Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩიეს


გურამ მაჭარაშვილი, კახა კუჭავა, ნინო წილოსანი.
გურამ მაჭარაშვილი, კახა კუჭავა, ნინო წილოსანი.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-სპიკერად 83 ხმით აირჩიეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა. ამ კომიტეტის თავმჯდომარე 76 ხმით გახდა ნინო წილოსანი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარედ 81 ხმით გურამ მაჭარაშვილი აირჩიეს.

წილოსანი და მაჭარაშვილი იმ დეპუტატებს შორის არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი არ დაუჭირა. კახა კუჭავამ კი პროექტს ხმა მისცა.

სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კვლავ პოლიციის დახმარებით შევიდნენ.

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი რკინის კედლებით დილიდან გადაკეტა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG