Accessibility links

logo-print logo-print

სახალხო დამცველი: დაგვიანებული გამოძიების გამო ია კერზაიას საქმეზე სიმართლე ვერ დადგინდა


საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა დაასრულა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას, გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებული გამოძიების მასალების შესწავლა და დაადგინა, რომ ამ საქმეშიც გამოვლინდა სისტემური ხარვეზები, რომლებიც საქართველოს პროკურატურის მხრიდან სხვა საქმეებშიც ხშირად იკვეთება.

სახალხო დამცველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყების შემდგომ პროკურატურამ საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი გამოკითხა, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა.

„საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 8 ნოემბერს განათლების სამინისტროს ია კერზაიას წინააღმდეგ საჩივრით მიმართა ლავრენტი ქირიამ. გამოძიების შედეგად, ამ სახელის მქონე პირის, ან მის მიერ მითითებული მისამართის რეალური არსებობა არ დადასტურდა. აღნიშნული საჩივრის საფუძველზე, 2018 წლის 9-15 ნოემბერს, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირება განხორციელდა, რის შედეგადაც, განათლების იმდროინდელმა მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა სკოლას ია კერზაიას გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაცია სკოლის სამეთვალყურეო საბჭომ არ გაიზიარა, რადგან მიიჩნია, რომ მითითებული დარღვევები მოკლე დროში აღმოფხვრადი იყო“.

ია კერზაიამ ჯერ კიდევ 2018 წლის 26-27 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ მის მიმართ პოლიტიკური ზეწოლა ხორციელდებოდა. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა, ხოლო 19 დეკემბერს მისმა შვილმა, ბაჩანა შენგელიამ, პროკურატურას გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებითვე, საქმის მასალებიდან დგინდება, რომ გამოძიება 2019 წლის 11 თებერვლამდე არ დაწყებულა, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია.

„გაუმართლებელი დაგვიანება გახდა გამოძიების უშედეგოდ დასრულების მთავარი განმაპირობებელი მიზეზი. პროკურატურამ ვერ გაარკვია, ვინ იყო ლავრენტი ქირიას ფსევდონიმს ამოფარებული პირი და იყო თუ არა ინსპექტირება დაგეგმილი სქემის ნაწილი. ცალკე შეფასების საგანია ის, რომ თუნდაც 11 თებერვალს დაწყებული გამოძიების პირობებში, ვიდეოჩანაწერი მხოლოდ 7 მარტს გამოითხოვეს“.

სახალხო დამცველის შეფასებითვე, ია კერზაიას საქმემ ნათლად წარმოაჩინა დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის შესახებ პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. პროკურატურამ ბაჩანა შენგელიას უარი უთხრა დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა მას ორჯერ გააცნო საქმის მასალები, რაც, საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, დაზარალებულის პრეროგატივას წარმოადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG