Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა წულუკიანი: არავითარი პოლარიზაცია არ არსებობს


თეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკას ტოვებს
თეა წულუკიანი ეროვნულ ბიბლიოთეკას ტოვებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის პოლარიზაცია არ არსებობს და ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის მომზადებას ურჩევს.

„იქნებ საქართველოს ამომრჩეველი გაისად ამბობს, რომ ნაციონალები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში? რატომ არ უნდათ მოემზადონ არჩევნებისთვის? მაგრამ მათ იციან, როგორც ჩანს, ალბათ, რომ არჩევნებით დიდი მომავალი არ აქვთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეროვნული ბიბლიოთეკის დატოვებამდე მედიისთვის მიცემულ კომენტარში.

მონას რომ გეძახიან, უხერხულობას არ გრძნობთ? - მედიის მიერ დასმულ ერთ-ერთ ამ შეკითხვაზე იუსტიციის მინისტრის პასუხი იყო - არა. კითხვაზე კი, უქმნის თუ არა დისკომფორტს ოპოზიციის პროტესტი და პიკეტი, მან განაცხადა:

არამცთუ რაიმე დისკომფორტი არ არსებობს, არამედ მე და ალბათ ის ადამიანები, ვინც ევროკავშირიდან, იუნისეფიდან, ჩვენი ტრადიციული მეგობრები, ვინც დღეს ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ვერ ვინატრებდით ასეთ ფონს და რეკლამას. იმიტომ რომ დღეს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოში გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავს და ის ხალხი, ვინც გარეთ სტვენს, არის ის ხალხი, ვინც ნიჩბით ყრიდა ბავშვებს ციხეში. ამიტომ ეს ფონი სიმბოლურია, მადლობა მათ ამ ფონისთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მან ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა სამართალდამცავთა დახმარებით დატოვა.

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 30-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც ესწრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენელთა მობილიზების გამო, შენობას პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავდა. მათ შორის დაპირისპირებაც მოხდა. პოლიციამ ტერიტორიას გაარიდა დეპუტატი გიორგი კანდელაკი და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა.

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციიდან ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ეროვნული ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც შეიტყვეს, რომ ბიბლიოთეკაში მიმდინარე ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ესწრებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG