Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ თალიბებთან სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა


დონალდ ტრამპი ავღანეთში
დონალდ ტრამპი ავღანეთში

მადლიერების დღეზე ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტით ჩასულმა აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა განაახლა მოლაპარაკება თალიბანთან, რომელსაც, დონალდ ტრამპის სიტყვებით, „სურს შეთანხმების მიღწევა“.

დონალდ ტრამპი ომში ჩაფლულ ქვეყანაში პირველად 2017 წელს ჩავიდა. 28 ნოემბერს აშშ-ის პრეზიდენტი ქაბულთან ახლოს, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „თალიბანი მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის“.

ავღანეთში ყოფნის დროს აშშ-ის ლიდერმა მოინახულა ამერიკელი სამხედროები, შეხვდა მაღალი რანგის მეთაურებს და ავღანეთის ლიდერებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე, თალიბებმა გაათავისუფლეს ტყვეობაში მყოფი ორი უცხოელი მძევალი. ორი დასავლელი პროფესორი, აშშ-ის მოქალაქე, კევინ კინგი და ავსტრალიელი ტიმოთი უიკსი 19 ნოემბერს გაათავისუფლეს ავღანეთში, ნაუბაჰარის ოლქში, ზაბულის პროვინციაში, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. თალიბანთან პატიმრების გაცვლის შეთანხმების ჩარჩოში, პროფესორებზე გაცვლის მიზნით, ავღანეთის მთავრობამ გაათავისუფლა და ყატარში ჩაიყვანა თალიბანის მაღალი რანგის სამი წარმომადგენელი.

აშშ და თალიბანის წარმომადგენელები მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს 18-წლიანი მიმდინარე ომის დასრულების მიზნით. მოლაპარაკებები ვაშინგტონმა შეწყვიტა სექტემბერში, თალიბების მიერ ორგანიზებული თავდასხმების ახალი სერიის შემდეგ, რასაც რამდენიმე უცხოელი, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაციც, შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG