Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან კვლავ პოლიციელების სიმრავლეა, ამჯერად რკინის ჯებირების გარეშე


საქართველოს პარლამენტთან კვლავ მრავლად იმყოფებიან პოლიციელები, თუმცა, 28 ნოემბრისგან განსხვავებით, მიმდებარე ქუჩებზე რკინის ჯებირები აღარ დაუდგამთ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირების აქციის განახლებას 10 საათიდან აპირებენ.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უკვე იმყოფებიან პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და უმრავლესობის დეპუტატთა უდიდესი ნაწილი. პლენარული სხდომა 12 საათზე უნდა დაიწყოს. მანამდე, 10 საათზე დანიშნულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და 11 საათზე ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომები.

28 ნოემბერს პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ჩიტაძის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩები და ინგოროყვას ქუჩის ნაწილი რკინის ჯებირებით დილიდან გადაკეტა მას შემდეგ, რაც წინა ღამით ცნობილი გახდა, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის პიკეტირების გაგრძელებას აპირებდნენ.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში საპოლიციო ძალებმა ორჯერ, 18 და 26 ნოემბერს დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქციები. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. პოლიციამ ორი აქციის დროს, საერთო ჯამში, 65 ადამიანი დააკავა ხულიგნობის და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ მომდევნო არჩევნები ჩატარდეს ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებული სისტემით, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა შეიმუშავეს. მმართველი პარტია "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მსგავსი სისტემა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ამას უარყოფენ ოპოზიციის ლიდერები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG