Accessibility links

logo-print logo-print

უკრაინა: რუსეთის მიერ დაბრუნებულ გემებს 2,3 მილიონი დოლარის ზარალი აქვს მიყენებული


რუსეთის მიერ უკრაინისთვის დაბრუნებული ხომალდები ოჩაკოვის პორტში.

უკრაინამ შეაფასა ზარალი, რომელიც რუსეთმა მიაყენა შარშან ქერჩის სრუტეში დაკავებულ მის სამ გემს. მოსკოვმა კიევს ახლახან დაუბრუნა გემები. უკრაინის თანახმად, ზარალი 2,3 მილიონ დოლარს შეადგეს. ამის შესახებ განაცხადა ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, იჰორ ლოსოვსკიმ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, რუსეთის მესაზღვრეების მიერ შარშან დაკავებული გემების შეიარაღებისა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლებელია მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება. ლოსოვსკის თქმით, გემებზე შეინიშნება მაროდიორობის ნიშნები.

რუსეთმა გემები 18 ნოემბერს დაუბრუნა უკრაინას. კიევმა მაშინვე გამოთქვა პროტესტი გემების მდგომარეობის თაობაზე. მათ შორის, ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გემებზე უნიტაზებიც კი მოხსნილია. პასუხად რუსეთის ფსბ-მ გამოაქვეყნა გემების გადაცემის პროცესის ამსახველი ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ უკრაინული მხარე პრეტენზიებს არ გამოთქვამს. ასევე ერთ-ერთ სათავსოში ჩანს თეთრი უნიტაზი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოჩაკოვში გემების დათვალიერების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს მოსთხოვს შეიარაღებისა და აღჭურვილობის დაბრუნებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG