრაქტიკის კიდევ უფრო გაღრმავებას. ამის დასრულების ერთადერთ გზად გვესახება კონკორდატის გაუქმება“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG