Accessibility links

logo-print logo-print

პარლამენტთან მიმდინარე აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს


პოლიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციის სამი მონაწილე ტერიტორიიდან ავტომანქანით გაიყვანა.

აქტივისტებს და სამართალდამცავებს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან განთავსებულ რკინის კედლებზე აქციის მონაწილეები წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ, პოლიციელები კი, ამის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

აქტივისტები და პოლიტიკური ლიდერები, მათ შორის "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია პოლიციის მიმართ სკანდირებდნენ: „მონებო, მონებო!“

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გამოფინეს ამერიკული დოლარის იმიტირებული კუპიურები ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG