Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი: დაიშალეთ! ივანიშვილმა შემოიღო უკვე გერმანული მოდელი, ბერლინის კედელი აგიგიათ


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიციის მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიებზე ლითონის ჯებირების დაყენების ფაქტს "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

„დაიშალეთ! ვინაიდან ამასობაში ივანიშვილმა შემოიღო უკვე გერმანული მოდელი - ბერლინის კედელი აგიგიათ შუა ქალაქში“

პიკეტირება პარლამენტთან ამ დროისათვის დასრულებულია. აქციის მონაწილეები ხვალ, 29 ნოემბერს იმ შემთხვევაში შეიკრიბებიან, თუ პარლამენტში სხდომა გაიმართება.

დღეს დილიდან პოლიციამ რკინის კედლებით გადაკეტა პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას დილიდან აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG