Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ გომელაური: რა პოზიცია უნდა მქონდეს მე, უნდა გავიფიცო?!


შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

"გზები გადაკეტილია იმიტომ, რომ ისევ არ მოხდეს ცეცხლების დანთება, პიკეტირებები და დისკომფორტი არ შეუქმნან ხალხს", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. მას მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, მინისტრთა კაბინეტის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ გადაკეტა პოლიციამ პარლამენტის და მთავრობის შენობების მიმდებარე ქუჩები, გრძობს, თუ არა ხელისუფლება დისკომფორტს და პასუხისმგებლობას შექმნილი ვითარების გამო და აპირებენ, თუ არა აქციის კიდევ ერთხელ დაშლას: „დაიშლება აქცია, თუ დაიწყებენ გზის დაკეტვებს, ცეცხლის დანთებებს, დისკომფორტს შეუქმნიან მოქალაქეებს, გადაკეტავენ მთელ ქალაქს, რა უნდა გავაკეთოთ, სახლში უნდა წავიდეთ, დავიშალოთ, დავიძინოთ?!“

გომელაურის განცხადებით, ოპოზიციამ პოლიტიკური პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან, პარლამენტში უნდა გადაიტანოს და არა „ქუჩაში ცეცხლის დანთებით და ხის ნაჭრების სროლით პოლიციაზე“.

„თუ იდგებიან გარეთ, ასე ვერასდროს ვერ მოილაპარაკებენ. დისკომფორტს რაც შეეხება, დისკომფორტია ყველასთვის, დაწყებული რიგითი პოლიციელიდან, მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრისთვის, ბატონი პრემიერ-მინისტრისთვის. ყველასთვის დისკომფორტია. დარწმუნებული ვარ, არცერთ პოლიციელს არ უხარია აქ დგომა, ძალადობა, ანუ მიღებული ძალადობა მოქალაქეებისგან და მათგან დაცვა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. გომელაურის თქმით, შექმნილი ვითარება დისკომფორტია პარლამენტის და მთავრობის შენობების მახლობლად მცხოვრები მოსახლეობისა და იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც აქციაში მონაწილეობენ.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ოპოზიციაც უნდა მიხვდეს, რომ დაამთავროს თემა, შევიდნენ კაბინეტებში და უნდა მოხდეს მაგიდასთან საუბარი და შეთანხმება, რა ჯდება კონსტიტუციაში და რა არ ჯდება, გერმანული იქნება ეს, ფრანგული, თუ იაპონური მოდელი იქნება, უნდა გაიარონ იქ".

მედიის შეკითხვას, რა პოზიცია აქვს განვითარებულ მოვლენებზე, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ არ შეასრულა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა, შინაგან საქმეთა მინისტრმა უპასუხა: „ველოდებოდით რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია იყო, რომ პროპორციული ყოფილიყო, თუმცა ჩავარდა პარლამენტში. რა პოზიცია უნდა მქონდეს მე, უნდა გავიფიცო?!"

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG