Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: არ გამოვრიცხავ, ღია წერილით მივმართო აშშ-ის კონგრესს, სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას


ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ ილაპარაკა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში, ნიკა ლალიაშვილის გადაცემაში.

„ასეთი მხარდაჭერა საქართველოს აშშ-ის მხრიდან არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტი მიიღეს კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერით. იცით, რომ ამერიკაშიც არჩევნებია და საკმაოდ ჩაჭიდებული ოპონირება მიდის და ამ ფონზე საქართველოს მაგალითზე ორივე პარტიამ შედეგს მიაღწია. რეალობა აქ არის“, - ამბობს ივანიშვილი და იქვე უარყოფითად აფასებს ამერიკული ორგანიზაციების თბილისის ოფისების მუშაობას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე საქართველოში NDI-სა და IRI-ს საქმიანობით უკმაყოფილოა.

„აქ [საქართველოში], რაც ხდება, როგორც ხდება, „ნაცების“ მიერ დაფუძნებული ენჯეოები მართავენ ამერიკელების მიერ დაფუძნებულ ენ-ჯე-ო-ებს. სამწუხარო რეალობაა, რომ იგივე ხდება NDI-სა და IRI-ს კვლევებში“, - თქვა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ პოლიტიკურ გუნდთან უკვე ილაპარაკა.

„პირად შეხვედრებში ცალკეული ჩინოვნიკი ვერ ახერხებს ამას და ეტყობა, რომ არ არის ასე მარტივი. კიდევ გვაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და უკეთ ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ. თუ არ გამოვიდა, ამ ხერხით [ვაპირებ] საჯაროდ მივმართო კონგრესს, სენატს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას და საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ. როგორ ხდება ის, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკელების დაფინანსებული ორგანიზაციები... ნურავის ექნება ილუზია და მეც არ დავიბრალებ, ამერიკა ზესახელმწიფოა და უჩემოდაც ძალიან კარგად ართმევს თავს განვითარებას. რა თქმა უნდა, საქართველოა ჩვენთვის საფუძველი, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ზარალდება, მაგრამ მე კონკრეტულად მივწერ. მე კონკრეტულად მივწერ და აღარ ვიტყვი, რომ საქართველო ზარალდება, ან საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ზარალდება მათი ქცევით. არა, პირდაპირ ვიტყვი, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, რომელიც ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით აბსოლუტურად ამერიკის საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ“, - აღნიშნავს ივანიშვილი და დასძენს, - „მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს ან სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას. ასეთი სამწუხარო რეალობა გვაქვს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG