Accessibility links

logo-print logo-print

გაიმართება ხელისუფლებისა და ოპოზიციის დისკუსია საარჩევნო სისტემის საკითხებზე


ხვალ, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა გაიმართება. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, შეხვედრის ინიციატორია დიპლომატიური კორპუსი:

„მათ გამოხატეს ინიციატივა, რომ მიუხედავად იმ დესტრუქციული ქმედებებისა, რომელსაც ისინიც ხედავენ ოპოზიციის მხრიდან, ამის მიუხედავად, იქნება დავმსხდარიყავით დიალოგის გარკვეულ ფორმატში. ამასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, ჩვენ ანგარიში გავუწიეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ხვალ დღის პირველ ნახევარში დაიწყება შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან ამ შეხვედრას და იქ გაიმართება დისკუსია. გერმანული მოდელიც იქნება განხილვის ერთ-ერთი საგანი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მან მედიის წარმომადგენლებთან განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაზე „გერმანულ მოდელზეც“ იმსჯელებენ, მმართველი პოლიტიკური ძალა ამ მოდელზე „დიდხანს გაჩერებას“ არ აპირებს:

„საკითხი არის ძალიან ნათელი. იმდენად ცხადია წინააღმდეგობა გერმანულ მოდელსა და საქართველოს კონსტიტუციას შორის, რომ აქ ერთადერთი, დამატებით ახსნაა საჭირო და მეტი არაფერი. ამ ახსნის საშუალება გვქონდა ჩვენ გასული დღეების განმავლობაშიც. საზოგადოებას ვაწვდით შესაბამის ინფორმაციას და ხვალ ამაზეც მოხდება ბუნებრივია პოზიციების გაცვლა. ამის მიღმაც, ვნახოთ, რას შემოგვთავაზებენ ზოგადად ოპოზიციის წარმომადგენლები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 29 ნოემბერს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები წარადგენენ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს, რომელიც ერთობლივი კონსულტაციების შედეგად შეიქმნა. პრეზენტაციას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის დასასრულს 28 ოპოზიციური პარტია მემორანდუმზე ხელმოწერას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG